Accessibility links

logo-print
გერმანიაში - ბადენ-ვიურტემბერგში - გამომავალი გაზეთი „შტუტგარტერ ნახრიხტენი“ მებაჟეების მიერ „სმარტფონების“, „სამსუნგ გალაქსის“ ბოლო, „ეს-4“ ვერსიის ყალბი აპარატების მიკვლევაზე და მათ განადგურებაზე იტყობინებოდა. ჩვენი რედაქციის ყურადღება მიიქცია ინფორმაციამ, რომ 150 ათასი ევროს ღირებულების ტვირთი, რომელიც მოდიოდა ჰონკონგიდან, საქართველოში უნდა გაგზავნილიყო.

ლაპარაკია 250 ცალ „სამსუნგ გალაქსი ეს-4-ზე“, რომელთა ორიგინალის ფასი, სულ, 150 ათასი ევრო იქნებოდა, მაგრამ საქონელი ყალბი აღმოჩნდა. მებაჟეებმა სიფხიზლე გამოიჩინეს და ეჭვი მიიტანეს ჰონკონგიდან საჰაერო გზით შტუტგარტის აეროპორტში ჩატანილ გზავნილზე, რომელსაც საქართველოსკენ უნდა გაეგრძელებინა გზა, უკვე სახმელეთო საშუალებით. ამ ფაქტმა, რომ უცნაური იყო შემოვლითი გზით საქართველოში ტვირთის გაგზავნა, და კიდევ იმან, რომ ტვირთის დეკლარაციაში შეტანილი იყო 2000 დოლარის საფასურის მხოლოდ კაბელები, ეჭვი აღუძრა მებაჟეებს. მათ გახსნეს ყუთები და კაბელების ნაცვლად ნახეს „სმარტფონები“. ჩვენ შტუტგარტის აეროპორტის მთავარ საბაჟო სამსახურს დავუკავშირდით, რომლის პრესმდივანმა, თომას ზეემანმა, საქმის ვითარება განგვიმარტა:

„ტვირთი, შტუტგარტის გავლით, საქართველოში უნდა გაგზავნილიყო. ტვირთის შემოწმებისას, იმ ეჭვის საფუძველზე, ყალბი ხომ არ იყო „სმარტფონები“, ჩემმა კოლეგებმა ნიმუში გაუგზავნეს „სამსუნგს“. „სამსუნგმა“ ოფიციალურად დაგვიდასტურა, რომ საქმე გვქონდა ყალბ საქონელთან. ამიტომ 250 ცალი მობილური ტელეფონი, რომელთა საერთო ღირებულება, ორიგინალური საქონლის შემთხვევაში, 150 ათასი ევრო იქნებოდა, მოისპო და განადგურდა“.

რა ამტკიცებს, რომ საქონელი საქართველოში უნდა გაგზავნილიყო? - ვკითხეთ თომას ზეემანს, რომელიც აღიარებს, რომ არ არის აუცილებელი, საქონელი, მართლაც, საბუთებში მითითებულ ქვეყანაში ჩაეტანათ:

„საწარმომ, რომელმაც საქონელი შტუტგარტში გამოგზავნა, სატრანსპორტო ფირმას შეუკვეთა ტვირთის საქართველოში წაღება. ამ ეტაპზე ვიძიებთ იმას, მართლაც საქართველოში უნდა ჩაეტანათ საქონელი, თუ, ასე ვთქვათ, აქ, ევროპის ბაზარზე, ფარულად უნდა გაესაღებინათ. ასე რომ, ჯერ არ არის დასაბუთებული, რომ ტვირთი, მართლაც, საქართველოში მიდიოდა“.

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოში შემოსავლების სამსახურს, რომელიც საბაჟო სფეროს მოიცავს, და შტუტგარტში ყალბი “სმარტფონების“ მიკვლევის თაობაზე კომენტარი ვთხოვეთ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს ხატია მოისწრაფიშვილს. მისი თქმით, ინფორმაცია ამ ფაქტზე უწყებას არა აქვს და თუ შტუტგარტში ხდება დარღვევა, ეს საქართველოს საბაჟო უწყების კომპეტენციას სცილდება. რადგან ფაქტი გერმანიაში მოხდა, მისი შეფასება იმ ქვეყნის კანონმდებლობის საქმეა. ხატია მოისწრაფიშვილის თანახმად, ისიც გამოსაკვლევია, საქართველო იყო თუ არა დეკლარაციაში მიმითებული და ესეც, ცხადია, გერმანიის კანონის მიხედვით, იქ უნდა გაირკვეს.

შტუტგარტის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა ისიც განგვიმარტა, რომ ახლა საბაჟოს სამსახურის საგამოძიებო განყოფილება, რომელიც თვალყურს ადევნებს მსგავსი მარშრუტით მოძრავ ტვირთებს, იკვლევს, არსებობს ქსელი, რომელიც ეწევა ყალბი, ულიცენზიო საქონლით ვაჭრობას, თუ ეს მხოლოდ ცალკეული შემთხვევაა. რა დასკვნამდეც უნდა მივიდნენ შტუტგარტელი მებაჟეები ამ კონკრეტული გზავნილის თაობაზე, ყველამ იცის, რომ არალიცენზირებული საქონელი ლამის ყველა სფეროშია.

შტუტგარტის აეროპორტში მიკვლეული 250-ვე ცალი „სმარტფონი“ გაანადგურეს (ასეთი იყო „სამსუნგის“ სურვილი). რას ნიშნავს განადგურება? - ვკითხეთ შტუტგარტელ მებაჟეს. აი, რა გვითხრა თომას ზეემანმა:

„საქონელს ვანადგურებთ ხოლმე ამ პროდუქტზე სამართლებრივი უფლების მქონის - ამ შემთხვევაში, „სამსუნგის“ - დაკვეთით. ვირჩევთ განადგურების მარტივ, იაფ საშუალებას. 250 „სმარტფონის“ გასანადგურებლად ჩაქუჩი ვიხმარეთ. როცა საქმე გაყალბებულ მაჯის საათებს ეხება, ასფალტის სატკეპნს ვიყენებთ. შარშან საბაჟოს ხელში ჩაუვარდა უკანონოდ შეკერილი სპორტული ფეხსაცმლით სავსე ორი საზღვაო კონტეინერი. მათ, ცხადია, ხელით ვერ გავანადგურებდით. ამიტომ ფეხსაცმელი ჯერ დავაქუცმაცეთ, შემდეგ კი დავწვით“.

შტუტგარტის აეროპორის საბაჟოს წარმომადგენელს ვკითხეთ, ხომ არ აჯობებდა, საქონლის, თუნდაც გაყალბებულის, უფრო გონივრულად გამოყენება - ვთქვათ, იმათთვის გადაცემა, ვისაც ხელი არ მიუწვდება ფეხსაცმელზე.

„საქმე ისაა, რომ საქონელზე ყველა უფლება ეკუთვნის ბრენდის მფლობელ კომპანიას. შეუძლებელია ვინმემ გადაწყვიტოს, მოდი, სპორტული ფეხსაცმელი სოციალურად დაუცველ პირებს გადავცეთ საჩუქრადო. ამიტომ ბოლო საფეხური ამ საქონლის განადგურებაა“, - გვითხრა გერმანიის ქალაქ შტუტგარტის აეროპორტის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა თომას ზეემანმა, რომელმაც საუბრის ბოლოს აგვიხსნა, რომ ახლა ეს შემთხვევა ევროპის საერთო სისტემაშია შენახული და მომავალში, თუ რომელიმე ტვირთის საბუთებში მსგავსი კომბინაცია ან სხვა, როგორც მებაჟეები ამბობენ, სარისკო პარამეტრები გამოჩნდა, - მაგალითად, იაფად კაბელები, - მაშინ ასეთ ტვირთს ყურადღებას მიაქცევენ და შეამოწმებენ. დასადგენი ისაა, იყო ეს ერთეული შემთხვევა, თუ მოქმედებს ყალბი პროდუქტის გასაღების კონკრეტული ქსელი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG