Accessibility links

დაბალხარისხიანი ყურძნის მიღებისგან ქარხნები თავს იკავებენ


კახეთში რქაწითლის ჯიშის ყურძნის კრეფა მასობრივად ჯერ არ დაწყებულა. მევენახეების თქმით, ისინი შაქრიანობის მომატებას ელოდებიან. პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ თავად ყურძნის ჩამბარებელი პუნქტები. ლაგოდეხში „ბაისუბნის ღვინის ქარხანა“ უკვე ორი დღეა გაჩერებულია. ამის მიზეზად ქარხნის ხელმძღვანელმა გიორგი რობიტაშვილმა სტიქიისგან დაზიანებული მოსავალი დაასახელა, რომლის მიღება და მასში თანხის გადახდა კერძო კომპანიას არ უღირს. რობიტაშვილის თქმით, ლაგოდეხში სტიქიამ ყურძენი იმდენად დააზიანა, რომ, თუ ჩაიბარა, მისგან ღვინის დამზადება გაუჭირდება, ამიტომ მოლაპარაკებებს სახელმწიფო კომპანიებთან აწარმოებს.

გიორგი რობიტაშვილი: „დაზიანებული ყურძენი ღვინისთვის გამოუსადეგარია. ჩვენ თვითონ გაურკვევლობაში ვართ, როგორ მოვიქცეთ. ქარხანა გაჩერებულია და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, იქნებ სახელმწიფოს წარმომადგენელი მოვიყვანოთ, რომ მოსავალი მან ჩაიბაროს.“

ღვინის ქარხნები წელს რქაწითლის და საფერავის ჯიშის ყურძენს, სუბსიდიის ჩათვლით, ერთ ლარად იბარებენ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ყურძენი ქარხნის მიერ დაწესებულ სტანდარტს აკმაყოფილებს. სწორედ დაბალხარისხიანი მოსავლის გამო გადაუხადა ველისციხის ქარხანამ კარდენახში მცხოვრებ მარტაშვილებს ერთ კილოგრამ საფერავში 50 თეთრი. მარტაშვილები ირწმუნებიან, რომ მათი ყურძენი საუკეთესო იყო და ისინი ქარხანამ მოატყუა. მოსახლეობის ნაწილს კი საერთოდ არ აქვს ინფორმაცია, თუ რამდენად ჩაიბარებენ ქარხნები თეთრ ყურძენს.
მოსავლის დიდი ნაწილი გაგვინადგურდა, შვილო, და რომელ ფასზე მეკითხებით? ალბათ, მომავალ წელსაც ასე ვიქნებით. ყურძნის ფასი ლარ-ნახევარი, ორი ლარი მაინც უნდა იყოს ...

ელენე მარტაშვილი: „კილოგრამში 50 თეთრი გაგვისწორეს. როდესაც ნაკლები მოსავალი მოდიოდა და ფასიც დაბალი იყო, მაშინ უფრო მეტს ვიღებდით ხოლმე. ასე რატომ გაგვწირეს?!“

როგორ მიმდინარეობს რთველი 2012 და გაქვთ თუ არა პრობლემები მოსავლის რეალიზებაში? - ამ კითხვებზე თელავის სოფლებში მევენახეების ნაწილი პასუხის გაცემას იქიდან იწყებს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე მოსულმა სტიქიამ ისინი მოსავლის გარეშე დატოვა. მევენახეები დაზიანებული ყურძნის ფასით უკმაყოფილოები არიან და ხელისუფლებას დროულ დახმარებას სთხოვენ.

მევენახე: „მოსავლის დიდი ნაწილი გაგვინადგურდა, შვილო, და რომელ ფასზე მეკითხებით? ალბათ, მომავალ წელსაც ასე ვიქნებით. ყურძნის ფასი ლარ-ნახევარი, ორი ლარი მაინც უნდა იყოს, რომ გლეხი კმაყოფილი დარჩეს.“
რთველი აქტიურ ფაზაში ამ დრომდე არ შესულა. მევენახეების განცხადებით, ამის მიზეზი უამინდობაც არის. მიუხედავად იმისა, რომ წელს ვენახების ნაწილი სტიქიურმა მოვლენებმა გაანადგურა, რთვლის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ ეს პროცესი პრობლემების გარეშე მიმდინარეობს.

შტაბის ხელმძღვანელი პაატა ჭავჭანიძე: „პრობლემები ჯერ არ არის. კახეთში მობილიზებულია 58 ღვინის ქარხანა. ყოველ კილოგრამზე სახელმწიფო დამატებით თანხას იხდის და, ჯამში, ორივე სახეობის ყურძნის ფასი ერთი ლარია.“

რთვლის დასრულებას კახეთში სექტემბრის ბოლოსთვის ვარაუდობენ. ჯამში, 100 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან.
XS
SM
MD
LG