Accessibility links

„ქალაქის სახლის“ მორიგი სიცოცხლე


თბილისის საკრებულოს შენობა

თბილისის საკრებულოს შენობა

თბილისობის დღესასწაულზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა, რომელიც საფუძვლიანი რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის გამო დაკეტილი იყო მთელი ორი წლის განმავლობაში. მე-19 საუკუნის დასაწყისში აშენებული და რამდენჯერმე გადაკეთებული შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც მის გამაგრებას, რესტავრაციასა და განახლებას 22 მილიონი ლარი დასჭირდა. რეკონსტრუქციის შედეგად თუნუქის სახურავი ჩაანაცვლა შუშის ღია გადახურვამ შენობის იმ ნაწილში, რომელიც თავდაპირველად შიდა ეზოს ფუნქციას ასრულებდა. ასევე აღდგენილი იქნა რატუშის საათამდე მისასვლელი კიბეები, ხოლო გამაგრებითი სამუშაოების შესრულებისას გამოთავისუფლდა ძველი თბილისის შენობებისათვის დამახასიათებელი ღრმა და დიდი მოცულობის სარდაფი, რომელშიც წყლის უზარმაზარი რეზერვუარი იქნა აღმოჩენილი.

„თბილისის თვითმმართველობის შენობა მშვენიერ სანახაობას წარმოადგენდა - გირლიანდებით და ნოხებით მორთული, ელექტრონით საგანგებოდ გაჩირაღდნებული, გამვლელთა ყურადღებას იპყრობდა. შესასვლელ კარებთან საბჭოს დარბაზამდე იატაკი მოფენილი იყო ხალიჩებითა და მცენარეებით“, - წერდა ლამის 90 წლის წინ ჟურნალი „თბილისის ქალაქის საბჭოს მოამბე“. მსგავსი ვითარება იყო თბილისის თვითთმმართველობის განახლებულ შენობაში ამ ერთი კვირის წინაც, როცა, ორწლიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ისტორიული შენობა საზეიმო ვითარებაში გახსნა:

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. სასიხარულოა, რომ 2014 წლის თბილისობის საიუბილეო დღესასწაული იხსნება სწორედ საკრებულოს შენობაში, რომელიც, რესტავრაცია-განახლების შემდეგ, ერთ-ერთი ულამაზესი ნაგებობაა ჩვენს დედაქალაქში. მე-19 საუკუნის ამ შენობაში თავის დროზე დიმიტრი ყიფიანი უძღვებოდა სათათბიროს და ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ამ დიდი მოღვაწის გზის გაგრძელება“.

უმრავლესობაში იყვნენ სომეხი ხმოსნები, ხოლო ოპოზიცია იყო ქართულ-რუსული მთელი 13 წლის მანძილზე. და ამ ოპოზიციას ხელმძღვანელობდა ნიკო ნიკოლაძე, საკრებულოს ოთხგზის წევრი...

დიმიტრი ყიფიანის გარდა, ამ ისტორიულ შენობას ასევე ახსოვს ნიკო ნიკოლაძე, ილია ჭავჭავაძე, ვასილ ჩერქეზიშვილი, ალექსანდრე მატინოვი და სხვები, თუმცა, როგორც საკრებულოს წევრი, ისტორიკოსი ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, თბილისის ხმოსნებს შორის ყველაზე დიდი საქმეები გაკეთებული აქვს ნიკოლაძისა და მატინოვის ტანდემს მე-19 საუკუნის 80-იან წლებში:

„ასეთი ვითარება იყო: უმრავლესობაში იყვნენ სომეხი ხმოსნები, ხოლო ოპოზიცია იყო ქართულ-რუსული მთელი 13 წლის მანძილზე. და ამ ოპოზიციას ხელმძღვანელობდა ნიკო ნიკოლაძე, საკრებულოს ოთხგზის წევრი, რომელიც ფოთში უკვე კარგად ჩამოყალიბებულ ურბანისტად წავიდა. მატინოვისა და ნიკოლაძის ტანდემი - ეს იყო ყველაზე ბრწყინვალე პერიოდი თბილისის მმართველობისა და თივთმმართველობის ისტორიაში. იდეების გენერატორი იყო ნიკო ნიკოლაძე და ამ იდეათა აღმასრულებელი და განმახორციელებელი იყო ალექსანდრე მატინოვი. ბრწყინვალედ და შეთანხმებულად მუშაობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ოპოზიციის ლიდერი იყო და მეორე - ხელისუფლებისა“.

სწორედ ტფილისის ქალაქის თავის, ალექსანდრე მატინოვის ინიციატივით და არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის პროექტის მიხედვით ჩაუტარდა 1882-86 წლებში საკრებულოს დღევანდელ შენობას გეგმარებითი რეკონსტრუქცია, რომელიც მანამდე, თბილისის ცენტრალური არქივის დირექტორის მაკა კვარაცხელიას თქმით, არაფრით გამორჩეული „საქალაქო სახლი“ იყო. ცნობილია, რომ დღევანდელი საკრებულოს შენობის ადგილას მე-19 საუკუნის დასაწყისიდან პოლიცმაისტერის ორსართულიანი შენობა იდგა. საქმე ისაა, რომ 1840 წლამდე ქალაქს თვითმმართველობის ნაცვლად პოლიცმაისტერი მართავდა. 1840 წელს თბილისში შემოღებული ნაწილობრივი თვითმმართველობის შემდეგ შენობაში ერთდროულად განთავსებული იყო როგორც პოლიცმაისტერი, ასევე ქალაქის 6-კაციანი მმართველი გამგეობა. მოგვიანებით „საქალაქო სახლად“ წოდებულ ყოფილ პოლიცმაისტერის შენობას სახანძრო კოშკი - ქალანჩაც დააშენეს. მაკა კვარაცხელიას თქმით, თბილისის ცენტრალურ არქივში შემონახულია ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია შენობის ცვლილების მთელი დინამიკა:

თბილისის საკრებულოს დარბაზის ისტორიული ფოტო

თბილისის საკრებულოს დარბაზის ისტორიული ფოტო

​„ეს არის თბილისში 1864 წელს გადაღებული ზოგადი ხედი. სურათზე კარგად ჩანს სასულიერო სემინარია, ქარვასლა და ქალაქის პოლიცმაისტერის კანცელარია, რომელიც ქალაქის თვითმმართველობის შენობაში იყო განთავსებული. ამ ფოტოზე შენობა ჯერ ისევ ორსართულიანია და მხოლოდ 1881 წელს ალექსანდრე ოზეროვის პრეოქტით დაიწყეს შენობის რეკონსტრუქცია“.

შენობის რეკონსტრუქცია გაგრძელდა მთელი ექვსი წელი და 1886 წელს მიიღო ისეთი სახე, როგორიც ბევრ ცნობილ ფოტოზეა გამოსახული. აღნიშნული რეკონსტრუქციის შესახებ წერს აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე თავის ნაშრომში „თბილისის ხუროთმოძღვრება“, რომლის მიხედვითაც, შენობის გეგმარებით რეკონსტრუქციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდნენ ცნობილი არქიტექტორები ალექსანდრ ოზეროვი და პაულ შტერნი. ფრაგმენტი წიგნიდან:

ეს იყო კორნელი ტატიშჩევის პროექტით, როდესაც ახლანდელი ტაბიძის ქუჩის (მაშინდელი განის ქუჩის) მხრიდან დააშენდა მესამე სართული წინა ფასადს და მთლიანი სამსართულიანი ფლიგელი ქუჩის მხრიდან. ეს იყო 1910 წელს...

„ფასადი, როგორც ჩანს, შტერნისა მიუღიათ. ოზეროვის ფასადი წინანდელ ორსართულიან შენობას მხოლოდ ხსენებულ ფრთებს უმატებს და სამოსელს უცვლის. შტერნის ფასადი კი დიდად სცილდება უბრალო გადაკეთების ფარგლებს: აქ დამატებულია მესამე სართული და განაპირა ფრთები, შუა კოშკი სათანადოდ აწეულია ზევით და სახეც შეცვლილი აქვს. წინათ, როცა „საქალაქო სახლში“ პოლიცია იყო მოთავსებული, კოშკს წმინდა პრაქტიკული - სახანძრო - დანიშნულება ჰქონდა, ახლა მას საქალაქო რატუშების ტრადიციული ატრიბუტის როლი დაეკისრა და მის ძირში საათიც გაკეთდა. უფრო დამახასიათებელი და ნიშანდობლივი ისაა, რომ როგორც ერთ, ისე მეორე ვარიანტში ფასადს მაინცდამაინც კვლავ „მავრული“ სახე აქვს, მაშინ როდესაც წინანდელი სახლი მე-19 საუკუნის 40-იანი წლების არქიტექტურის ნორმებით იყო შესრულებული. ოფიციალური ნაგებობისათვის ამგვარი სახის მინიჭება ნათლად მოწმობს, რომ თბილისში ასეთი „ზოგადაღმოსავლური“ ეგზოტიკა შეგნებულად ინერგებოდა“.

თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა კიდევ ერთხელ გადაკეთდა, ამჯერად უკვე მე-20 საუკუნის ათიან წლებში. კვლავ მაკა კვარაცხელიას კომენტარი:

„ეს იყო კორნელი ტატიშჩევის პროექტით, როდესაც ახლანდელი ტაბიძის ქუჩის (მაშინდელი განის ქუჩის) მხრიდან დააშენდა მესამე სართული წინა ფასადს და მთლიანი სამსართულიანი ფლიგელი ქუჩის მხრიდან. ეს იყო 1910 წელს. შემდეგ, 1912 წელს, მსგავსი რეკონსტრუქცია განიცადა მეორე მხრიდან, მაშინდელი ველიამინოვის, ახლანდელი შალვა დადიანის, ქუჩის მხრიდან. სხვა კაპიტალური რეკონსტრუქცია შენობას აღარ განუცდია, თუ არ ჩავთვლით დღევანდელ დღეს“.

თბილისის საკრებულოს შენობის ისტორიული ფოტო

თბილისის საკრებულოს შენობის ისტორიული ფოტო

დღევანდელ დღეს, ანუ ბოლო რეკონსტრუქციიდან ზუსტად ასი წლის თავზე, საკრებულოს შენობა კვლავ ჩასვეს ხარაჩოებში. თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თემურ ხომერიკის თქმით, მძიმე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობა დაუყოვნებლივ დახმარებას ითხოვდა.

„შენობა იყო ამორტიზებული. მოგეხსენებათ, რომ კომუნისტების დროს, წლების განმავლობაში, ამ შენობაში იყო მერია და შენობას ჰქონდა მხოლოდ ბიუკროკრატიული სტილი. არ იყო გათვალისწინებული ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც შეჰფერის თანამედროვე ქალაქის მერიას - გნებავთ სტუმრების მიღება ავიღოთ, გნებავთ - მოქალაქეებთან ურთიერთობა და ა.შ. ჩამოყალიბდა კონცეფია, რომ იმ კონტურებში აღმდგარიყო შენობა, როგორიც იყო საუკუნის წინ. შენობაზე არსებული ყველა ჩუქურთმა, ყველა დეტალი და სიძველე იქნა შენარჩუნებული, ანუ იქ მუშაობდა რესტავრატორიც და მუშაობდა არქიტექტორიც“, უთხრა თემურ ხომერიკმა რადიო თავისუფლებას.

თბილისის საკრებულოს შენობის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა არქიტექტორ-რესტავრატორ იოსებ ნაგლაძის პროექტით, რომლის მიხედვითაც, შენარჩუნებული იქნა შენობის ხასიათი, რაც ყველაზე მკაფიოდ ფასადებზეა აღბეჭდილი.

გადახურული იყო დიდი ლითონის ფერმებით და თუნუქით იყო დახურული. გვერდიდან ჰქონდა მწირი განათება და საკმაოდ ბნელ სივრცეს წარმოადგენდა, რომელიც დამოკიდებული იყო ხელოვნურ განათებაზე. გადავწყვიტეთ გაგვეხსნა ეს სივრცე, თუმცა ფუნქციონალურად საჭიროა, რომ იყოს ჩაკეტილი...

„ყველაზე ღირებული, ალბათ, ამ შენობის ფსევდომავრიტანული სტილია. ამიტომ გამოვიყენეთ ძველი, შტერნის პროექტი, რომელსაც კონკურსამდე, ალბათ, ჩანახატების სახე ჰქონდა. ეს დეტალებია გამოყენებული შიდა ეზოს აივნების გადაწყვეტის დროს. ამ პრინციპით ვმოქმედებდით. ძველი სათათბირო დარბაზის ფასადიც რუსული კლასიკური ტიპის ფასადია და აღდგა თითქმის პირვანდელი სახით. რაც კვალი იყო შერჩენილი, გავიმეორეთ მაქსიმალურად დეტალები, კარნიზის პროფილები, ფანჯრების არშიები... ერთი სიტყვით, ყველა დეტალი, რაც შემორჩენილი იყო, მაქსიმალურად აღვადგინეთ“, უთხრა იოსებ ნაგლაძემ რადიო თავისუფლებას.

იოსებ ნაგლაძის თქმით, ყველაზე არსებითი ცვლილება განიცადა შენობის იმ ნაწილმა, რომელიც თავდაპირველად შიდა ეზო იყო და რომელიც მიგვიანებით თუნუქის სახურავით გადაიხურა. ამჯერად თუნუქი შეცვალა მინის მსუბუქმა კონსტრუქციამ, რომელიც ტექნიკური სირთულის გამო უნგრეთში დამზადდა და უნგრელმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს:

„გადახურული იყო დიდი ლითონის ფერმებით და თუნუქით იყო დახურული. გვერდიდან ჰქონდა მწირი განათება და საკმაოდ ბნელ სივრცეს წარმოადგენდა, რომელიც დამოკიდებული იყო ხელოვნურ განათებაზე. გადავწყვიტეთ გაგვეხსნა ეს სივრცე, თუმცა ფუნქციონალურად საჭიროა, რომ იყოს ჩაკეტილი, ისეა გაკეთებული გათბობის, კონდენსირების სისტემა, რომ სრულად გახსნა ამ სივრცის შეუძლებელია. ამიტომ გამოვიყენეთ მინის გადახურვა დიდ ფართობზე - 28მ X 17მ-ზე“.

თბილისის საკრებულოს შენობის სახურავი

თბილისის საკრებულოს შენობის სახურავი

იოსებ ნაგლაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა კოშკში ასასვლელმა კიბეებმა. რესტავრაცია შეეხო ასევე საქალაქო რატუშების ტრადიციულ ატრიბუტს - საათს.

„ამ კოშკში იყო ორი ძველი ხის დახვეული კიბე, რომლებიც კედლებშია ჩახვეული და ადიან თითქმის კოშკის საათამდე. ერთ-ერთი კიბე იყო მოჭრილი და მეორე სართულის დონეზე კიბე აღარ არსებობდა. ეს აღვადგინეთ და ამ კიბით შესაძლებელია საათთან მოხვედრა. საათიც აღვადგინეთ ადგილობრივი მესაათების დახმარებით. საათს დაზიანებული ჰქონდა გონგის ნაწილი. გავაკეთეთ მინის გამჭვირვალე სათავსო, რომლიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორ მუშაობს ეს მექანიკური საათი, რომელიც 1884 წელსაა დამზადებული გერმანიაში. ყოველ საათს გამოსცემს ხმას - „თბილისოს“ მელოდიას. მალე აღდგება გონგიც“, უთხრა იოსებ ნაგლაძემ რადიო თავისუფლებას.

რესტავრაციისას მინიმალური ცვლილებები განიცადა საკრებულოს ისტორიულმა „წითელმა დარბაზმა“, რომელშიც ავეჯიც კი ავთენტურია. საკრებულოს წევრი, ისტორიკოსი ალექსანდრე ელისაშვილი გვიჩვენებს დარბაზის 130 წლისწინანდელ ფოტოს, რომელზეც მკაფიოდ მოჩანს იმპერატორ ალექსანდრე მეორის ბიუსტი, შედგმული მცირე ზომის პედესტალზე:

თავიდან სახანძრო რეზერვუარი შენობის წინ იყო, ქუჩაში. შემდეგ, მოედანზე მოძრაობის ინტენსივობის გაზრდის გამო, ის შეიტანეს შენობის სარდაფში, რომელიც, უნდა გითხრათ, რომ უზარმაზარია, ისევე როგორც უზარმაზარია ძველი თბილისის სხვა შენობების სარდაფებიც...

„კარგი იქნება, თუკი ამ პედესტალზე დიმიტრი ყიფიანის ბიუსტს დავდგამთ. ამაზეც შეიძლება კონკურსის გამოცხადება. პედესტალი არის, ამ პედესტალს ისტორია აქვს, რომ მმართველთა ბიუსტები იდგა. 1886 წლის ფოტოა, ალექსანდრე მეორე ხუთი წლის მოკლულია, ვხედავთ მის ბიუსტს. კარგი იქნება, თუ ამ ადგილს შევასებთ სასიქადულო მოღვაწის ბიუსტით“.

ალექსანდრე ელისაშვილზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენობის უზარმაზარმა სარდაფმა და იქ აღმოჩენილმა არქეოლოგიურმა ღირსშესანიშნაობამ.

„გამოჩნდა სარდაფში წყლის უზარმაზარი რეზერვუარი, რომელმაც თავიდან ყველა დააბნია... ზოგს ქვევრი ეგონა, მაგრამ ქვევრი არაა... ესაა წყლის სახანძრო რეზერვუარი, გაკეთებული აგურისა და თიხისგან. თავიდან სახანძრო რეზერვუარი შენობის წინ იყო, ქუჩაში. შემდეგ, მოედანზე მოძრაობის ინტენსივობის გაზრდის გამო, ის შეიტანეს შენობის სარდაფში, რომელიც, უნდა გითხრათ, რომ უზარმაზარია, ისევე როგორც უზარმაზარია ძველი თბილისის სხვა შენობების სარდაფებიც. აშენებულია აგურის ქსოვის წესით დიდი რუდუნებითა და სიყვარულით. თან სარდაფს ერთი ბზარიც კი არ აქვს. ვფიქრობ, რომ სწორი იქნება, თუკი საკრებულო ამ სარდაფისა და რეზერვუარის გამოყენების კონცეფციაზე გამოაცხადებს კონკურსს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ალექსანდრე ელისაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობის რესტავრაცია-გამაგრება ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შენობისთვის პირველადი ფუნქციის შენარჩუნება, თბილისმა ხომ ისედაც ბევრი დაკარგა კულტურული მემკვიდრეობის განუწყვეტელი განადგურებითა და წაშლით.

XS
SM
MD
LG