Accessibility links

logo-print

კახელი გლეხები ერთდროულად რამდენიმე პრობლემის წინაშე დადგნენ. სარწყავი სისტემების არარსებობის გამო მოსავალი ხმება, ხოლო იქ, სადაც უწყლობის მიუხედავად, ერთწლიანი კულტურები მოიყვანეს, მათი რეალიზაცია „კარგ“ ფასად შეუძლებელია. გვალვის გამო კახეთის ქალაქებსა და სოფლებში სასმელი წყლის პრობლემაც შეიქმნა.

ძლიერმა სიცხემ კახეთში პრობლემები შექმნა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კახეთის ქალაქებში ჰაერის ტემპერატურა 38-დან 41 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. ამის გამო ადგილობრივები წელს შესაძლოა უმოსავლოდ დარჩნენ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დედოფლისწყაროში, შირაქის ველებზე. უწყლობისა და სარწყავი სისტემის არარსებობის გამო ასობით ჰექტარზე დათესილი სიმინდისა და მზესუმზირის დიდი ნაწილი გახმა:

„მზესუმზირას ივლისის თვეში წვიმა თუ არ მოუვიდა, მაშინ მოსავლის მოყვანა შეუძლებელია. წელს ასე მოხდა. დათესილი კულტურები გახმა“.

„ხარჯებსაც კი ვერ ვფარავთ. ჩვენკენ თუ ვინმე გამოიხედავს და სარწყავი სისტემების პრობლემას მოაგვარებს, კარგი იქნება. ჩვენ სხვა გამოსავალს უკვე ვეღარ ვხედავთ“.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ პრობლემას იცნობენ და კახეთის სამელიორაციო კომპანიასთან ერთად შესაბამის პროექტზე უკვე მუშაობენ.ზვიად მანდარიას განცხადებით, დედოფლისწყაროს რაიონში სარწყავი სისტემა ეტაპობრივად მოეწყობა:

„არსებობს 2015-2021 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მთავრობამ შექმნეს. დედოფლისწყაროში სარწყავი სისტემების მოწყობა სწორედ ამ გეგმის ნაწილია“.

წყლის მოტანა რომ გვინდა, ტაქსებს ვქირაობთ. ელემენტარული გვჭირდება: ჭურჭელი დავრეცხოთ და დავიბანოთ. ასეთი რამე შეიძლება, რომ 21-ე საუკუნეში წყალი არ გქონდეს? გამგებელი ჩვენ ავირჩიეთ და თუ პრობლემას არ მოაგვარებს, მას ისევ გადავაყენებთ!

გვალვამ მეტ-ნაკლებად მთელი კახეთი დააზარალა, თუმცა ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონებში, იქ, სადაც მიწები ირწყვება, საზამთროსა და ნესვის მოყვანა მაინც შეძლეს, თუმცა ახლა პრობლემა მოწეული მოსავლის რეალიზაციაა. 1 კგ საზამთროსსაბითუმო ფასი 10-დან 15 თეთრის ფარგლებში მერყეობს, თუმცა მყიდველი მაინც არ არის. ადგილობრივთა განცხადებით, ტონობით საზამთრო დაუკრეფავი ფუჭდება:

„ჩაწოლილია ათასობით ტონა საზამთრო და პატრონი არ გვყავს. ეს ხომ გაცუდდება და გადასაყრელი გახდება?! ერთი ჰექტარი საზამთროს ბაღი რომ მოიყვანო, 5 ათასი ლარი ჯდება. რა ვქნათ ახლა, რა გავაკეთოთ?! სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მოსავლის რეალიზაციაზე!"

კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის თქმით კი, "წელს კახელი გლეხის შრომა ისეა დაფასებული, როგორც არასდროს":

„ნურავის ნუ გაუკვირდება, თუ ერთეული ადამიანები, შეგნებულად თუ შეუგნებლად, პრეტენზიებს გამოთქვამენ. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ კახელი გლეხის მიერ მოყვანილი პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი ნებისმიერი მეზობლისთვის, ანუ კარი იყოს ღია“.

გვალვას და მოსავლის რეალიზაციის პრობლემებს ბოლო დღეებში სასმელი წყლის დეფიციტიც დაემატა. გურჯაანის გამგეობის შენობას სოფელ კარდენახის 100-მდე მცხოვრები მიადგა. დიდი ხმაური და სიტყვიერი შეხლა-შემოხლა იყო. სოფლელები სასმელ წყალს ითხოვდნენ:

„წყლის მოტანა რომ გვინდა, ტაქსებს ვქირაობთ. ელემენტარული გვჭირდება: ჭურჭელი დავრეცხოთ და დავიბანოთ. ასეთი რამე შეიძლება, რომ 21-ე საუკუნეში წყალი არ გქონდეს? გამგებელი ჩვენ ავირჩიეთ და თუ პრობლემას არ მოაგვარებს, მას ისევ გადავაყენებთ!“ - განაცხადეს გამგეობაში შეკრებილმა კარდენახელებმა.

მუნიციპალიტეტის გამგეობები საკუთარი ვებგვერდების საშუალებით მოსახლეობას აცნობებენ, რომ გვალვის გამო შემცირებულია წყლის დებეტი. აღსანიშნავია, რომ ამ მიზეზით პრობლემები კახეთში თითქმის ყოველ წელს იქმნება. დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან მოითხოვს სოფლებში წყლის დარიგება დაიწყონ, თუკი პრობლემას სხვაგვარად ვერ აგვარებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG