Accessibility links

logo-print

ქალები პოლიტიკაში მოდიან


შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“

შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრს თამარ თედლიაშვილს გადაწყვეტილი აქვს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. მისი აზრით, სამოქალაქო სექტორში ქალი ბევრად აქტიურია, ვიდრე პოლიტიკაში, ამიტომ ქალებმა პოლიტიკურ პროცესებშიც მეტი აქტიურობა უნდა გამოავლინონ.

ქალებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყეს. რეგიონის სამოქალაქო სექტორში, საჯარო სამსახურებში დასაქმებული და პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებული ქალები „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შეიკრიბნენ და პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. შეხვედრის ორგანიზატორი იყო „გენდერული თანასწორობის ქსელი“. ეს ქსელი დიდი ხანია ყველა დონეზე ითხოვს ქალთა ჩართულობის გაზრდას პოლიტიკურ პროცესებში. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურ ლიდერ ქალთა გამოვლენა. „გენდერული თანასწორობის ქსელის“ თავმჯდომარე მანანა მებუკე აცხადებს, რომ ლიდერ ქალებს „ქსელი“ დახმარებას გაუწევს და არჩევნებისთვის მოამზადებს.

მაყვალა ბერიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის დაცვა აუცილებელია. მისი აზრით, ეს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს.

გაიმართა დისკუსია გენდერული თანასწორობის მისაღწევად ქალთა პოლიტიკური დაწინაურების შესახებ. შეხვედრის ბოლოს ქალებმა სპეციალური ანკეტები შეავსეს. მოგვიანებით შეიქმნება ლიდერ ქალთა მონაცემების ბაზა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ქალებს კი „ქსელი“ მოამზადებს. გენდერული თანასწორობის ქსელის კოორდინატორი მაია კუპრავა-შარვაშიძე ამბობს, რომ დახურულ ბაზაზე წვდომა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ და ისინი გადაწყვეტენ ლიდერ ქალთა პოლიტიკაში ჩართვის საკითხს.

პროექტი „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში“ ხორციელდება „გენდერული თანასწორობის ქსელის“ მიერ, “საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა“ (IFES) და “ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” (USAID ფინანსური მხარდაჭერით.
XS
SM
MD
LG