Accessibility links

logo-print

ტინა კეიდანაუ - ”ჩიკაგოს სამიტი და აშშ-ის პოლიტიკა”


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტინა კეიდანაუ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტინა კეიდანაუ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ტინა ეკეიდანაუ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტისა და ევროპისა და ევრაზიის ქვეკომიტეტის წინაშე წარდგა მოხსენებით ჩიკაგოს სამიტის შესახებ. დასაწყისში აღნიშნა, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში ნატოს სამიტი პირველად ჩატარდება აშშ-ში.

”უპირველეს ყოვლისა, ნატო კვლავაც ”მეხუთე მუხლის” - კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ერთგულია” - განაცხადა კეიდანაუმ და შემდეგ დაწვრილებით ილაპარაკა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ჩიკაგოს სამიტზე წარსადგენ სამ პრიორიტეტზე: ”ცენტრალური საკითხი იქნება ავღანეთში გარდაქმნის მორიგი ფაზის გამოცხადება და ავღანეთის ხალხის მიმართ ნატოს ერთგულების კიდევ ერთხელ დადასტურება”.

ავღანეთს კეიდანაუმ გამოსვლის დიდი ნაწილი მიუძღვნა. ჩიკაგოს სამიტზე თვით ავღანეთის საკითხზე აშშ-ს სამი გზავნილი ექნება: შეთანხმება უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო ძალების (ISAF) საბრძოლოდან ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების (ANSF) მხარდამჭერ ფუნქციაზე გადასვლა; შეთანხმება ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების (ANSF) შენარჩუნების მასშტაბსა და ღირებულებაზე 2014 წლის შემდეგ და მესამე - შეთანხმება ნატოს როლზე ავღანეთში 2014 წლის შემდეგ.

ნატო, მისი პარტნიორები და ავღანეთის მთავრობა ლისაბონის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ 2014 წლის ბოლოსთვის ავღანეთის მთავრობა აიღებს სრულ პაუსიხმგებლობას ქვეყანაში უსაფრთხოებაზე. ეს სტრატეგია, კეიდანაუს თქმით, განხორციელების გზაზეა, რამდენადაც ავღანეთის ძალები წამყვან როლს ასრულებენ ქვეყნის ნაწილში, სადაც მოსახლეობის 50% ცხოვრობს.

ნატოს მიზანია 2014 წლის შემდეგ ავღანეთის ძალების მხარდასაჭერად გამოიყოს ერთი მილიარდი ევრო, რაც არც თუ იოლი ამოცანა იქნება ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, თუმცა, წინასწარი მზადყოფნა ხარჯების დაფარვაში მონაწილეობისთვის უკვე გამოთქვეს ევროპის ქვეყნებმაც: დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლუქსემბურგმა.

თინა კეიდანაუმ მეორე პრიორიტეტად დაასახელა ნატოს მოდერნიზაცია. მისი თქმით, ახალ საფრთხეებს ახლებური მიდგომა სჭირდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჩიკაგოს სამიტზე განსახილველ მესამე პრიორიტეტად ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობა წარმოადგინა: ”ნატოს არაწევრი პარტნიორები გამოყოფენ შეიარაღებულ ძალებს, ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციას, მასპინძლობენ წვრთნებს და თავადაც წვრთნიან. ავღანეთში, მაგალითად, ნატოს წევრი 28 ქვეყნის მხარდამხარ ნატოს არაწევრი 22 ქვეყნის წარმომადგენლები მუშაობენ. ზოგიერთ პარტნიორს (ავსტრიას, ფინეთს, საქართველოს, იორდანიას, ახალ ზელანდიასა და შვედეთს) თავისი წვლილი შეაქვთ ნატოს წვრთნებში, რომ მოამზადონ თავიანთი ძალები ნატოს ოპერაციებში მონაწილეობისთვის. პარნტიორები (ავსტრალია, ფინეთი, იაპონია, კორეა, შვედეთი, შვეიცარია და არაბთა გაერთიანებული საამიროები) გამოყოფენ ფინანსურ დახმარებას ავღანეთის ეროვნული არმიის ფონდისთვის ან ავღანეთის მშვიდობისა და რეინტეგრაციის პროგრამისთვის. პარტნიორები მონაწილეობენ დისკუსიებში უსაფრთხოების საკითხებზე ტერორიზმთან ბრძოლიდან დაწყებული კიბერ-უსაფრთხოებამდე”.

რას უნდა მოელოდნენ პარტნიორები ნატოს ჩიკაგოს სამიტისგან? ტინა კეიდანაუს ასეთი პასუხი აქვს: ”ჩიკაგოში მოკავშირეები არ მიიღებენ გადაწყვეტილებას ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე, მაგრამ ისინი მკაფიო, პოზიტიურ მესიჯს გაუგზავნიან ასპირანტ ქვეყნებს მათი ნატოში გაწევრიანების მიზნის მხარდასაჭერად. აშშ მკაფიოდ აცხადებს, რომ ნატოს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის, რომლებიც ალიანსის სტანდარტებს მიაღწევენ. ბოსნია და ჰერცეგოვინა, მაკედონია, ჩერნოგორია და საქართველო - ყველანი მჭიდროდ თანამშრომლობენ ნატოს მოკავშირეებთან ნატოს კრიტერიუმების შესასრულებლად, რომ შეძლონ ალიანსში გაწევრიანება”. ამ განცხადების შემდეგ ტინა კეიდანაუმ ჩამოთვლილი პარტნიორების შესახებ ცალ-ცალკე ილაპარაკა.

საქართველოს შესახებ მან განაცხადა: ”საქართველოს რაც შეეხება, აშშ უსაფრთხოების ხელშეწყობითა და სამხედრო ჩართულობით მხარს უჭერს ამ ქვეყნის სამხედრო რეფორმას, ISAF-ის ოპერაციებში მონაწილეობისთვის წვრთნის და აღჭურვილობით უზრუნველყოფს ქართველ სამხედროებს, ამზადებს მათ ნატოსთან ერთად ოპერირებისთვის. იანვარში პრეზიდენტი ობამა და პრეზიდენტი სააკაშვილი შეთანხმდნენ ამ სფეროში თანამშრომლობის გაზრდაზე - საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციის, თავდაცვის რეფორმისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გასავითარებლად. აშშ-ის დახმარების პროგრამები უზრუნველყოფს საქართველოს დამატებით მხარდაჭერას მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარების მცდელობაში, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მნიშვნელოვანი ნაწილია და სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. უცვლელია აშშ-ის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ შეიცვლება ჩვენი არაღიარების პოლიტიკა სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის მიმართ”.

საქართველო კეიდანაუმ რუსეთთან ურთიერთობის ნაწილშიც ახსენა: ”საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ არის საკითხები, რომლებზეც ნატოს მოკავშირეებსა და რუსეთს განსხვავებული მიდგომები აქვთ. რუსეთი აკრიტიკებს ნატოს ოპერაციას ლიბიაში. ჩვენ აგრეთვე ძირეულად ვერ ვთანხმდებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე. 2008 წლის შემდეგ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, - განაცხადა ტინა კეიდანაუმ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას.

ზოგადად, რუსეთთან ურთიერთობას რაც შეეხება, კეიდანაუმ აღნიშნა, რომ წელს ნატო-რუსეთის ფუძემდებლური აქტის ხელმოწერიდან 15 წელი, ნატო-რუსეთის საბჭოს შექმნიდან კი 10 წელი სრულდება. 1997 წლის ფუძემდებლური აქტით ნატომ და რუსეთმა გამოხატეს ორმხრივი მზადყოფნა ურთიერთმტრობის დასრულებისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ. ამ აქტში ნათქვამია, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ დააზარალებს რუსეთის უსაფრთხოებას. კეიდანაუმ ილაპარაკა ნატო-რუსეთის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის კონტექსტში. რუსეთის გავლით ავღანეთში მხოლოდ აშშ-დან 42000 კონტეინერი ტვირთი გადაიზიდა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით, ნატო კვლავაც ცდილობს ითანამშრომლოს რუსეთთან ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხზე და აგრეთვე ხაზგასმით ამბობს: ”თანამშრომლობის მცდელობის პარალელურად, ჩვენ გულახდილად ვუცხადებთ რუსეთს, რომ გავაგრძელებთ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნასა და განლაგებას იმისდა მიუხედავად - რა სტატუსში იქნება ამ საკითხზე რუსეთთან თანამშრომლობა. მსურს მკაფიოდ განვაცხადო: ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის და არც რუსეთი - ნატოსთვის”.
XS
SM
MD
LG