Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახეთში ალასანიას მხარდამჭერებმა ზურგი აქციეს


სიღნაღი
სიღნაღი

კახეთში "თავისუფალი დემოკრატების" წევრები პარტიის რიგებს ტოვებენ. გადაწყვეტილება უკვე მიიღეს დედოფლისწაროს, ყვარლისა და სიღნაღის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებმა. მათი თქმით, ისინი "თავისუფალ დემოკრატებს" გაემიჯნენ და უმრავლესობის რიგებში, კოალიციაში, რჩებიან. იოსებ ბეგიაშვილი მიზეზს განმარტავს, თუ რატომ დატოვა პარტიის სიღნაღის წარმომადგენლობა:

„ჩვენ ვუერთდებით კოალიცია „ქართულ ოცნებას“,იმ გუნდს, რომელთან ერთადაცმოვედით, და ვემიჯნებით „თავისუფალ დემოკრატებს“.სიღნაღში თავისუფალი დემოკრატების რიცხვი 200-მდეა. ისინიც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ დატოვონ პარტია“.

ალასანიას გუნდის რიგები არ დაუტოვებია ლაგოდეხის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სამწევრს. ისინი ამბობენ, რომ ჯერ ფიქრობენ. საკრებულოს თავმჯდომარის გოდერძი ბარბაქაძის თქმით კი, იმ შემთხვევაში, თუ ფრაქცია მმართველ გუნდს გამოეყოფა, კოალიცია საკრებულოში უმრავლესობას კვლავ 17 დეპუტატით შეინარჩუნებს, რაც არავითარ გავლენას არ მოახდენს ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაზე:

„საკრებულო შედგება 30 დეპუტატისგან. აქედან უმრავლესობაში არის 20 დეპუტატი. თუ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვებენ უმრავლესობას, მაშინ 17 დეპუტატი დარჩება და უმრავლესობა შენარჩუნდება. ჩვენ გვყავს კიდევ 2 დამოუკიდებელი დეპუტატი, რომლებიც ყოველთვის იღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას“.

"ქვეყანა სამთავრობო კრიზისის ზღვარზეა", - ამბობს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში. დავით ლოსაბერიძის აზრით, წევრები პარტია "თავისუფალ დემოკრატებს" ინდივიდუალური გადაწყვეტილებით ტოვებენ. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ალასანიას გუნდის გასვლა უმრავლესობიდან თვითმმართველ ორგანოზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს:

„ეს არის ჩვეულებრივი სამთავრობო-სახელისუფლებო კრიზისი, არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. რაც შეეხება გადასვლას, ვინ საით გადადის, ეს უკვე ინდივიდის გადასაწყვეტია. გადასვლა ერთი ჯგუფიდან მეორეში, დამარცხებულიდან გამარჯვებულში ახალი ამბავი არ არის ამ ქვეყნისთვის. საკრებულოებში ეს არანაირ საფრთხეს არ გამოიწვევს. კონსტიტუციური ვაკუუმი ამით არ შეიქმნება“.

კახეთში მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრის გადაყენება ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლას უკავშირდება, ნაწილი კი მმართველი გუნდიდან ალასანიასა და მისი გუნდის წასვლას მნიშვნელოვან პრობლემად არ აღიქვამს.

ხალხი:

„მე მიმაჩნია, რომ სწორად მოიქცა ალასანია. ამ მთავრობას რუსეთისკენ მივყავართ ძალიან კლასიკური სვლით“.

„საერთაშორისო გამოხმაურება არისამერიკიდან და ევროპიდან ძალიან ცუდი“.

„არაფერი არ შეიცვლება, რადგან არაფერს არ წარმოადგენენ, მით უმეტეს ლაგოდეხში, სადაც პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ 17-პარტიაგამოცვლილი ხალხი ჰყავს“.

კოალიცია "ქართული ოცნების" რიგებში პირველი და ყველაზე ხმაურიანი ცვლილება მმართველობის ორი წლისთავზე განხორციელდა. კიდევ უფრო მეტი ცვლილების მოლოდინია თვითმმართველობებში. თუ როგორ გადანაწილდება ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში ძალები, სავარაუდოდ, უახლოეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG