Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გაუქმდა


სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაუქმებას კახეთში ხალხიც და ხელისუფლებაც უარყოფითად აფასებს. მოსახლეობის ნაწილი შიშობს, რომ მათი ცხოვრება კიდევ უფრო გაუარესდება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ პროექტების ნაწილს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსებს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ 1 მილიონ ლარს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან მომავალ წელს ვეღარ მიიღებს. ისევე როგორც ადგილობრივებმა, თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმაც ახლახან გაიგეს, რომ პროგრამა გაუქმდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გაუქმდა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:28 0:00
გადმოწერა

ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტში ამ პროექტისთვის 50 მილიონი ლარი აღარ არის გათვალისწინებული. არადა, ადგილობრივები მომავალ წელს განსახორციელებელ პროექტებს უკვე გეგმავდნენ. იქნება თუ არა მნიშვნელოვანი დანაკლისი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაუქმება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის? გამგებელი კახა ჯამბურია გვეუბენა, რომ „კი, იქნება“, თუმცა ამბობს, რომ სოფლებში პრობლემების მოგვარება მომავლშიც გაგრძელდება და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტი დაიხარჯება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაუქმება მოულოდნელი აღმოჩნდა გურჯაანელებისთვისაც. ადგილზე ფიქრობენ, რომ ხალხს აღარავინ შეეკითხება, რა არის ნომერი პირველი პრობლემა, ეს კი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე უარყოფითად აისახება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი 8 წლის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდებოდა და თითოეულ სოფელს გარკვეული რაოდენობის თანხა ერიცხებოდა, პრობლემების დიდი ნაწილი მაინც მოუგვარებელია.

„სოფლის მხარადაჭერის პროგრამის გაუქმება არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის ჩართულობა აღარ იქნება“, - ამბობს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი. მისი თქმით, ხალხის ჩართულობას პროექტების შერჩევის პროცესში მომავალი წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფენ, პროექტებს კი სამინისტროს რეგიონალური ფონდი დააფინანსებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ფონდის დაფინანსება 2017 წელს უფრო ნაკლებია, ვიდრე მიმდინარე წელს იყო. სხვაობა 10 მილიონ ლარშია.

პროექტის გაუქმება არ მოსწონს არც ხალხს და არც ადგილობრივ მთავრობას, თუმცა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე კახეთში 2009 წლიდან დღემდე აქტიურად ლაპარაკობენ. სამუშაოები ზოგჯერ იმდენად უხარისხოდ იყო შესრულებული, რომ მოსახლეობამ სარგებელი ვერ ნახა. მაგალითად, ველისციხეში აშენებულ „ჰიგიენის სახლზე“, იმავე აბანოზე, 50 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა ობიექტს არც ერთი დღე არ უმუშავია.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG