Accessibility links

კახეთის რეგიონში ანალოგური მაუწყებლობა 25 აგვისტოდან გაითიშება და ამის შემდეგ ტელევიზორის ყურება მხოლოდ ციფრულ ფორმატში იქნება შესაძლებელი. რეგიონალური ტელევიზიები ახლა ტექნიკის გადაიარაღებას ახდენენ, რომ ახალი ტიპის მაუწყებლობა შეძლონ. რესპონდენტების გამოკითხვიდან კი ირკვევა, რომ ისინი სეტ-ტოპ-ბოქსების შეძენას არ ჩქარობენ.

კახეთის რეგიონში, საგარეჯოს გარდა, აბონენტებს წვდომა ციფრულ დაანალოგურმაუწყებლობაზე ერთდროულად აქვთ. ასე 25 აგვისტომდე იქნება, შემდეგ კი მხოლოდ ციფრული მაუწყებლობა დარჩება. რეგიონის მოსახლეობა ადგილობრივ არხებს ჯერ ვერ უყურებს. კახეთის ტელეკომპანიები "გურჯაანი" და "თანამგზავრი" ციფრულ მაუწყებლობაზე ახლა გადადიან.

როგორც ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორმა ენრი კობახიძემ განაცხადა, ტელევიზია ამ ფორმატზე სრულად რომ გადავიდეს, მათ, დაახლოებით, 150 ათასი ევრო სჭირდებათ და რადგან ეს თანხა ერთნაირად არ აქვთ, პროცესს ეტაპობრივად ახორციელებენ. კობახიძის თქმით, მათ გარკვეული აპარატურა უკვე შეიძინეს და ტექნიკის მონტაჟი მიმდინარეობს.სამუშაოები 15 აგვისტოსთვის დასრულდება:

„თითქმის იგივე არეალი რჩება მაუწყებლობისთვის, თუმცა ხარისხი იზრდება. ზოგადად, რეგიონულ მედიას შეგვიძლია კახეთი კი არა, თუ გინდა მთელი საქართველო დაფარე, ამას კანონმდებლობა აღარ ზღუდავს, მაგრამ ეს თანხებთანაა დაკავშირებული“.

ციფრულ მაუწყებლობაზე რომ გადავიდნენ, ამისთვის სპეციალური ტექნიკის მონტაჟი მიმდინარეობს ტელეკომპანია „გურჯაანშიც“, თუმცა ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ალექსიშვილი გვეუბნება, რომ ყველაზე მთავარი ის კი არ არის, როდის გადავლენ რეგიონალური ტელევიზიები ციფრულ მაუწყებლობაზე, არამედ ის, თუ რამდენად სწრაფად შეიძენენ აბონენტები მაუწყებლობის მიმღებ სეტ-ტოპ-ბოქსებს. ალექსიშვილის თქმით, ამ ბოქსების შეძენა კახეთში ნელი ტემპით მიმდინარეობს.აქვე ალექსიშვილი გვეუბნება, რომ ტელეკომპანიები ამ პროცესის დასრულების შემდეგ მეტ რეკლამას და, შესაბამისად, მეტ შემოსავალს ელოდებიან.

„ტელეკომპანია „გურჯაანის“ მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე მზად ვართ - ჩამოტანილი გვაქვს საუკეთესო აპარატურა. როდესაც გაითიშება ანალოგური მაუწყებლობა,„გურჯაანი“ იქნება ციფრულ მაუწყებლობაზე. მოქალაქეები რესივერში მოძებნიან და მიიღებენ ტელეკომპანია „გურჯაანს“.

ჩვენ მიერ ქუჩაში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ მაუწყებლობის მისაღები მოწყობილობები ჯერ არ შეუძენიათ, ნაწილი კი ეჭვობს, რომ ერთი წლის შემდეგ ასეთი მომსახურება ფასიანი გახდება:

„რაღაცას ვეჭვიანობთ! მგონია, რომ როდისმე ფასს მაინც გადაგვახდევინებენ. გვერჩივნა უფასო ტელევიზიები ყოფილიყო“.

„15 სეტ-ტოპ-ბოქსი გაფუჭებული იყო. მე კი არ შემხვდა, მაგრამ ხალხი ამბობს, რომ პულტი არ მუშაობსო“.

„ჯერჯერობით აჩვენებს და როცა პრობლემა შემექმნება, მერე დავაყენებ, აბა რას ვიზამ?“

როგორც ცნობილია, ციფრული მაუწყებლობის მისაღებად სეთ-თოფ- ბოქსებია საჭირო, რომლებიც ძირითადად ტექნიკის მსხვილ მაღაზიებში იყიდება. ეს მაღაზიები კი მხოლოდ რაიონულ ცენტრებშია განთავსებული. ყველაზე დაბალფასიანი ბოქსი 60 ლარამდე ღირს, თუმცა ზოგი სოფელი რაიონული ცენტრიდან 20-დან 40 კილომეტრამდე მანძილითაა დაშორებული და, შესაბამისად, ბოქსის ღირებულება იზრდება. სოციალურად დაუცველ ოჯახებს - მათ, ვისაც 70 ათასზე ნაკლები ქულა აქვს - სახელმწიფომ სიგნალის მიმღები ბოქსები უფასოდ გადასცა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG