Accessibility links

კახელები მასობრივად აშენებენ ახალ ვენახებს. მიზეზად ყურძენზე გაზრდილ მოთხოვნილებას და კარგ ფასს ასახელებენ. გაძვირდა ვენახის გასაყიდი ფასიც. ფერმერები სახელმწიფოსგან ერთგვარ გარანტიებს ითხოვენ.

თემურ გოჩიტაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში ცხოვრობს. მან 15 ჰექტარ ფართობზე რქაწითლის ჯიშის ვაზი გააშენა და სამ წელიწადში უკვე პირველ მოსავალს ელოდება. ამბობს, რომ ახალი ვენახის გაშენება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარმატებულად ჩატარებული რთვლის გამო გადაწყვიტა. თემურ გოჩიტაშვილი ახალ ვენახს მუშების დახმარებით უვლის და მათ შესრულებული სამუშაოს მიხედვით ხელფასს უხდის. თემურს ტელეფონით იმ დროს ვესაუბრეთ, როდესაც მუშებთან ერთად ნაკვეთს ადრეული ბალახისგან ასუფთავებდა.

„ჩემთან ყოველდღიურად დასაქმებულია 15-16 ადამიანი. დღესაც მუშაობენ, მარგლიან, ბალახია წამოსული. და ამ ყველაფერში სახელმწიფო უნდა გიწყობდეს ხელს“.

სიღნაღელი თემურ გოჩიტაშვილი გვეუბნება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კახეთის რეგიონში ვენახების გაშენება მასობრივად დაიწყო. ამბობს, რომ ამ ფაქტით მოხიბლულია, თუმცა იმასაც გვეუბნება, რომ სახელმწიფო ხელშეწყობის გარეშე მის შრომას ფასი არ ექნება. გოჩიტაშვილი მთავრობისგან ერთგვარ გარანტიებს ითხოვს, რომ მომავალში მოწეულ მოსავალს ჩააბარებს და, თანაც, კარგ ფასად, მაგალითად, ისე, როგორც გასულ წელს იყო:

„გლეხი მოსავალს, რომ მოიყვანს, იმის იმედიც უნდა ჰქონდეს, რომ აუცილებლად გაყიდის. ამის შემდეგ ის ხომ გახარებული იმუშავებს?! მე მახსოვს, უწინ როცა გლეხი მუშაობდა, ის სულ ღიღინებდა, დღეს კი იმას ფიქრობს, რომ მომყავს ეს მოსავალი, ნეტა გავყიდი?“

გარდა იმისა, რომ კახეთში ახალი ვენახების გაშენების ტენდენციაა, გლეხები გვეუბნებიან, გაძვირდა უკვე სრულყოფილი და მსხმოიმარე ვენახებიო. იქიდან გამომდინარე, რომ მფლობელი თავად წყვეტს რა ფასად გაყიდოს საკუთარი ვენახი, ზუსტი ფასის თქმა შეუძლებელია, თუმცა ერთი კვალი მოვლილი ვენახი დღეს 200-დან 300 ლარამდე ღირს.

გლეხი: „1990-იან წლებშიც და მის მერეც ერთი კვალი ვენახი 50 ლარი ღირდა, ახლა კი 200-300 ლარი მაინც უნდა. ეს იქიდან მომდინარეობს, რომ ყურძნის ფასი ძალიან გაიზარდა. აღარ გვახსოვს, ყურძნის ფასი 1 ლარი როდის იყო“.

იქნება თუ არა სახელმწიფო გარანტი, რომ გლეხი მოწეულ მოსავალს პრობლემების გარეშე ჩააბარებს და ფინანსურად კმაყოფილი დარჩება? - ეს კითხვა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს გიორგი სამანიშვილს დავუსვით. ის გვეუბნება, რომ სახელმწიფო პირობას ვერავის მისცემს, რომ კონკრეტულ პერიოდში ყურძენს კონკრეტულ ფასად ჩააბარებს, თუმცა ამბობს, რომ ხარისხიანი ყურძნის ჩაბარების პრობლემა აღარ იქნება:

„ყურძნის მომატებულმა რაოდენობამ შეიძლება ფასზე იმოქმედოს, თუმცა გაიზრდება კონკურენცია და ხარისხიანი ყურძენი ჩაუბარებელი არავის დარჩება. მევენახე ყოველთვის იხეირებს. მევენახეობა-მეღვინეობის დარგი წარმატებულია, თუმცა დღეს გარანტიებზე არავინ არ საუბრობს, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან ამაზე ლაპარაკი არ იქნება სწორი, თუმცა გეტყვით, რომ, როგორც წინა ლებში იყო, ყურძენს თავისი ადგილი მომავალშიც ექნება“.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მოპოვება ვერ შევძელით იმის შესახებ, თუ ბოლო ხანებში რა რაოდენიბის ფართობზე გაშენდა ახალი ვენახები, თუმცა კახეთის მუნიციპალიტეტებიდან შემდეგი ინფორმაცი მივიღეთ:2013-2014 წლებში ახმეტაში ახალი ვენახი 45 ჰექტარზე გაშენდა, გურჯაანში - 700 ჰექტარზე, დედოფლისწყაროში -60 ჰექტარზე, თელავში - 150-ზე, ლაგოდეხში - 50-ზე, საგარეჯოში - 250 ჰექტარზე, სიღნაღში - 306-ზე, ხოლო ყვარელში - 600-ზე. 2014 წელს კახეთში საფერავის გასაყიდი ფასი 1.50 ლარიდან 3.50 ლარამდე მერყეობდა, ყურძნის ხარისხისა და ზონის მიხედვით. რქაწითლის ჯიშის ყურძენი ღვინის ქარხნებმა 1 ლარად ჩაიბარეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG