Accessibility links

გიორგი კალანდაძესა და ბაჩო ახალიას ბრალი დაუმძიმდათ


გიორგი კალანდაძე

გიორგი კალანდაძე

მთავარ პროკურატურაში 5-საათიანი დაკითხვის შემდეგ გენშტაბის უფლებამოსილებაშეჩერებულ უფროსს გიორგი კალანდაძეს ბრალი დაუმძიმდა მის საქმეში გამოჩენილი ახალი ეპიზოდის გამო. ბრალი დაუმძიმდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასაც. ამასთან, თავისუფლების ინსტიტუტის წევრმა თეა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ ჩვენებების შეგროვება სამართალდამცავთა მხრიდან მოწმეებზე ზეწოლის გზით ხორციელდება.

5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა მთავარ პროკურატურაში გენშტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძის დაკითხვა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში ახალი ეპიზოდი გაჩნდა, თუმცა იმავე მუხლით, ანუ სისხლის სამართლის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას.

”ეს არის 2010 წლის 18 თებერვლის ეპიზოდი. გადმოგვცეს მასალები, რომლებსაც გავეცნობი. ბრალში რაც წერია, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. თურმე 19 ამბოხებული ჯარისკაცია, რომლებსაც მიუთითეს, რატომ არ ივარჯიშეთო და გიორგი კალანდაძეს აბრალებენ, რომ თურმე ავარჯიშა და ეს დანაშაულად ითვლება”, - განაცხადა გიორგი კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ.
ახლა ჩემი ერთადერთი ამოცანაა, რომ ვინმე დარტყმის ქვეშ არ მოვიყოლო... ვინმეს ცხოვრება რომ არ აირიოს ...

დღის მეორე ნახევარში მთავარ პროკურატურაში დაიბარეს ასევე თავდაცვის და შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძეც. პრუკურატურიდან გამოსვლის შემდეგ დეკანოიძემ განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას ბრალიც დამძიმდა - მის საქმეში გაჩნდა სისხლის სამართლის 144-ე, წამების მუხლი, ასევე გაჩნდა კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელშიც იკვეთება სისხლის სამართლის 143-ე მუხლის დარღვევა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ნიშნავს. დეკანოიძის სიტყვებით, ბრალდება ბაჩო ახალაიას თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდს უკავშირდება. ამასთან, თავად ბაჩო ახალაიამ, რომელიც გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” ინტერვიუ მისცა, სადაც ის მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს. ბაჩო ახალია ინტერვიუში ამბობს:

”ახლა ჩემი ერთადერთი ამოცანაა, რომ ვინმე დარტყმის ქვეშ არ მოვიყოლო... ვინმეს ცხოვრება რომ არ აირიოს. ვცდილობ სხვები არ გავრიო ასეთ შარში".

გენშტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ პრესკონფერეციაზე განაცხადა, რომ იკვეთება ტენდენცია იმისა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ ჩვენებები მოქალაქეებმა ზეწოლის შედეგად მისცენ. თეა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე მიიტანა ვინმე მანუჩარ დარასელიას ვიდეომიმართვის ჩანაწერიც, სადაც ის სააუბრობს იმის შესახებ, რომ ჩვენება, რომლის მიხედვთაც ბაჩო ახალაის ბრალი დაუმძიმდა, მან ზეწოლის შედეგად მისცა:

ბაჩო ახალაია (შუაში)

ბაჩო ახალაია (შუაში)

”ჩვენებაში ეწერა რაღაც ძალადობის შესახებ, რომელიც მე არ მსმენია და მითხრეს, ხელი მოაწერეო. მე უარი ვუთხარი, რის შემდეგაც ყვირილი დამიწყეს, დროზე მოაწერეო. პროკურორმა მითხრა, 7-იდან 10-წლამდე მოგელისო და აქედან ვერ გახვალო. ამ ფსიქოლოგიური ზეწოლის და მუქარის ქვეშ იძულებით მოვაწერე ხელი. იქ ასევე მითხრეს, რომ შენ რაიმე ”გრეხები” გეცოდინებაო ბაჩო ახალაიაზე და თუ გვეტყვიო, სამშვიდობოს გახვალო. აქედან გამომდინარე, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და სახალხო დამცველს ვთხოვ, დაიცვას ჩემი ოჯახის და ჩემი უსაფრთხოება”.

თეა თუთბერიძის თქმით, მანუჩარ დარასელიას ჩვენებას ემყარება ის ბრალდება, რომლის მიხედვითაც, ბაჩო ახალაიამ ზვიად აბესაძეს თითქოს თავისუფლება აღუკვეთა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გაასაჯაროვა მოწმეთა ჩვენებები. ერთ-ერთი ჩვენების მიხედვით, ბაჩო ახალაია და გიორგი კალანდაძე ფიგურირებენ ეპიზოდში, სადაც საუბარია ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე:

”მანუჩარ დარასელია არის ადამიანი, რომელსაც თითქოსდა ჩააბარეს ზვიად აბესაძე და თითქოსდა ის იქ, სადაც ზვიად აბესაძეს აღუკვეთეს თავისუფლება, იქ იმყოფებოდა, რომელიც საუბრობს პროკურორ ხარებავას და პოლიციის სხვა თანამშრომლების და გამომძიებლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე, რომელი ზეწოლის ქვეშაც მან ხელი მოაწერა იმ ჩვენებას, რომელი ჩვენებაც მას წინ დაუდეს და რომელ ჩვენებასაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს”.
ჩვენ არავის არ ვაიძულებთ და არც მივმართავთ მაინცდამაინც განაცხადონ დარღვევების შესახებ. ისინი თავად, ნებაყოფლობით მოდიან და საუბრობენ ამის შესახებ ...

ამასთან, თეა თუთბერიძის თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ბრიგადა "ერთ დიდ საგამოძიებო ბრიგადად გადაიქცა". ჯარისკაცები მასობრივად მიჰყავთ ორგანიზაციაში " სამართალი და თავისუფლება", იქ კი ხდება ზეწოლა სასურველი ჩვენების მისაღებად. გეტყვით, რომ ორგანიზაციის აქტიური წევრები იყვნენ პოლიტიკაში წასვლამდე ირაკლი სესიაშვილი, დღეს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, და მთავრობის საპარალამენტო მდივანი შალვა თადუმაძე. თუმცა, როგორც ორგანიზაცია ”სამართალი და თავისუფლების” ამჟამინდელი თავმჯდომარე ნინო თურმანიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მათ ორგანიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ამასთან, თეა თუთბერიძის ბრალდებას ის ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ ორგანიზაციას თავისი 13-წლიანი არსებობის განმავლობაში თავდაცვის უწყების თანამშრომლებსა და სამხედროებთან მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს, სამხედროები ორგანიზაციას 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც აქტიურად მიმართავენ იურიდიული და სხვა სახის კონსულტაციისთვის.

”ჩვენ არავის არ ვაიძულებთ და არც მივმართავთ მაინცდამაინც განაცხადონ დარღვევების შესახებ. ისინი თავად, ნებაყოფლობით მოდიან და საუბრობენ ამის შესახებ. მე მეტსაც გეტყვით, - იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ორგანიზაცია უსაფრთხოების სექტორში მომუშავე თუნდაც ყოფილ ან დღეს დასაქმებულ სამხედრო მოსამსახურეებს იცავს, დაკავებულ მაღალჩინოსნებსაც შეუძლიათ ან მათ ახლობლებს მოგვმართონ. ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს და სამართლებრივ ფარგლებში დავეხმარებით დიდი სიამოვნებით მათაც”, - ამბობს ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლების” თავმჯდომარე ნინო თურმანიძე.

აქვე გეტყვით, რომ ბაჩო ახალაია, მისი ადვოკატების განცხადებით, ბრალს არ აღიარებს და აღკვეთის ღონისძიების, ანუ 2 თვიანი წინსწარი პატიმრობის, თავდებით გათავისუფლების ან გირაოთი შეცვლის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. მან დადებითად შეაფასა საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის ფაქტი, თუმცა იქვე დასძინა, რომ სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოს ახალი მთავრობის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით. პრაღაში მიმდინარე ნატოს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას რასმუსენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ყოველი ღონე იხმაროს, რომ არ მოხდეს სასამართლო პროცესებში პოლიტიკური ჩარევა. „უაღრესად შეშფოთებული ვარ არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესებით - უწინარეს ყოვლისა, საქართველოში ახლახან პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით“, განაცხადა რასმუსენმა.
მთავარი პროკურატურა კი ბრიფინგს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა საქმესთან დაავშირებით 13 ნოემბერს გეგმავს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG