Accessibility links

logo-print
ამ დღეებში იაპონია მსოფლიო კინოს კლასიკოსის, ყველა დროისა და ხალხის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად აღიარებული “შიშველი კუნძულის” ავტორის, კანეტო სინდოს დაბადების მეასე წლისთავს აღნიშნავს. როგორც ჩანს, რეჟისორი თავად დაესწრება ამ იუბილეს - ბოლო ფილმი ხომ სინდომ ორი წლის წინ დაასრულა.

იაპონელები თავიანთი კინოკლასიკოსის იუბილეს აღნიშნავენ - 28 აპრილს კანეტო სინდოს ეროვნულ პრემიას გადასცემენ: “შიშველი კუნძულის” ავტორი ასი წლის ხდება. მას უკვე დაუდგეს ძეგლი რუსეთში. დიახ, რუსეთში. საბჭოთა კინემატოგრაფისტებს ახსოვთ როგორი იყო “შიშველი კუნძულის” ეფექტი 1961 წლის მოსკოვის კინოფესტივალზე - მსოფლიომ ნახა ხმოვანი ფილმი დიალოგების გარეშე, ფილმი პატარა იაპონურ კუნძულზე მცხოვრებ ქალსა და მამაკაცზე, რომლებიც სტიქიას ებრძვიან და ბუნების ნაწილად აღიქმებიან.. იმხანად სრული სიახლე იყო ეს - ფილმი, ფაქტობრივად, სიუჟეტის გარეშე, ტექსტის გარეშე. მოგვიანებით “შიშველ კუნძულს” თავად სინდო დაახასიათებს:

სცენარშიც არანაირი დიალოგი არ გვქონია. მუსიკა, ადამიანის ხმები, ქარის ხმა, ზღვის ხმა, მაგრამ არანაირი სიტყვა ...
“ეს კუნძული მთელ სამყაროს განასახიერებს. ორი ადამიანი - ცოლი და ქმარი - კოსმოსის სახეა. თითქოს პირველ ორ ადამიანს გამოხატავს ამ პლანეტაზე. ამ ფილმმა თითქოს თავი მოუყარა იმ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს, რომლითაც ისინი ცხოვრობენ - გაჭირვებას და სიხარულს. ეს არაა მუნჯი ფილმი. ესაა ხმოვანი ფილმი დიალოგების გარეშე. აქ ყველაფერს სახეები ქმნიან. დიალოგი არაა საჭირო.”

საბჭოთა კავშირში ეფექტი ძლიერი იმიტომაც იყო, რომ 1961 წელი ეგრეთ წოდებული “ოტტეპელის” ეპოქის დასაწყისადაა მიჩნეული - ამ დროს პირველად გაიღო კარი არაპროპაგანდისტული ხელოვნებისთვის და მაყურებელმა პირველად ნახა ფილმი, რომელიც არაფერს ამტკიცებს, რომლის ავტორი ენდობა მაყურებელს და სამყაროს მხოლოდ და მხოლოდ კინემატოგრაფიული პოეტური სახეებით წარმოაჩენს.

“სცენარშიც არანაირი დიალოგი არ გვქონია. მუსიკა, ადამიანის ხმები, ქარის ხმა, ზღვის ხმა, მაგრამ არანაირი სიტყვა. მსახიობებს ევალებოდათ ისე ემოძრავათ, რომ პლასტიკით მიეტანათ აზრი მაყურებლამდე. შეიძლება ითქვას, ბალეტი გამოგვივიდა, ბალეტი - ტაიჯი ტონოიამასა და ნობუკო ოტავას შესრულებით.”

თავად სინდოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მთავარი პრიზი მოსკოვის კინოფესტივალზე. “შიშველი კუნძულის” ავტორი “საბჭოთა ხალხის მეგობრად” გამოაცხადეს, ამიტომ შემდგომში იძულებულნი გახდნენ დაეკმაყოფილებინათ მისი კინოს მიმართ ინტერესი და შეესყიდათ მისი ფილმები - ასე აღმოჩნდა 1971 წელს საბჭოთა კინოგაქირავებაში ყველასთვის მოულოდნელად კანეტო სინდოს ფილმი “ცხრამეტი წლის შიშველი ახალგაზრდები”, თუმცა ფილმიდან ამოჭრეს რამდენიმე სცენა, რამაც ძალიან გაანაწყენა ავტორი. იმხანად კანეტო სინდო ხშირად რთავდა თავის ფილმებში ნატურალისტურ ეპოზოდებს, რათა იაპონური საზოგადოების რეალური სურათი წარმოეჩინა. ამის გამო საბჭოთა კავშირში მას ნელ-მელა ივიწყებენ. დასავლეთი კი უკვე აღიარებს “ახალ ფლაერტიდ”.. დიახ, სინდოს ადარებენ ამერიკელ რეჟისორს რობერტ ფლაერტის, რომელმაც პირველმა მოახერხა 20-იან წლებში გაეთავისუფლებინა კინო პროპაგანდისტული კლიშეებისგან, წარმოედგინა სამყარო არა იმდენად მეტაფორებისა და ალეგორიების, რამდენადაც კინოს სახეების საშუალებით. ის, რაზეც ოცნებობდა ანდრეი ტარკოვსკი - აღებეჭდა დრო სახეებში, ადვილად განახორციელა იაპონელმა რეჟისორმა. შემთხვევითი არაა, რომ 1975 წელს სინდო იღებს ფილმს იაპონური კინოს პიონერზე, კენძი მიძოგუტიზე - კიდევ ერთ პოეტზე, რომლისგანაც სინდოს მემკვიდრეობით ერგო კადრის სილამაზის განსაკუთრებული განცდა, სტატიკური გამოსახულებისთვის დაძაბულობის მინიჭების უნარი, და რომელმაც პირველმა გაუთქვა სახელი იაპონურ კინოს დასავლეთში.

აკირა კუროსავას სიკვდილის შემდეგ კანეტო სინდო იაპონური კინოს ლიდერი ხდება. მას აქვს საკუთარი სტუდია და არ უჭირს ფილმის გადაღება. არ უჭირს, ასაკის მიუხედავად. თავისი ბოლო ფილმი, “ბარათები”, მან 98 წლის ასაკში გადაიღო. ახალი სურათი სექტემბერში ვენეციის კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG