Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახი კახიაშვილი - ძალოსანი


27 მაისი, კვირა
გაზაფხულის მიწურულია....

ამ ბოლო დროს საქართველოში ხშირად იცვლება ამინდი. დღეში რამდენჯერმე. ახლაც წვიმს. ზოგიერთ ადგილას სეტყვაც კი მოსულა. გააფუჭა მოსავლის ნაწილი და ვდარდობ.

დილის 10 საათია. საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის ოფისში მივდივარ. გზაში კი ვლადიმერ აფციაურზე ვფიქრობ. სულ რამდენიმე დღის წინ, ბოლო გზაზე გავაცილეთ ოლიმპიური ჩემპიონი ფარიკაობაში. დიდუბის ეკლესიაში უამრავი ხალხი იყო: ფართო საზოგადოება სპორტისა და კულტურის სფეროდან და, უბრალოდ ხალხი, ვისაც ეს ლეგენდარული სპორტსმენი უყვარდა.
ჩვენ საგანგებო გვირგვინი მივართვით და ასე გამოვემშვიდობეთ ჩვენს მეგობარს და დამსახურებულ სპორტსმენს. ნათელში იყოს მისი სული!

3 საათისთვის ბორჯომში გავემგზავრე, სადაც წვრთნას გადის საქართველოს ძალოსანთა ოლიმპიური ნაკრები. დღეს მათ ანტიდოპინგ-შემოწმება აქვთ. მე და საქართველოს ძალოსანთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი ასანიძეს, ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი მიგვყავს.

გზადაგზა ვათვალიერებთ საქართველოს მთებს და ველებს და ვმსჯელობთ ქართული სპორტის მიღწევებსა და პრობლემებზე. 5 საათისთვის ჩავდივართ ბორჯომში და მალე ანტიდოპინგ-კომისიის ტესტირებაც იწყება.

ტესტირება ორ საათს გაგრძელდა. მერე საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელთან ვანო გრიქუროვთან ვსაუბრობ ოლიმპიური გუნდის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ტექნიკურ მდგომარეობაზე. ამჯერად მძიმე ოლიმპიური შეკრება ჩატარდა ბორჯომში, გადაუღებელი წვიმები და ნესტიანი ამინდი ფსიქოლოგიურად უარყოფითად მოქმედებდა სპორტსმენებზე და მათი გამხნევება აუცილებელი იყო.

შეხვედრის შემდეგ დედაქალაქში ვბრუნდებით.

ინტერნეტში ვუყურე ქალაქ ქუთაისში 26 მაისისადმი მიძღვნილ აღლუმს. მოვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას.
მაგიდაზე გაშლილი მაქვს ჩემი გადაღებული ფოტოები. გუშინ ქართველ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაზე და სამხედრო შეიარაღების გამოფენაზე ვიყავი და ბლომად ფოტოებიც გადავიღე.

შემდეგ ისევ ინტერნეტს მივუბრუნდი - ვუყურებ ოპოზიციური პარტიის მიტინგს და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას...

28 მაისი, ორშაბათი
დილის 10 საათი იყო, რომ ოლიმპიელთა კლუბში მოვიდა კლუბის საპატიო წევრი და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი. ბევრი ვისაუბრეთ კლუბის გეგმებზე. გავატანეთ ოლიმპიური ჩემპიონისათვის, ვლადიმერ აფციაურისათვის განკუთვნილი წიგნები, რომლებიც მის ქვრივს გადაეცემა.

შუადღისას ელიავას ბაზრობაზე წავედი - სპორტის მუზეუმის მოსაწყობად საჭირო ნივთები უნდა შემეძინა. ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ორი ოთახი დაუთმო სპორტის მუზეუმს და ახლა უნივერსიტეტს საკუთარი სპორტული მუზეუმი ექნება. ეს ოთახები ოლიმპიელთა კლუბმა გაარემონტა. ჩვენი კლუბი ემსახურება ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის, სწორი კვებისა და სპორტის პოპულარიზაციას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი დიდი სპორტული მიღწევებისა და ტრადიციების მატარებელია.

14 საათზე შევხვდი „საღმრთო საქართველოს“ აკადემიის პრეზიდენტს, რონი გოგისვანიძეს. ეს აკადემია იკვლევს ატლანტიდის ცივილიზაციის კულტურულ ნაშთებს საქართველოში და რიგ ქვეყნებში. შევაჯამეთ დღემდე ჩატარებული კვლევითი სამუშაოები საქართველოსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში; ვიმსჯელეთ უახლოეს გეგმებზე.

საღამოს სოციალურ ქსელებს მივუბრუნდი. იქ რამდენიმე ჯგუფია შექმნილი ჩემს მიერ და თვალს ვადევნებ ხოლმე.

მერე თეატრში ვიყავი. დღეს ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის თეატრს ვეწვიე დავით აღმაშენებლის პროსპექტზე. „უჩინმაჩინის ქუდი“ დადგეს. მომეწონა. საინტერესო სტილში იყო დადგმული.

29 მაისი, სამშაბათი
დილას აღარ წვიმს მაგრამ ისევ ნაწვიმარია.

ოლიმპიური წელია, გუნდები ლონდონის ოლიმპიადისათვის ემზადებიან. უკვე 30 ლიცენზია მოვიპოვეთ. ახლა ვმუშაობთ ოლიმპიელების დაზღვევის დაკანონებაზე.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, გია ნაცვლიშვილთან შეხვედრაზეც ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ვისაუბრეთ, და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ოლიმპიელთა კლუბისა და კომიტეტის საერთო ღონისძიებების ჩატარება.
მერე საბერძნეთის საკონსულოში მქონდა ვიზიტი. შევხვდი კონსულს. ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებსა და საბერძნეთის ეკონომიკის კრიზისულ მდგომარეობაზე. მე საბერძნეთის მოქალაქეც ვარ და ამ ქვეყნის კრიზისი ჩემთვისაც მტკივნეულია.

საღამოს მეგობრებმა გამომიარეს და მანგლისში წავედით. მიყვარს მანგლისი - ბუნება, სუფთა ჰაერი, მეგობრები... კარგი საღამო გამოვიდა! ღამეც იქ დავრჩით. გასულ კვირასაც ამაღლების დღესასწაულს მანგლისში შევხვდი მეგობრებთან ერთად.

30 მაისი, ოთხშაბათი
დილით რომან რურუაზე გამოცემულ წიგნს ვკითხულობდი. ეს ერთ-ერთია იმ 33 წიგნიდან. რომლებიც გამოსცა და ერთად შეკრა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ. იდეაც და განხორციელებაც ასოციაციის პრეზიდენტს ელგუჯა ბერიშვილს ეკუთვნის. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. იმიტომ არ ვამბობ, რომ ამ 33-იდან ერთი წიგნი მეც მეძღვნება. ასეთი გამოცემა ძალიან საჭირო და დროული იყო. ჩვენი კლუბის წარმომადგენლები სკოლებში დავდივართ სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისათვის, ვაწყობთ სპორტულ ვიქტორინებს, და ახლა ამ კრებულსაც ვათამაშებთ. უხარიათ ბავშვებს, ასეთ პრიზს რომ იგებენ! წიგნების პრეზენტაცია გასულ კვირაში იყო და დიდი ინტერესი გამოიწვია.

ჩვენს კლუბში წავედი. რამდენიმე ორგანიზაციული საკითხი გვქონდა მოსაგვარებელი.

სახლში გვიან დავბრუნდი. კომპიუტერს მივუჯექი. სოციალური ქსელებიდან ვიღებ ინფორმაციას და ვესაუბრები მეგობრებს. მერე ჩავუჯექი სოციალური ქსელის ჯგუფს: Городу Цхинвали безоговорочный мир!!!

დილის ხუთ საათამდე, ანუ მთელი ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ ჯგუფში აზრების გაზიარება, პოლემიკა, ახსნა-განმარტება, არგუმენტირება და მეგობრული კავშირების დამყარება. ეს ჯგუფი 2008 წლის 18 ივლისს დაარსდა, 61 ათასამდე წევრი ჰყავს და დიდად სერიოზულ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში, რადგან მე ცხინვალელი ვარ და ჩემს ქალაქში მშვიდობა მწყურია.

დაძინებამდე მთვარეს ავხედე დილის ვარსკვლავიან ცაზე...

31 მაისი, ხუთშაბათი
დღეს რამდენიმე საათი დავუთმე ოლიმპიელთა კლუბის საორგანიზაციო საკითხებს: წიგნების ბეჭდვა, პლაკატების გამოშვება, მაისურების შერჩევა...
ივლისში ჩვენი კლუბი მორიგი აქციის ჩატარებას გეგმავს ყაზბეგში. ყაზბეგის მთიდან მითიური ამირანისა და პრომეთეს სიმბოლური ცეცხლის წამოღება გვაქვს დაგეგმილი.

1 ივნისი, პარასკევი
ჩავედი ზუგდიდში და დავესწარი საქართველოს ჩემპიონატს ძალოსნობაში.
ძალიან დამაკმაყოფილებელი შედეგები გვიჩვენეს ჩვენმა ბიჭებმა. სამივე სპორტსმენმა, რომელთაც ლონდონის ოლიმპიადისათვის ლიცენზიები აქვთ აღებული, პირადი რეკორდებით დაამთავრეს შეჯიბრი. ბორჯომში საუბრებსა და გამხნევებას, როგორც ჩანს, ამაოდ არ ჩაუვლია.

2 ივნისი, შაბათი
ახლა რადიო „თავისუფლების“ ოფისში ვიმყოფები და სულ ცოტა ხანში მივემგზავრები ბაქოში, სადაც ძალოსნობაში ევროპის ვეტერანთა ჩემპიონატი ტარდება. მე გუნდის ხელმძღვანელი ვარ.

ცოტა ქარია, მაგრამ კარგი, მზიანი დღეა.

ზაფხული დაიწყო...
XS
SM
MD
LG