Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”კამარა” - ისინი დაბრუნდნენ


ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრმა ”კამარამ” რამდენიმე ხნის წინ ნივთიერებაზე ყოფილ დამოკიდებულთა ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. ”კამარა” გასული წლის ოქტომბერში ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა. ცენტრში ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანებისთვის რვა სახის თერაპია ტარდება, მათ შორის კი გამორჩეულია არტთერაპია. როგორც ცენტრში ამბობენ, პაციენტები, ფსიქოლოგების ინტენსიური დახმარებით, ”ფხიზელ ცხოვრებაში” დაბრუნებას სწავლობენ.

მეძინა და ახლა გავიღვიძე და მივხვდი, რომ ფხიზლად ყოფნა ჯობია...

თემო 26 წლისაა. 5 წლის განმავლობაში სისტემატურად მოიხმარდა სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს. ორი თვის წინ კი გადაწყვიტა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და ჯერ კლინიკაში იმკურნალა, შემდეგ კი, მეგობრის რჩევით, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრში - ”კამარაში” აღმოჩნდა. უკვე ორი თვეა ნივთიერებაზე ყოფილ დამოკიდებულებთან ერთად ყოველ დღეს 12-დან 5 საათამდე იქ ატარებს:

”თავიდან რომ მითხრა მეგობარმა ამ ცენტრის შესახებ, ცოტა არასერიოზულად შევხედე, გამეცინა კიდეც, რომ მითხრა, ვმღერით და ვხატავთო. მაგრამ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, მეორე დღესვე, აქ მოვყევი. ვიფიქრე, ჩემი რა მიდის, მივალ, ვნახავ რა ხდება-მეთქი. აქ გატარებულმა ერთმა დღემ ისე ჩამითრია, რომ ყოველ დილას აქ მოსვლა მიხარია. აქაური ფსიქოლოგების დახმარებით ისეთ შედეგს მივაღწიე, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი და ვერც კი ვიოცნებებდი. მე თავს კი არ ვიკავებ და საკუთარ თავს კი არ ვებრძვი, უბრალოდ, მე აღარ მინდა წამალი”, - ამბობს თემო.

ადამიანები, რომლებსაც ადრე არასდროს უმღერიათ, სამ ხმაში მღერიან. ეს ხმები ნარკოტიკებისგან ისე ჰქონდათ ჩაჟანგებული, რომ გეგონებოდა, ყველას ერთი ხმა აქვსო ...
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ”კამარა” უკვე ექვსი თვეა არსებობს და იქ 30-მდე ყოფილ ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანისთვის უფასოდ რვა სახის ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპია ტარდება, მათ შორის არის არტთერაპია, რომლის შედეგიც რამდენიმე დღის წინ ნივთიერებაზე ყოფილ დამოკიდებულებმა გამოფენის სახით საზოგადოებას წარუდგინეს: ”მე დავბრუნდი” - ასე უწოდეს მათ გამოფენას, სადაც საკუთარი ხელით შექმნილი ნახატები, სკულპტურები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები რამდენიმე კვადრატულ მეტრში შექმნილი ოთახიდან საგამოფენო სივრცეში გადაიტანეს. მეტიც, მათ, ვისაც თითქმის არასდროს უმღერია, სიმღერაც ისწავლეს.

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი, გვეუბნება, რომ ცენტრში მისული ადამიანები ”ფხიზელ ცხოვრებაში” დაბრუნებას სწავლობენ:

”ადამიანები, რომლებსაც ადრე არასდროს უმღერიათ, სამ ხმაში მღერიან. ეს ხმები ნარკოტიკებისგან ისე ჰქონდათ ჩაჟანგებული, რომ გეგონებოდა, ყველას ერთი ხმა აქვსო, და უცებ ასეთი რენესანსი მოხდა მათ სულში. თავიდან ყველა ამრეზილი მოდიოდა, ათი წუთით შემოვიარე და წავალო, მაგრამ ეს ათი წუთი დღემდე გრძელდება. ყველამ დიდი პროგრესი განიცადა. დარწმუნებული ვარ, თანამედროვე ხელოვნების ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს ჩვენი აუტსაიდერთა, ანუ არაპროფესიონალთა, გამოფენა”, - ამბობს ნათია ფანჯიკიძე.

მისივე თქმით, მეთოდი, რომლითაც ”კამარაში” მისულ ადამიანებს მკურნალობენ, ამერიკაში კარგად აპრობირებულია და მან სწორედ ნიუ იორკში, "ბელვიუ ჰოსპიტალ"-ში ორწლიანი მუშაობისას შეისწავლა და გადაწყვიტა, რომ იქ მიღებული გამოცდილება საქართველოში გამოეყენებინა.

”კამარა” - ისინი დაბრუნდნენ
please wait

No media source currently available

0:00 0:05:34 0:00
გადმოწერა


”ვმკურანლობდით საკმაოდ მძიმე პაციენტებს - შიზოფრენია, მანიაკალური დეპრესია... და ამას დამატებული ნარკომანია. როგორც წესი, ეს ორი რამ, უმეტეს შემთხვევაში, არის ერთად. ანუ ნარკომანია დამოუკიდებელ დაავადებად ძალიან იშვიათად არსებობს. ჩემი ერთადერთი დამსახურება არის ის, რომ ეს მეთოდი მგონია, რომ ჩამოვიტანე დანაკარგების გარეშე, რადგან ძალიან კარგად იმუშავა საქართველოში და რასაც აქ, ამ გამოფენაზე, ხედავთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ექვსი თვის ნამუშევარია”, - ამბობს ნათია ფანჯიკიძე.

ე.წ.აუტსაიდერთა გამოფენა მრავალფეროვანია: მუყაოს ქალაქი ”კამარა”, სარკის ნამსხვრევებით აწყობილი პეპელა, ფოლგის უცხოპლანეტელი, ლითონის ვალსი ზღვის ნაპიზე, მინანქრის შავი კატა...

დათო სარკის პეპელასთან დგას. მან ”კამარას” არტთერაპიის ჯგუფთან ერთად მიიღო მონაწილეობა იმ პეპლის შექმნაში, რომელსაც შემდეგ ავტორებმა ”თავიდან დაბადება” უწოდეს. ნამუშევარს საინტერესო მინაწერი აქვს: ”ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანი დროთა განმავლობაში სრულ თვითიზოლაციაში ექცევა. ემიჯნება გარესამყაროს, როგორც აბრეშუმის ჭია, რომელიც თავის გარშემო ქსოვს ჭუპრს და შიგნით რჩება, მაგრამ სიცოცხლე აქ არ სრულდება”... დათო, რომელიც 20 წლის განმავლობაში მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს, თვითონ გააგრძელებს სარკის ნამსხვრევებით აწყობილი პეპლის შექმნის იდეას: ”კვერცხს გამოჭრის პეპლად ქცეული აბრეშუმის ჭია და ახლა უკვე ფრთაშესხმული აგრძელებს სიცოცხლეს. ახლა ვიცი, რომ ბევრი უფრო კარგი და სასიამოვნო რამ არის ცხოვრებაში, ვიდრე წამალი”, - ამბობს დათო.

როცა გხედავს, რომ რვა წელი ერთსა და იმავეს აკეთებ, ასე შორიდან დამტკიცება იმისა, რომ მე შევიცვალე, ცოტა ძნელია. მე დარმწუნებული ვარ, რომ ყველაფერი დამთავრდა ...
გიგა

36 წლის გიგა ახლა ცოლ-შვილისგან შორს ცხოვრობს. ისინი საზღვარგარეთ არიან. ამბობს, რომ ძნელი იყო მისი ოჯახისთვის იმის ყურება, თუ როგორ ატარებდა დღეებს ბურანში და, გარდა ნარკოტიკისა, მის საფიქრალს სხვა აღარაფერი წარმოადგენდა. ახლა უნდა, რომ მისმა ცოლმა აუცილებლად გაიგოს, რომ გიგამ წამალი გადააგდო, რომ გიგამ საკუთარ თავს აჯობა და რომ გიგას ძალიან ენატრება შვილი:

”როცა გხედავს, რომ რვა წელი ერთსა და იმავეს აკეთებ, ასე შორიდან დამტკიცება იმისა, რომ მე შევიცვალე, ცოტა ძნელია. მე დარმწუნებული ვარ, რომ ყველაფერი დამთავრდა. ჩემი ცოლიც და ჩემი შვილიც ძალიან მიყვარს და მინდა, რომ მათთან ვიყო და რა ტკივილიც მივაყენე, ყველაფერი გამოვისყიდო და შევუდგე ჯანმრთელ ცხოვრებას. უკანაკსნელი რვა წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრება იყო ჯოჯოხეთი, რომლის გახსენებაც კი არ მინდა. ნუთი ეს მე ვიყავი?!” - ამბობს გიგა.

გიგამ ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი საკუთარ ნამუშევარში გამოხატა და შეეცადა სწორედ ამ ნამუშევრით დაემტკიცებინა გარშემომყოფებისთვის, რომ ის შეიცვალა. „შურისძიების ნიღაბი“ - ასე ჰქვია მის ნამუშევარს:

”ეს არის შურისძიების ნიღაბი. ეს ნიღაბი ვარ მე. და შური ვიძიე ალკოჰოლზეც და წამალზეც. გავტეხე ჭიქა და გავტეხე შპრიცი”, - ამბობს გიგა.

”კამარაში” აქვთ სახლი, თიხისგან და ხისგან მტკიცედ ნაშენები ორსართულიანი სახლი - სახლი, რომელიც ძალიან ჰგავს ნამდვილს, და თუკი მის მინიატიურულ ფანჯარაში შეიხედავ, ნათია ფანჯიკიძე გვეუბნება, რომ იქ ნამდვილ ცხოვრებას დაინახავ:

”ეს არ არის ცარიელი სახლი. შიგნით დგას ავეჯი, მაგიდა, სკამები, კარადა, კარადაში ქალის და კაცის ტანსაცმელი კიდია. ამ სახლში ერთი კი არა, ბევრი ადამიანი ცხოვრობს - უბრალოდ, არ ჩანან. ისინი თავისთვის არიან, როგორც მოგონებები”...
XS
SM
MD
LG