Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში უერთდებიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას


ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქცია. თბილისი, 2014 წელი
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქცია. თბილისი, 2014 წელი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიას უერთდება. მსოფლიოს მასშტაბით გაეროს ინიციატივით მიმდინარე აქციის სლოგანია „გავხადოთ სამყარო ნარინჯისფერი“. აქციის მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა და მისი მობილიზება ქალებზე ძალადობის საკითხებზე.

კამპანიას შეუერთდება ადგილობრივი ორგანიზაცია საკუთარი მესიჯით - „ნუ გაჩუმდები“. ისინი ქალაქის მასშტაბით რამდენიმე სერიოზული ღონისძიების გამართვას გეგმავენ, მათ შორის - ქუჩის აქციას, საინფორმაციო შეხვედრებს და კინოჩვენებებს, ფორუმ-თეატრს.

„ჩვენი აქციის მიზანია საზოგადოების გაერთიანება ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტებზე, საკანონმდებლო დონეზე ქალთა საკითხების პოლიტიკის გააქტიურება, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფრო მეტი სენსიტიურობა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით“,განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.

მან გაიხსენა რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 16 წლის მოზარდის სუიციდის ფაქტი:

„ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა და როცა საზოგადოება არ სვამს კითხვებს, თუ რამ მიიყვანა ახალგაზრდა ქალი თვითმკვლელობამდე, არის ძალიან ცუდი პრეცედენტი საიმისოდ, რომ გავჩუმდეთ და არ ავიმაღლოთ ხმა“.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოუწოდა მოსახლეობას სოლიდარობისა და გაერთიანებისკენ, სახელმწიფოს, სამართალდამცავ ორგანოებს კი იმისკენ, რომ გადადგან ბევრად ქმედითი ნაბიჯები პრობლემის აღმოსაფხვრელად, ქალების სიცოცხლის დასაცავად.

მანვე აღნიშნა, რომ თანამშრომლობენ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან და ერთობლივ ღონისძიებებსაც გეგმავენ კამპანიის ფარგლებში.

ციცინო შენგელიას სიტყვებით, კამპანია 25 ნოემბერს „ხმაურიანი აქციით“ დაიწყება. კერძოდ, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მოეწყობა მსვლელობა მოხალისეებისა და პარტნიორი ორგანიზაციის წევრების ჩართულობით. ამასთან, დარიგდება ფლაერები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG