Accessibility links

კაბები დროშებად - ქალები ძალადობის წინააღმდეგ


საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს, თბილისში რამდენიმე ათეულმა ქალმა პუშკინის სახელობის სკვერიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციამდე საპროტესტო მსვლელობა გამართა. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ქალთა მკვლელობების საქმეების გამოძიება და ისეთი სპეციალური დანაყოფის შექმნა მოითხოვეს, რომელიც მხოლოდ გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებს შეისწავლის და რომელსაც შესაფერისი ცოდნა ექნება. აქციის სიმბოლო იატაკის საწმენდ ჯოხებზე დროშებივით აღმართული კაბები იყო.

„შევაჩეროთ ქალზე ძალადობა, შევაჩეროთ ქალზე ძალადობა!“ - ამ შეძახილებით მივიდნენ პოლიციის შენობასთან აქციის მონაწილეები, ქალებიც და კაცებიც, რომლებიც 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ. „ქალთა მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის სიმბოლო დროშად გადაქცეული კაბა იყო - კაბა, რომელიც იატაკის საწმენდ ჯოხს წამოაცვეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი „ქალთა მოძრაობიდან“, ბაია პატარაია, ამბობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დანაშაულია:

„მხოლოდ 2015 წელს „112“-ის ცხელ ხაზზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 15 910 გამოძახება დაფიქსირდა. პოლიციამ გამოძიება მხოლოდ 949 საქმეზე დაიწყო, შემაკავებელი ორდერი კი მხოლოდ 2 727 შემთხვევაზე გამოსცა. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ შსს-მ სტრუქტურული რეფორმები გაატაროს, ასევე ჩამოაყალიბოს სპეციალური დანაყოფი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული ძალადობის საკითხებზე იმუშავებს“.

მოძრაობის კიდევ ერთი წევრის, იდა ბახტურიძის, თქმით კი, ამ კაბა სიმბოლოთი ისინი იბრძვიან ყველა ქალის დარღვეული უფლებისთვის:

როგორც წესი, ასეთ საქმეებზე გამოძიების დაწყება ჭირს, ხოლო თუ ადვოკატის გარეშე ცდილობს ადამიანი სამართლის პოვნას, ქალი, და განსაკუთრებით, თუ რეგიონში მცხოვრებია, მას ამ სამართლის პოვნა არ გამოსდის...

„ეს დროშა-კაბაა სიმბოლო იმისა, რომ ამ ქვეყანაში ქალებზე ძალადობენ. ჩვენ ამ სიმბოლოთი ვიბრძვით არა მხოლოდ ჩვენი უფლებებისთვის, არამედ იმ ქალების უფლებებისთვის, რომლებიც ამ წუთებშიც სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან სწორედ იმის გამო, რომ პოლიცია მათ ვერ იცავს. მათ არც საზოგადოების სათანადო მხარდაჭერა გააჩნიათ“.

„დროა, რომ პოლიციამ ადეკვატური ქმედებები გაატაროს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, - მოითხოვს აქციის მონაწილე სალომე ყანჩაველი.

„ხშირად პოლიცია ძალიან უმოქმედოა, არ იციან ხოლმე, რა ქნან. არათუ დაუცველი ადამიანები, არამედ მეც კი, უამრავ იურისტს რომ ვიცნობ ქალაქში, თავად აღმოვჩნდი მსგავს სიტუაციაში და ვნახე, როგორ მექცეოდნენ. უცებ წარმოვიდგინე, რის წინაშე დგებიან 16 წლის გოგონები, რომლებიც პოლიციაში შეიძლება მივიდნენ, რა პასუხს გასცემენ მათ. ეს კატასტროფული რეალობაა. ამიტომ არის აუცილებელი ისეთი დანაყოფის შექმნა, ვისაც ექნება სამართლებრივი ცოდნაც, პრობლემის მიმართ სენსიტიურობაც და სწორად და დროულადაც იმოქმედებს“.

ლგბტ აქტივისტი ნინო ბოლქვაძე კი შენიშნავს, რომ, მიუხედავად სახელმწიფოს ძალისხმევისა რაღაც შეცვალოს უკეთესობისაკენ, პრობლემას საქართველოში სისტემური და მასშტაბური ხასიათი აქვს:

მე აქ ვარ არა იმიტომ, რომ მხოლოდ ვიღაცის უფლებისთვის ვიბრძოლო, არამედ ვთვლი, რომ ეს ისეთი საკითხია, რომელიც ყველას გვეხება - ქალსაც და კაცსაც...

„როგორც წესი, ასეთ საქმეებზე გამოძიების დაწყება ჭირს, ხოლო თუ ადვოკატის გარეშე ცდილობს ადამიანი სამართლის პოვნას, ქალი, და განსაკუთრებით, თუ რეგიონში მცხოვრებია, მას ამ სამართლის პოვნა არ გამოსდის“.

„ქალთა მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაში რამდენიმე კაციც მონაწილეობდა. მათი განცხადებით, ეს არ არის მხოლოდ ქალების ბრძოლა. ზვიად დევდარიანი, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ აღმასრულებელი დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში სწორედ ამ აქცენტს სვამს და მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად პოლიტიკა უნდა შეცვალოს:

„მე აქ ვარ არა იმიტომ, რომ მხოლოდ ვიღაცის უფლებისთვის ვიბრძოლო, არამედ ვთვლი, რომ ეს ისეთი საკითხია, რომელიც ყველას გვეხება - ქალსაც და კაცსაც“.

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს, საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილმა შესაბამის ორგანოებს მეტი ძალისხმევისაკენ მოუწოდა, ხოლო იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის, განმარტების განსაზღვრა მოსთხოვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG