Accessibility links

არასასურველი ფასისა და მცირე რიგების მიუხედავად, წელს კახეთში რთველმა პროტესტის გარეშე ჩაიარა. გლეხების უმეტესობამ მოსავალი ღვინის ქარხნებს ჩააბარა. ჯამში, კახეთის რეგიონში ჩაბარებული ყურძნის რაოდენობა 114 ათას ტონაზე მეტია.

კახეთში „რთველი 2016“ დასრულდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მევენახეებმა კახეთის რეგიონში ღვინის კომპანიებს 114 ათას 215 კილოგრამი ყურძენი ჩააბარეს. საფერავის ფასი, სახელმწიფო სუბსიდიის ჩათვლით, 1 ლარი, ხოლო რქაწითელი 80 თეთრი იყო. სწორედ ასეთი ფასი არ მოსწონდა გლეხების უმრავლესობას. მათ შორის არის გიორგი კევლიშვილი, რომელმაც 20 ტონამდე მოსავალი მიიღო. ნაწილი ქარხანას ჩააბარა, დანარჩენი კი სახლში დაწურა. მევენახე ჩაბარების პროცესის სიმარტივით კმაყოფილი დარჩა, თუმცა ყურძნის ფასით არა.

პროტესტი ქუჩაში არ გამოუთქვამს, მაგრამ ყურძნის ფასით უკმაყოფილო იყო მევენახე გელა ნანობაშვილიც. მან წელს 11 ტონა საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალი მიიღო. კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც კახელი მევენახეები საუბრობდნენ, იყო უხარისხო შხამქიმიკატები. თემურ ჩახვაშვილის თქმით, წელს ქიმიკატების ფასმა საგრძნობლად მოიმატა, ხარისხი კი არ გაუმჯობესდა.

მევენახეების ნაწილისთვის თუ ყურძნის ფასი არ მიყო მისაღები, წლევანდელი რთვლით მთავრობის მეთაური და სოფლის მეურნეობის მინისტრი კმაყოფილი დარჩნენ. უფრო მეტიც, მათ წლევანდელ რთველს წარმატებული უწოდეს. აი, რა განაცხადეს გიორგი კვირიკაშვილმა და ლევან დავითაშვილმა:

კახეთში ღვინის კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ მომავალ წელს უფრო მეტ მოსავალს მიიღებენ. მანამდე კი ღვინოებს საექსპორტოდ ამზადებენ. კომპანია „შუხმან ვაინის“ წარმომადგენლის, როლანდ ბურდიაშვილის თქმით, ღვინოების რეალიზაციას, დაახლოებით, 22 ქვეყანაში მოახდენენ.

სამომავლოდ, მთავრობა ყურძნის სუბსიდირებაზე უარის თქმას აპირებს. შესაძლოა, ეს 2017 წელსაც მოხდეს. მომავალი წლის ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პირვანდელ ვარიანტში ყურძნის სუბსიდირებისთვის თანხები გათვალისწინებული აღარ არის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG