Accessibility links

logo-print

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლქვის მოსახლეობა საძოვარს ითხოვს. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მიწა დაახლოებით ორი წლის წინ ფარულად გაიყიდა და მას შემდეგ სოფელში მსხვილფეხა საქონლის საბალახოდ ადგილი არა აქვთ. საძოვრის გარეშე დარჩენილი სოფელი თვითმმართველობას ალტერნატიული მიწის გამოყოფას სთხოვს. ოსურენოვან სოფელში არ იციან, კონკრეტულად ვინ შეიძინა სოფლის საძოვარი.

„სოფლის მიწა გაყიდეს, აღარ გვაქვს! ხან სად ვაბალახებთ და ხან სად. უკვე ორ წელზე მეტია, ასეთ დღეში ვართ. ახლა ვენახებში დაგვყავს საქონელი და მომავალში, ალბათ, სახლში გვეყოლება. სად წავიყვანთ?“

„ნახირში არ დადის საქონელი, სად ჰყავთ არ ვიცი. მე ერთი ძროხა მყავს და საძოვრის არქონის გამო სახლში მიბია“.

სოფელი ბოლქვი ეთნიკურად ოსი მოსახლეობითაა დასახლებული. სოფლის პრობლემას კარგად იცნობს სამხრეთ ოსეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი. დიმიტრი სანაკოევი ამბობს, რომ ლაგოდეხში მცხოვრებ ეთნიკურ ოსებს დღეს მხოლოდ ერთი კონკრეტული პრობლემა აქვთ - საძოვრის არარსებობა. სანაკოევი ადგილობრივ თვითმმართველობას საკითხით დაინტერესებას და შესაბამისი ზომების გატარებას სთხოვს:

„მე თბილისშიც ვმუშაობ ამ საკითხებზე და ვიცი, რომ ბევრს უნდა ცხინვალიდან უკან დაბრუნება, მაგრამ აქ ჯერ კიდევ დაულაგებელია ბევრი პრობლემა. მიწების საკითხზე მე გუბერნატორის მოადგილესაც ვესაუბრე, რომ მომავალი წლიდან მაინც მოგვარდეს ეს საკითხი“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა ლაგოდეხში თითქმის ყველა სოფელს აქვს. მისი თქმით, წლების განმავლობაში მოსახლეობის კუთვნილი მიწების გასხვისება მასობრივად ხდებოდა. გამგებელი ამბობს, რომ თვითმმართველობა ცდილობს მოსახლეობას დაეხმაროს და ალტერნატიული მიწები გადასცეს:

„მე ვიცი, რომ საძოვრების პრობლემა ბევრ სოფელს აქვს ლაგოდეხში. ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებულები ვართ, რომ სოფლის ინტერესები გავითვალისწინოთ. განვიხილავთ სოფელ ბოლქვის მოსახლეობის პრობლემას და თუ არის საშუალება რამე მიწა გამოვყოთ, აუცილებლად დავეხმარებით“.

გასხვისებული და მოსახლეობისთვის ჩამორთმეული მიწების დაბრუნებამდე ოჯახები, როგორც თავად ამბობენ, საკუთარ მსხვილფეხა საქონელს ყიდიან, რადგან მათი გამოკვება უჭირთ.

XS
SM
MD
LG