Accessibility links

logo-print
კახეთში მიმდინარე წლის ივლისში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ხელახალი აღრიცხვა იწყება - ეს განცხადება რეგიონის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა, თუმცა მას არ დაუზუსტებია კონკრეტული დრო, როცა პროცესი დაიწყება. გუბერნატორი ამბობს, რომ, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, მიმდინარე წლის ზაფხულში დაზარალებულ მოსახლეობას ზარალი სრულად აუნაზღაურდება.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილს სურვილი აქვს და ამის შესახებ პარლამენტშიც განაცხადა, რომ უნდა მოხდეს ზარალის სრული აღრიცხვა. ამისათვის ჩვენ უნდა ვნახოთ დაზიანებების რა ნაწილია დარჩენილი კონკრეტულ სახლზე, სათონეზე, დამხმარე ნაგებობაზე და ა.შ. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ მოხდება ზარალის ანაზღაურება“.
მე ქუჩაში გავიგე, ხელახალი აღრიცხვა უნდა დაიწყოსო! განცხადება მაშინვე დავწერე! როდის დაკმაყოფილდება ჩემი მოთხოვნა, ეს ჯერ არ ვიცი ...

როდის დაიწყება დაზარალებული მოსახლეობის ხელახალი აღრიცხვა და დახმარების რა სახეობებს განიხილავს ხელისუფლება? - ამ კითხვებზე პასუხის მიღებას ელოდება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მცხოვრები ელიკო საღინაშვილი. ის ამბობს, რომ თავად მივიდა სოფლის საკრებულოში და განცხადება დაწერა. ელიკო საღინაშვილის თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულში მხოლოდ 10 შიფერი მისცეს. არაინფორმირებულობაზე ლაპარაკობს სოფელ აკურაში მცხოვრები მარინა ქევხიშილი.

ელიკო საღინაშვილი და მარინა ქევხიშვილი: „განცხადება მე თვითონ დავწერე. კურდღელაურში ვცხოვრობთ. გვითხრეს, დახმარებები უნდა დარიგდესო! პირველად რომ შეგვამოწმეს, მხოლოდ 10 შიფერი მომცეს“.

„მე ქუჩაში გავიგე, ხელახალი აღრიცხვა უნდა დაიწყოსო! განცხადება მაშინვე დავწერე! როდის დაკმაყოფილდება ჩემი მოთხოვნა, ეს ჯერ არ ვიცი. ისე, აქტიურად ლაპარაკობს ხალხი, დახმარება კიდევ იქნებაო!“

როდის დაიწყება ხელახალი აღრიცხვა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სტიქიით დაზარალებულ სოფელ ლელიანში, თუმცა იმედი აქვთ, რომ ზარალის შესაბამისი შეფასება მოხდება. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ნინო კაპანაძე ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, სპეციალური კომისია ხელახალ აღწერას, სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყებს.
პირველ რიგში მოხდება დაზიანებული სახურავების აღდგენა. შემდეგ იქნება, ალბათ, სახლების შემოწმება ...

„ახალი კომისია უნდა ჩამოვიდეს, რომელიც ძირფესვიანად შეისწავლის დაზარალების ხარისხს და ოდენობას. შემოწმება უბნების მიხედვით მოხდება და დაზარალებულებს ადგილზე გამოკითხავენ. ადგილობრივ თვითმმართველობაში არავის უთქვამს, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ეს სამუშაოები ნოემბრის ბოლოდან, დეკემბერში დაიწყება“.

კონკრეტული ვადები დაზარალებულთა ხელახალი აღწერის შესახებ უცნობია თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ზურაბ ყურაშვილისთვისაც, თუმცა ირწმუნება, რომ პირველი, რასაც ახალი მთავრობა გააკეთებს, დაზიანებული სახურავების აღდგენაა:

„პირველ რიგში მოხდება დაზიანებული სახურავების აღდგენა. შემდეგ იქნება, ალბათ, სახლების შემოწმება. როგორც ხელმძღვანელობამ გვითხრა, ვინც ზარალი მიიღო, ყველას აუნაზღაურდება“.

ის, თუ რამდენი მილიონი ლარით დაზარალდა 19 ივლისის სტიქიის შედეგად კახეთის რეგიონი, არ თქმულა. თუმცა ოფიციალური პირები სავარაუდო ციფრად 150 მილიონს ასახელებდნენ. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად თელავის, გურჯაანის და ლაგოდეხის მოსახლეობა დაზარალდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG