Accessibility links

logo-print
საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღის გამოცხადების შემდეგ პოლიტიკური პარტიები დროის დიდ ნაწილს საარჩევნო კამპანიას უთმობენ. ძირითადად ოპოზიციური პარტიები საუბრობენ არათანაბარ პირობებსა და ზეწოლის კონკრეტულ მაგალითებზე. ზეწოლის ფაქტები, როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" თელავის შტაბში განაცხადეს, ყოველდღიურად ფიქსირდება. კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული ამბობს, რომ ზეწოლას მათ მიმართ მთავრობის თითქმის ყველა უწყება ახორციელებს:

"ამომრჩეველს არ ეძლევა თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება, ნაბიჯის გადადგმა, თავისი პოზიციის ღიად დაფიქსირება. არის უამრავი მუქარის ფაქტი. როდესაც იგეგმება ჩვენი გასვლა, დავუშვათ, რომელიმე სოფელში, ჩვენი აქტივისტების წამოსვლის შემდეგ იქ ჩნდება სოფლის ხელმძღვანელობა, იქ ჩნდებიან სხვადასხვა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. მოსახლეობას მუქარის, დაშინების გზით ეუბნებიან, რომ არ გამოვიდნენ ქუჩაში და ჩვენ არ შეგვხვდნენ."

საარჩევნო კამპანიის განხორციელება უკვე დაიწყო "ახალი მემარჯვენეების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლაგოდეხში ზურაბ ჯაფარიძემ. ამბობს, რომ უმრავლესობაში მოსვლის ილუზია არ აქვთ, თუმცა წინასწარ შეუძლია თქვას, რომ 7 პროცენტიან ბარიერს გადალახავენ:

"რა თქმა უნდა, ფანტაზიებში არ ვიჭრებით, უმრავლესობით მოსვლას არ ვგეგმავთ, მაგრამ ბარიერის გადალახვა ჩვენთვის პრობლემა არ უნდა იყოს. რა ეტაპზე ვართ, ახლა მოგახსენებთ! ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შევდივართ და ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს და გვექნება არჩევნებამდე ყოველდღიურად."
ნაციონალურმა მოძრაობამ’ გადაწყვიტა, რომ 7 და 8 აგვისტოს შეეწყვიტა თავისი საარჩევნო კამპანია 2 დღით ...

"ნაციონალური მოძრაობის" თელავის შტაბში დღეს საარჩევნო თემებზე კომენტარის გაკეთებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ 7-8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპულთა პატივსაცემად პარტიებმა ყველანაირი სახის საარჩევნო კამპანია შეაჩერეს და განცხადებას ამ თემაზე ვერ გააკეთებს:

"’ნაციონალურმა მოძრაობამ’ გადაწყვიტა, რომ 7 და 8 აგვისტოს შეეწყვიტა თავისი საარჩევნო კამპანია 2 დღით და ჩვენ ვთვლით, რომ უფრო მნიშვნელოვანია გადართულნი ვიყოთ სრულად იმ მნიშვნელოვანი დღეების აღნიშვნაში და იმ ადამიანების ოჯახების მხარდაჭერაში, ვინც თავი შესწირა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომს."

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტულ შემთხვევებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანები ხშირ შემთხვევაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან:

"ხშირად ხდება ასეთი შემთხვევები ბანკებში. მე შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითები: ლაგოდეხში ბანკი "კონსტანტადან" “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მხარდამჭერის გათავისუფლების შემთხვევა; გურჯაანში მოხდა "ლიბერთი ბანკიდან" გათავისუფლების შემთხვევა. საინტერესოა ასევე, რომ სამედიცინო სფეროში არაერთი ფაქტი დაფიქსირდა - მაგალითად, სასწრაფო დახმარების მძღოლის გათავისუფლების შემთხვევა ქალაქ გურჯაანში.“

„მიიღებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას“ - ამ თემაზე გამოკითხვა სიღნაღის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ჩავატარეთ. გამოკითხულთა უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. არიან ისეთები, ვისთვისაც ეს პროცესი ზეიმთან ასოცირდება:
არჩევნები ნამდვილად დიდი ზეიმია ჩვენთვის, ყველაფერს მოკლებული მოსახლეობისთვის. არასდროს არ გამომიტოვებია და ახლაც დიდი სიამაყით მივდივარ არჩევნებზე ...

"არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ გააჩნია ხმას ვის მივცემთ. ალბათ, იმას, ვინც კარგად მოგვემსახურება, დახმარებასაც გაგვიწევს და ადამიანის ცოდვა-მადლი ექნება."

"ჯერ გადაწყვეტილი არა მაქვს. არჩევნებზე მობრძანდით და ვისაც ხმას მივცემ, მაშინ გეტყვით."

"კი, მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ საიდუმლოდ დავტოვოთ."

"მეც ასევე, შვილო, ეგ საიდუმლოა, რად უნდა ვთქვა."

"არჩევნებზე რომ მივალ, იქ გადავწყვეტ, ჩემს ხმას ვის მივცემ."

"მე წასვლის თავი არ მაქვს არჩევნებზე, ყავარჯნებით დავდივარ. ადგილზე თუ მოვლენ და ხმას მიმაცემინებენ, კი ბატონო."

"არჩევნები ნამდვილად დიდი ზეიმია ჩვენთვის, ყველაფერს მოკლებული მოსახლეობისთვის. არასდროს არ გამომიტოვებია და ახლაც დიდი სიამაყით მივდივარ არჩევნებზე."

საქართველოში 3 621 256 ამომრჩეველია - საოლქო საარჩევნო კომისიების მიხედვით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
XS
SM
MD
LG