Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანჯიოღლიზე ძებნა გამოცხადდა


ხურჩა-ნაბაკევის საკონტროლო-გამშვები პუნქტი
ხურჩა-ნაბაკევის საკონტროლო-გამშვები პუნქტი

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯიოღლიზე საქართველოს მაშტაბით ძებნა გამოცხადდა. ზუგდიდის მკვიდრი გიგა ოთხოზორია 19 მაისს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან რამდენიმე გასროლით მოკლეს. მკვლელობაში დე ფაქტო რესპუბლიკის მებაჟე არის ბრალდებული. გამოძიების ბოლომდე მისაყვანად საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები საერთაშორისო ინსტიტუციების ჩართვას გეგმავენ.

როგორც ახლობლები აცხადებენ, გიგა ოთხოზორიას გალის ტერიტორიაზე პროდუქტების გადატანა უნდოდა და ამ დროს მესაზღვრესთან შელაპარაკება მოუვიდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ, წინასწარი შეფასებით, რომელიც თვითმხილველების მონათხრობს ეყრდნობა, უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სტრუქტურების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა გადმოკვეთეს ხიდი აფხაზური მხრიდან თბილისის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე და ისროლეს. საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გიგა ოთხოზორია დევნილი იყო. ის ცოლ-შვილსა და მშობლებთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა.

„ახლო ნათესავი ჰყოლია გარდაცვლილი და რაღაც პროდუქტების შეტანა უნდოდა. ამ საკითხზე ვერ მორიგდნენ, ეტყობა“, - ამბობს ნაბაკევში მცხოვრები რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელაზე უარი თქვა.

ეს პირველი ასეთი ფაქტია ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ აყენებს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ამდენ ხანს ხორციელდებოდა. თუმცა ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არ გადავუხვევთ! არავითარ შემთხვევაში!..
პაატა ზაქარეიშვილი

მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრა აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამაც. მუხლი იგივეა, განზრახ მკვლელობა. 21 მაისს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ოთხოზორიას საზღვრის გადმოსალახად საჭირო დოკუმენტები არ ჰქონდა და კონფლიქტიც ამან გამოიწვია. აფხაზური მხარე აპირებს მომხდარი ქართულ-აფხაზურ შეხვედრაზე განიხილოს. განცხადებაში გამოთქმულია წუხილი მომხდართან დაკავშირებით და ასევე ნათქვამია, რომ ქართული მასმედია შეფასებებში ტენდენციურია, რადგან ბრალს მთლიანად რუსულ მხარეს აკისრებს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა:

„ხურჩაში მოხდა მკვლელობა. საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის კურსში არიან. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღეში იქნება უმაღლესი დონის წარმომადგენლობითი ფორუმი ადამიანის უფლებებზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე და იქ, ბუნებრივია, მე ამ საკითხს დავაყენებ“.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს ცინიკური მკვლელობა იყო და მკვლელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს:

„ეს არის, რა თქმა უნდა, უაღრესად აღმაშფოთებელი ფაქტი. 2012 წლის შემდეგ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ასეთი საშინელება არ მომხდარა. ეს პირველი ასეთი ფაქტია ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ აყენებს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ამდენ ხანს ხორციელდებოდა. თუმცა ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არ გადავუხვევთ! არავითარ შემთხვევაში!“

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ მომხდარი სიცოცხლის უფლების უხეში დარღვევაა, რაზეც საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც რეალური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები გამყოფი ხაზის პირას არ არის სათანადოდ დაცული, განსაკუთრებით კი ეს ეხება სოფელ ხურჩის მოსახლეობას. ხურჩაში საქართველოს პოლიციის საგუშაგო სოფლის დასაწყისშია, სოფლის ბოლოს კი - რუსულ-აფხაზური ე. წ. გამშვები პუნქტი. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა რუს და აფხაზ სამხედროებთან პირისპირ მარტო არის დარჩენილი.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია ექსპერტიზა. ასევე დაგეგმილია, რომ რაშიდ კანჯიოღლიზე ძებნა საერთაშორისო მაშტაბით გამოცხადდეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG