Accessibility links

logo-print
ქართველი მეცხვარეები პრობლემების წინაშე დგანან. არასაკმარისი საძოვრები და მაღალი გადასახადები - ეს არის ძირითადი საკითხები, რომელთა მოგვარებასაც „მეცხვარეთა ასოციაცია“ ხელისუფლებისგან ითხოვს. ასოციაციის ხელმძღვანელის ბექა გონაშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ საქართველოში საძოვრების დიდი ნაწილი კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მეცხვარეებს საძოვრების დაქირავება ძვირი უჯდებათ. თუ 2006-2007 წელს ჰექტარი საძოვრის დაქირავება ერთი წლით 3 ლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 16 ლარიდან იწყება და, ზოგ შემთხვევაში, 50 ლარიც არის. ბექა გონაშვილი ამბობს, რომ ფასებს საძოვრების მფლობელები თავად ადგენენ:

„დღესაც არსებობენ მეცხვარეები, რომელთაც ჰყავთ ცხვარი, მაგრამ არ აქვთ საძოვარი. ამ ადამიანებს უწევთ საძოვრების ქირავნობა, რათა ცხვარი კვებონ. ერთი ჰექტარი საძოვრის ქირა მეცხვარეს 30-დან 50 ლარამდე უჯდება. არის დიდი კონკურენცია, თუ რომელი მეცხვარე დაასწრებს და იქირავებს ამა თუ იმ მიწის ნაკვეთს. ამის გამო კერძო მესაკუთრე, რომელიც მიწის გამქირავებელია, აღარ ფიქრობს სხვა რამეზე და როგორც თავად სურს, ისე არეგულირებს საძოვარის ფასს. საქართველოში ასეთ კერძო მესაკუთრეთა რიცხვი 70 პროცენტს აღწევს“.

მიმდინარე წელს კახეთში მეცხვარეთა საპროტესტო აქციები გაიმართა. ლაგოდეხელი მეცხვარეები აცხადებენ, რომ მათ პრობლემა აქვთ ზაფხულის საძოვრებთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ 2600 ჰექტარამდე მიწის ფართობი, რომელიც მთაში მდებარეობს, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს შეუერთდა, რის გამოც ცხვარი საძოვრის გარეშე დარჩა. ადგილობრივებმა პრობლემის მოგვარების თხოვნით რაიონის და ცენტრალურ ხელისუფლებასაც მიმართეს, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია:

„საძოვრები მქონდა მთაში, თუმცა მას შემდეგ, რაც ალპურ ზონად გამოცხადდა ის ადგილი, ჩვენ აღარ გვაქვს მისით სარგებლობის უფლება. 2 თვის განმავლობაში ამ საქმის გამო სად აღარ მომიწია მისვლა. ასეთი პასუხი გამცეს, ან ყველა წავა ან არავინო. ასე გამოჩნდა, რომ აზერბაიჯანელები გაუშვეს, ქართველების 3 ბინა დაცულ ტერიტორიაზე მოხვდა და დაგვტოვეს ცარიელები. ჩვენი პატრონი არავინაა“.

„ცალხელა კაცი ვარ და სხვა საქმის გაკეთება არ შემიძლია. ჯოხს ერთ ხელში ვიჭერ და ასე ვუძღვები ჩემს ცხვარს. გავყიდიდი ცხვარს, მაგრამ რითი ვარჩინო ოჯახი? დაგვიბარებენ ხოლმე, კარგი სიტყვით გამოგვისტუმრებენ და მეორე დღეს გადავალთ ჩვენს ადგილზე და ყურადღებას არ გვაქცევენ. ასეთ დღეში ვართ უკვე დიდი ხანია“.

გასულ კვირას თავიანთ პრობლემებზე სალაპარაკოდ „მეცხვარეთა ასოციაციამ“ პირველი ფართომასშტაბიანი შეხვედრა - კონფერენცია - გამართა. მას მეცხვარეებთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ამბობს, რომ მეცხვარეთა პრობლემები რეალურია და მთავრობა ამ საკითხებით დაინტერესდება. მისივე თქმით, თუ საძოვრების გარკვეული ნაწილი კერძო საკუთრებაშია და მეცხვარეები თვლიან, რომ მისი გასხვისება უკანონოდ მოხდა, ამ შემთხვევაში საქმით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

„თუ სადმე ითქმება, ივარაუდება, რომ ვინმემ დანაშაულებრივი გზით ჩაიგდო ხელში საერთო-სახალხო საკუთრება, - მიწა და ა. შ., - მე ვფიქრობ, რომ ჯობია დროულად მიმართოთ შესაბამის უწყებებს. ჩვენ კი ვეცდებით სხვა დანარჩენი შესაძლო მექანიზმები ავამუშაოთ საიმისოდ, რომ მეცხვარეობა საქართველოში განვითარდეს“, ამბობს გიგლა აგულაშვილი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

„მეცხვარეთა ასოციაცია“ ხელისუფლებისგან დახმარებას ელოდება, თუმცა ალტერნატიულ ვერსიებსაც განიხილავს. „მეცხვარეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი მდგომარეობიდან გამოსავალს ფერმერული მეორნეობის განვითარებაში ხედავს:

„ეს არის ინტენსიურ, ფერმერულ მეურნეობაზე გადასვლა. ფერმერული მეურნეობა გულისხმობს ერთ ადგილას გაჩერებული საქონლის შენახვას. საქონელი ამ დროს არის ბაკურ კვებაზე და ასეთი მეთოდით მეცხვარე იღებს უფრო მეტ პროდუქტს, თუნდაც რძის, მატყლის ან ხორცის სახით. „მეცხვარეთა ასოციაციაში“ ამბობენ, რომ პრობლემებით სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც დაინტერესდნენ და ამისთვის უწყებაში სპეციალური კომისია იქმნება.
XS
SM
MD
LG