Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი განაგრძობს ეკონომიკის დარგის ანალიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ახალი კანდიდატურის თაობაზე, რომელიც პრეზიდენტმა თებერვლამდე უნდა დაასახელოს. როგორც 17 ნოემბერს ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ექსპერტები საკუთარ კანდიდატურებს დეკემბრის დასაწყისში წარუდგენენ პრეზიდენტს, ხოლო გიორგი მარგველაშვილი საბოლოო გადაწყვეტილებას მათი რჩევების საფუძველზე მიიღებს. სწორედ პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატი შეცვლის ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძეს, რომელსაც წევრობის ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურება.

„ვფიქრობთ, იანვრის პირველ ნახევარში პრეზიდენტი დაასახელებს ბატონი ქადაგიძის ადგილმონაცვლის კანდიდატურას.

გიორგი აბაშიშვილი

გიორგი აბაშიშვილი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს პროფესიონალი ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით, ჰქონდეს ძალიან კარგი პრაქტიკული გამოცდილება, კარგად აცნობიერებდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და სიძლიერის მნიშვნელობას, იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და არ რჩებოდეს კითხვის ნიშნები პოლიტიკურ გავლენასთან მიმართებით“, - განაცხადა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა 17 ნოემბერს, ექსპერტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

„იწყება ეროვნული ბანკის ახალი საბჭოსა და ახალი ადმინისტრაციის შექმნის სერიოზული პროცესი, რომელიც ერთ წელში, 2016 წლის დეკემბრამდე, უნდა დასრულდეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკონომისტმა რომან გოცირიძემ, რომელიც სხვა ექსპერტებთან ერთად დაესწრო 17 ნოემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევად გამართულ შეხვედრას. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი მასპინძლობდა. როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს, გიორგი ქადაგიძეს, უფლებამოსილების ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურება და ის ტოვებს როგორც პრეზიდენტის, ასევე საბჭოს წევრის პოსტს, საბჭოს წევრობის ახალი კანდიდატურის წარდგენა კი, კანონით, სწორედ საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა.

„ჩვენ ვართ არაფორმალური საკონსულტაციო საბჭო და დროდადრო პრეზიდენტს ვეხმარებით ხოლმე ცალკეული კანდიდატურების შერჩევაში. ასე იყო მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოს ერთი წევრი ავირჩიეთ, ასევე ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ერთი წევრის შერჩევაში ვეხმარებოდით. ასე რომ, შეიძლება ვთქვათ, ეს არის, გარკვეულწილად, პროფესიული ფილტრი, რომელიც ყველა იმ ადამიანმა უნდა გაიაროს, რომელიც შესაძლოა დასახელებული იყოს ისეთ პოზიციებზე, რომლის წარდგენის უფლებაც აქვს პრეზიდენტს. ეს უფლება - კანდიდატურების წარდგენისა - ჩვენც გვაქვს. ზოგი იყენებს ამ უფლებას, ზოგი - არა. ამ საბჭოს ერთგვარ წნეხს ყველა წარდგენილი კანდიდატი გაივლის“.

ჩვენ დღეს ვერ ვიტყვით, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ვეძებთ. ვითარება შეიცვლება ერთი წლის შემდეგ, დეკემბერში, როდესაც საბჭოს ერთ წევრს და ორ ვიცე-პრეზიდენტს ამოეწურება ვადა და საჭირო იქნება სამი დამატებითი წევრის შეყვანა საბჭოში, რაც ადმინისტრაციის ცვლილებას ნიშნავს...

საბჭოს ახალი წევრის შერჩება არ ნიშნავს ავტომატურად ბანკის ახალი პრეზიდენტის დანიშვნას, გვიხსნის რომან გოცირიძე, რადგან, საქართველოს კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ირჩევს საბჭოს შვიდი წევრი და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც თავისი ხელმოწერით ამტკიცებს ამ გადაწყვეტილებას:

„ჩვენ დღეს ვერ ვიტყვით, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ვეძებთ. ვითარება შეიცვლება ერთი წლის შემდეგ, დეკემბერში, როდესაც საბჭოს ერთ წევრს და ორ ვიცე-პრეზიდენტს ამოეწურება ვადა და საჭირო იქნება სამი დამატებითი წევრის შეყვანა საბჭოში, რაც ადმინისტრაციის ცვლილებას ნიშნავს“.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და ვინ შეცვლის ქადაგიძეს? 17 ნოემბრის შეხვედრაზე, როგორც რომან გოცირიძემ გვითხრა, ქადაგიძის შემცვლელის კანდიდატურა არ დასახელებულა. ამ ეტაპზე რომან გოცირიძე გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს მოქმედი ეროვნული ბანკის საბჭოს რომელიმე წევრის კანდიდატურას მომავალ პრეზიდენტად მხარი დაუჭიროს, თუმცა ამბობს, რომ არავინ იცის, როგორი იქნება პოლიტიკურ ძალთა ბალანსი 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ეკონომისტი ლევან კალანდაძე რადიო თავისუფლებასთან ამ საკითხზე საუბრისას ვარაუდობს, რომ 2016 წლის დეკემბრამდე გიორგი ქადაგიძე შესაძლოა მისივე გუნდის წევრმა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა, შეცვალოს:

„მე ვუშვებ ამ ვერსიასაც, დროებით ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილება შეასრულოს მესტვირიშვილმა, თუ, ცხადია, პრეზიდენტმა არ დაასახელა განსაკუთრებული გავლენების და გამოცდილების და ცოდნის მქონე კანდიდატურა“.

თუ სამივე მხარე იქნება პრაგმატული და გარკვეული პოლიტიკური კონტექსტიც მოიხსნება, მაშინ ბანკის ახალ პრეზიდენტად შეიძლება ვიხილოთ სრულიად ახალი კანდიდატი, რომელიც დააბალანსებს როგორც მთავრობის და ეროვნული ბანკის ეკონომიკურ ინტერესებს, ისე, გარკვეულწილად, რეალიზებული იქნება პრეზიდენტის პოლიტიკური ინტერესიც...

იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს მეშვიდე წევრს, რომელსაც პრეზიდენტი უახლოეს თვეებში წარადგენს, პარლამენტი არ დაამტკიცებს, პრეზიდენტს ხელმეორედ მოუწევს ახალი კანდიდატურის მოძებნა, განმარტავს ეკონომისტი ლევან კალანდაძე. ბოლო წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსის რყევის ფონზე, კალანდაძე არ გამორიცხავს, რომ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის და, ზოგადად, გუნდის შერჩევის პროცესში, სწორედ იმისათვის, რომ 2016 წელს სტაბილურობა შენარჩუნდეს, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნული ბანკის გუნდს შორის გარკვეული შეთანხმებაც შედგეს:

„თუმცა, თუ ეს მოხდა, ამ პროცესში, ცხადია, აუცილებლად იქნება ჩართული საქართველოს პრეზიდენტი, რადგან რაც უნდა მოილაპარაკონ ეროვნული ბანკისა და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდებმა, წარსადგენი ახალი წევრი თუ მოიაზრება, რომ ის შეიძლება გახდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მარგველაშვილის გარეშე ვერ განხორციელდება. მოკლედ, ეს სამკუთხედი უნდა შეიკრას. თუ სამივე მხარე იქნება პრაგმატული და გარკვეული პოლიტიკური კონტექსტიც მოიხსნება, მაშინ ბანკის ახალ პრეზიდენტად შეიძლება ვიხილოთ სრულიად ახალი კანდიდატი, რომელიც დააბალანსებს როგორც მთავრობის და ეროვნული ბანკის ეკონომიკურ ინტერესებს, ისე, გარკვეულწილად, რეალიზებული იქნება პრეზიდენტის პოლიტიკური ინტერესიც“.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სფეროს ექსპერტები ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მათთვის მისაღებ კანდიდატურებს დეკემბრის დასაწყისში დაასახელებენ, პრეზიდენტი მარგველაშვილი კი თავის არჩევანს საზოგადოებას, სავარაუდოდ, იანვარში გააცნობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG