Accessibility links

logo-print

სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტი კახეთში - რა პრობლემები აქვთ მომხმარებლებს


თელავის ერთ-ერთი ქუჩა

თელავის ერთ-ერთი ქუჩა

არასათანადო სატრანსპორტო მომსახურება, გაუმართავი კონდიცირების სისტემა და დარღვეული გრაფიკი - ამ პრობლემებზე ჟურნალისტებს კახეთის ყველა ავტოსადგურში გვიყვებიან. პრობლემებზე არა მარტო მგზავრები, თავად მომსახურე პერსონალიც ლაპარაკობს. პრობლემები არა აქვს თელავის აეროპორტს, სადაც ცოტა ხნის წინ საქალაქთაშორისო ფრენები დაიწყო.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ეს არის პრობლემა, რომელიც კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში აწუხებთ. პირველ რიგში, პრობლემა რეგიონის მოსახლეობას ექმნება, შემდეგ კი ტურისტებს, რომლებიც რეგიონსწლის სხვადასხვა დროს სტუმრობენ. თელავი კახეთში ყველაზე დიდი რაიონია მოსახლეობის რიცხოვნობით. აქ არის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, უმაღლესი სასწავლებლები და თითქმის ყველა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის რეგიონალური ოფისი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ არ დადის. რესპონდენტები ამბობენ, რომ იძულებული არიან კერძო ტაქსის მომსახურებით ისარგებლონ:

„აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რამდენი ავადმყოფი ადამიანია, რომელსაც აფთიაქში წასვლის თავი არა აქვს?! ზოგს ფეხით უწევს სიარული, იმიტომ რომ ფულის გადახდის საშუალება არა აქვს“.

„არა ჰყავს ამ ქალაქს პატრონი და ამიტომ არ არის ტრანსპორტი“.

შედარებით უპრობლემოა კახეთის ნებისმიერი ქალაქიდან თბილისში გამგზავრება. დღის განმავლობაში თითოეული რაიონიდან დედაქალაქის მიმართეულებით 4-დან 6-მდე რეისი გადის, თუმცა ხარვეზებია მომსახურებაში: კონდიცირების სისტემა თითქმის არც ერთ მიკროავტობუსში არ მუშაობს.

„კონდიცირება არც „მარშრუტკაშია“ და არც ტაქსებში, დისკომფორტია ყოველთვის, როდესაც არ არის კონდიცირება“.

„გააჩნია „მარშრუტკას“ - ზოგში არის, ზოგში არ არის.უმრავლესობაში არ არის კონდიცირება“.

ავტოსადგურები მგზავრებს სათანადო მომსახურებას რომ ვერ სთავაზობენ, ამას აღიარებენ, თუმცა ამბობენ, რომ პრობლემას ვერ მოაგვარებენ, რადგან ცოტა მგზავრი ჰყავთ და, დამატებითი ხარჯების გაწევის შემთხვევაში, იზარალებენ. ლაგოდეხის ავტოსადგურის წარმომადგენელი დავით შუბითიძე გვეუბნება, რომ პრობლემას კერძო ტაქსები ქმნიან, რომელთა რაოდენობა დღითი დღე მატულობს, მათ კი მომხმარებელი აღარ ჰყავთ:

„10-12 მგზავრი ეყოლება თითო რეისს, მერე მოვთხოვთ კონდიცირებასაც და გათბობასაც, კომფორტსაც და ყველაფერს. როდესაც ერთი ადამიანი გყავს მგზავრი, მან რა კომფორტი უნდა მოითხოვოს?“

სახმელეთო სატრანსპორტო მომსახურებისგან განსხვავებით, პრობლემები არა აქვს თელავის აეროპორტ „მიმინოს“, საიდანაც წელს საქალაქთაშორისო ფრენები დაიწყო. აერპორტში 6 საფრენი აპარატი აქვთ. გარდა იმისა, რომ აქ ყოველდღე სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, მცირე ზომის თვითმფრინავები საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მსურველს მოემსახურება, თუმცა ეს არ არის რეგულარული ფრენები. აქ იმის მიხედვით შესრულდება რეისები, მომხმარებელი როგორ ეყოლებათ. გავარკვიეთ, რომ ერთი საათი ფრენა რიგით ადამიანებს თითქმის 600 ამერიკული დოლარი დაუჯდებათ.

„ერთი საათის ფრენის ღირებულება არის 599 $. ეს თანხა, კომფორტის გათვალისწინებით, ნამდვილად არ არის ძვირი. თუ ავიღებთ სხვა ქვეყანაში არსებულ იგივე სახის მომსახურებას, ნამდვილად არ გამოდის ძვირი“, - განაცხადა გიგა ინასარიძემ, საავიაციო უნივერსიტეტისა და აეროპორტის ხელმძღვანელმა.

თელავის აეროპორტს საქალაქთაშორისო ფრენები ახალი დაწყებული აქვს და ბევრი მომხმარებელი ჯერ არ ჰყავს. მომხმარებელთა სიმცირეს უჩივიან იმ სამარშრუტო ავტობუსების მძღოლებიც, ვინც უკვე ათეულობით წელია მუშაობს. თავად მომხმარებელი ამბობს, რომ ამის მიზეზი მომსახურების სათანადო პირობების უქონლობაა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG