Accessibility links

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ამ დარგის განვითარების მილიარდიანი პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყო. პირველ ეტაპზე ბარათებს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები გლეხები მიიღებენ. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბარათები დარიგდება, კახეთში გლეხების უმრავლესობა დეტალების გარკვევას და უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას ცდილობს. ჩვენ მიერ გამოკითხულმა გლეხებმა პროგრამის შესახებ იციან, თუმცა არა აქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად როდის მიიღებენ ბარათებს:

„პატარა მიწა მაქვს, სულ 0,20 მეასედი. ახლა ამ ბარათებს ველოდები, რომ ნაკვეთი მოვხნა. შარშან 30 ლარიანი ვაუჩერი მომცეს, რომელიც მხოლოდ მოხვნისთვის მეყო. საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანე. ახლა ვიცი, რომ უფრო მეტს მომცემენ. სიები ვნახე და იქ ვწერივარ“.

„არაფერი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. დანამდვილებით არ გაგვიგია. თუ მოგვცეს, სოფლის მეურნეობისთვის გამოვიყენებთ“.

„თუ არ ვცდები, 300 ლარიანი ბარათები უნდა მოგვცენ, სხვა არაფერი გამიგია“.

მთავრობის ინიციატივას, დააფინანსოს საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება, გლეხების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად, თელავის რაიონის სოფელ შალაურში მცხოვრები გურამ ბიძინაშვილი ამბობს, რომ ის თანხა, რომელსაც ბარათის მეშვეობით მიიღებს, ერთი ჰექტარი მიწის დამუშავებისთვის საკმარისია:
ამჟამად ხდება მექანიზატორების გადამზადება. ისინი იმუშავებენ იმ ახალ ტექნიკაზე, რომელიც რაიონში უნდა შემოიყვანონ...

„ერთი ჰექტარის ხვნა, კულტივაცია და თესვა 300 ლარი ჯდება. ის თანხა, რაც ვაუჩერით უნდა დარიგდეს, დიდი შეღავათი იქნება გლეხობისთვის“.

ბარათების დარიგების შესახებ თუ უკვე ცნობილია, გამგეობებში ჯერ არ იციან, ახალ ტექნიკას როდის შემოიყვანენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რამაზ გოზალიშვილი ამბობს, რომ ახალი ტექნიკის შემოყვანა,სავარაუდოდ, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებამდე მოესწრება:

„ამჟამად ხდება მექანიზატორების გადამზადება. ისინი იმუშავებენ იმ ახალ ტექნიკაზე, რომელიც რაიონში უნდა შემოიყვანონ. ტრაქტორები სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში შევიძინეთ“.

სოფლის მეურნეობის სპეციალისტის თამაზ გოძიაშვილის შეფასებით, ახალი სამთავრობო პროგრამა კარგია, თუმც ის გრძელვადიან პერსპექტივაში გლეხს ვერ გააძლიერებს.

ჟურნალისტი: ბატონო თამაზ, ლაპარაკია, რომ 300 ლარიანი ბარათები დარიგდება. თქვენი შეფასებით, რამდენად შეღავათი იქნება ეს ბარათები გლეხებისთვის?

თამაზ გოძიაშვილი: „მე მიმაჩნია, რომ დიდი შეღავათია. შეიძლება პროგრამამ გლეხის გაძლიერებაზე არ იმოქმედოს, მაგრამ ის სულს მოითქვამს - სასუქს შეიძენს, მოხვნისთვის გადაიხდის. ოჯახი მშიერი აღარ იქნება“.

სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, გლეხებს ორი ტიპის ბარათები დაურიგდებათ. ერთი, რომელსაც ტრაქტორი ახატია, მიწის მოხვნისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო მეორე ბარათი ნედლეულისა და ინვენტარის შესაძენად იქნება გამიზნული და მისი დარიგება მარტიდან დაიწყება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ჯამში, სარგებელს 640 000-ზე მეტი ოჯახი მიიღებს.
XS
SM
MD
LG