Accessibility links

„ქამრების შემოჭერა“ თბილისში


დავით ნარმანია სხდომაზე თბილისის მერიაში

დავით ნარმანია სხდომაზე თბილისის მერიაში

დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ჯერ მხოლოდ მზადების პროცესშია, თუმცა თბილისის მთავრობის 25 მარტის სხდომამ „ქამრების შემოჭერის“ საკითხს გვერდი მაინც ვერ აუარა. თბილისის მერის თანახმად, ბიუჯეტის ხარჯების მოსალოდნელი შემცირების მიუხედავად, ცალკეული მუხლებიდან დაზოგილი თანხები, ეკონომიკის ზრდის წახალისების მიზნით, ინფრასტრუქტურის ხარჯებში გადავა. როგორ ახორციელებს „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკას თბილისის მერია?

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას თანახმად, 2015 წლის 6 მარტის შემდეგ, როდესაც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესახებ მთავრობის განკარგულება გამოიცა, დედაქალაქის ბიუჯეტს ჩაუტარდა რევიზია და გაკეთდა 1 800 000 ლარზე მეტი დანაზოგი, საიდანაც 300 000 ლარი უშუალოდ ადმინისტრაციული ხარჯებია, 1 553 000 ლარი კი საპრემიო ფონდის ხარჯები. თბილისის მერი ამბობს, რომ, ცვლილებების მიუხედავად, პრემიას ცალკეული გამორჩეული თანამშრომლები მაინც მიიღებენ:

“ცალკეულ შემთხვევებში, როცა გამორჩეული შედეგი გვექნება ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, იქნება გაცემული პრემია, მაგრამ ამას არ ექნება მასობრივი ხასიათი. თანამშრომლები მიიღებენ ჩვეულებრივ შრომის ანაზღაურებას და შრომის ანაზღაურებაზე დანამატს, როგორც ეს წესის მიხედვით არის დადგენილი“.

თბილისის მერიას, ფაქტობრივად, ამ საკითხზე არ უმუშავია. იმედს ვიქონიებთ, ისინი აგრძელებენ ამ საკითხზე მუშაობას და ვნახოთ, საკრებულოში რას შემოიტანენ. ფაქტია, რომ ისინი ჯერჯერობით ვერ ხვდებიან და ვერ იაზრებენ, რა სიტუაციაში არიან...

თბილისის მერს არ დაუზუსტებია, როდის დასრულდება 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე მუშაობა, თუმცა აღნიშნა, რომ „ქამრების შემოჭერა“ და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა თბილისის მერიაში ჯერ კიდევ 2014 წელს, ახალი გუნდის მისვლისთანავე, დაიწყო, როცა ბიუჯეტში ორჯერ - სექტემბერსა და დეკემბერში - განხორციელებული ცვლილებების ძალით, ადმინისტრაციული ხარჯები 1 300 000 ლარით შემცირდა.

„მერია ქამრებს საშუალო და ქვედა რგოლს უჭერს“ - ეს განცხადება კი ამ დღეებში დედაქალაქის საკრებულოში ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე გაკეთდა. ფრაქციის თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის თანახმად, თბილისის მერიის მიერ „ქამრების შემოჭერაზე“ გათვალისწინებული 1 800 000 ლარი არასაკმარისია, მაშინ როცა დედაქალაქის ბიუჯეტში ადმინისტრაციულ ხარჯებზე 90 მილიონი ლარია გამოყოფილი.

“1 800 000-ზე მეტი თუ ვერ ნახეს, რაზედაც „ქამრის შემოჭერაა“ შესაძლებელი, ეს ძალიან სამწუხაროა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა არასაჭირო ხარჯებზე, რომელზეც არაფერს საუბრობენ. მაგალითად, სადღაც 400 000 ლარამდე ხარჯავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის გასანათებლად. აბსოლუტურად არასაჭირო და გაუმართლებელი ხარჯია. ასე რომ, თბილისის მერიას, ფაქტობრივად, ამ საკითხზე არ უმუშავია. იმედს ვიქონიებთ, ისინი აგრძელებენ ამ საკითხზე მუშაობას და ვნახოთ, საკრებულოში რას შემოიტანენ. ფაქტია, რომ ისინი ჯერჯერობით ვერ ხვდებიან და ვერ იაზრებენ, რა სიტუაციაში არიან“.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკითხის დეტალურ განხილვას და საკრებულის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დავით ნარმანიას მისვლას ითხოვს, თუმცა მანამდე, ფაქტია, მერმა, ერთი მხრივ, უყურადღებოდ დატოვა მათი მოთხოვნა დასწრებოდა ამავე, „ქამრების შემოჭერის“, საკითხზე ფრაქციის სხდომას, მეორე მხრივ კი, 25 მარტს მთავრობის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცა თბილისის საკრებულოს წევრებს ირაკლი აბესაძესა და თემურ გრიგალაშვილს.

ალექსანდრე ელისაშვილი

ალექსანდრე ელისაშვილი

როდის შეიტანს მთავრობა 2015 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს საკრებულოში, არც დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილისთვისაა ცნობილი. მისი ვარაუდით, განხილვა ხმაურიანი იქნება, თუმცა საკრებულოს უმრავლესობა მერიის მიერ შეთავაზებული პროექტის დამტკიცებას შეძლებს. თავად ალექსანდრე ელისაშვილი კი ფიქრობს, რომ ადმინისტრაციული ხარჯების მინიმუმ 20 მილიონი ლარით შემცირება შეიძლებოდა:

“ძალიან დიდი იყო ადმინისტრაციული ხარჯი და ძალიან ცოტა იყო, მაგალითად, ავარიული შენობების გამაგრების ხარჯი. უნდა მოაკლონ ახლა ადმინისტრაციულ ხარჯს და გაიზარდოს ავარიული შენობების გამაგრების ბიუჯეტი. ეს რომ ასე მოხდებოდა და ასე იყო საჭირო, ამას ხომ არ უნდოდა ახლა დიდი მკვლევარობა და მეცნიერობა. შვიდ-ნახევარი მილიონი რომ გაქვს ავარიული შენობების გამაგრებაზე და ოთხმოცდაათი მილიონი ადმინისტრაციის შენახვაზე, ეს არის თავისთავად აბსურდი. ეს არის, როგორ გითხრათ, ვითომ „ქამრების შემოჭერის“პოლიტიკა. ეს არ არის სერიოზული ნაბიჯი“.

ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტის შემცირება შესაძლებელია თუნდაც მანქანების ხარჯების შემცირებით, თუმცა ჩინოვნიკებს კომფორტისა და პრივილეგიების დათმობა უჭირთ. შესაბამისად, მისთვის ბიუჯეტის 1 800 000 ლარით შემცირება მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრის ტოლფასია.

XS
SM
MD
LG