Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში გადაწყვეტს, დაუჭიროს თუ არა მხარი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ ნინო გვენეტაძეს, რომელიც 2006 წლამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ მსახურობდა. გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმცირესობა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ აქვს. კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი უმრავლესობის წევრ დეპუტატებს მოუწოდებს დამორჩილდნენ პარტიულ დისციპლინას და კოალიციის პოლიტსაბჭოს მიერ მოწონებულ კანდიდატს მხარი დაუჭირონ.

კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების კომენტირებისას კოალიციის პოლიტიკურმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ უმრავლესობის დეპუტატები უნდა დამორჩილდნენ პარტიულ დისციპლინას და ხმის მიცემისას პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება გაითვალისწინონ:

„პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს, უნდა მოვისმინოთ ყველა კოლეგის მოსაზრება, არგუმენტი, მაგრამ როცა გადაწყვეტილება შეჯერდება და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, მერე ამ გადაწყვეტილებას უნდა ვცეთ პატივი. ცხადია, პარტიული დისციპლინა გულისხმობს სანქციებსაც“.

პოლიტსაბჭოს რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ასევე არის დეპუტატის ვალდებულებაც და მოვალეობაც...

არმაზ ახვლედიანის ეს კომენტარი მუქარად და შეურაცხყოფად აღიქვეს საპარლამენტო უმრავლესობაში, რომლის წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, განაცხადა, რომ ახვლედიანის განცხადება არა მარტო საკუთარი უფლებამოსილების გადამეტება, არამედ თითოეული დეპუტატის შეურაცხყოფაა:

„პოლიტსაბჭოს რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ასევე არის დეპუტატის ვალდებულებაც და მოვალეობაც. ამიტომ ეს განცხადება იყო თითოეული დეპუტატის შეურაცხყოფა და, ვფიქრობ, ახვლედიანმა ბოდიში უნდა მოუხადოს პარლამენტს“.

დიმიტრი ხუნდაძის ამ აზრს უმრავლესობის ბევრი სხვა წევრიც იზიარებს. დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ბედი უნდა გადაწყდეს მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტში და გადაწყვეტილების მთავარი შემოქმედი კანდიდატი და დეპუტატები უნდა იყვნენ.

პარლამენტი არ უნდა იყოს პოლიტიკური ლოჟების გადაწყვეტილებების აღმსრულებელი, დეპუტატებმა ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება...

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კანდიდატს, წარსულისგან განსხვავებით, როცა მოდის პარლამენტში, არ აქვს გარანტია, რომ გავა და მან პარლამენტში უნდა იბრძოლოს იმისათვის, რომ მოიპოვოს ნდობა და ეს არის ყველაზე კარგი, ამ პროცესში რაც შეიძლება დავინახოთ. ნებისმიერმა კანდიდატმა, რომელიც პარლამენტში მოდის, უნდა იცოდეს, რომ მას არ აქვს გარანტირებული ხმა და მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს საკუთარი პროგრამის, ხედვის წარმოდგენისას“, უთხრა თამარ კორძაიამ რადიო თავისუფლებას.

ოპოზიციური ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი კი, ზურაბ აბაშიძე, მიიჩნევს, რომ პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს ნინო გვენეტაძის კანდიდატურას, მაგრამ დეპუტატებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ დამოუკიდებლად:

„პარლამენტი არ უნდა იყოს პოლიტიკური ლოჟების გადაწყვეტილებების აღმსრულებელი, დეპუტატებმა ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთმანეთში აქვთ კომუნიკაციის პრობლემა“.

„თავისუფალი დემოკრატებისგან“ განსხვავებით, საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას მისი პოლიტიკური მიკერძოების გამო. საერთო სასამართლოების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. მაგრამ რა მოხდება, თუ ნინო გვენეტაძე ვერ მიიღებს 76 დეპუტატის ხმას? - პრეზიდენტის საპარლამენტო მდვინის გიორგი კვერენჩხილაძის პასუხი:

„ერთსა და ი მავე კანდიდატურას მეორედ ვერ წარადგენს პრეზიდენტი, თუმცა ვადები შეზღუდული არ არის. ახალი კანდიდატურა შეიძლება წარადგინოს ერთი თვის ან ერთი წლის, ან მეტი ხნის შემდეგ... ამ საკითხს ღიად ტოვებს კანონმდებლობა. ახალი თავმჯდომარის დანიშვნამდე კი მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე“.

XS
SM
MD
LG