Accessibility links

logo-print

„ქვევრის ღვინო“, „აისვაინი – ყინულის ღვინო“, „ვაზის გენეტიკური რესურსები“, „გადამწიფებული ყურძნის ღვინო“... – .ასეთია არასრული ჩამონათვალი იმ ტერმინებისა, რომლებიც სულ მალე დაემატება „საქართველოს კანონს ვაზისა და ღვინის შესახებ“. კანონში შესატანი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ღვინის ბრენდების ისეთი კატეგორიების განსაზღვრას, როგორებიცაა ახალგაზრდა,დავარგებული, ძველი და ძალიან ძველი. დადგინდება ყურძნის გადამუშავებისა და ექსპორტისას გასათვალისწინებელი სერტიფიცირების წესები და მოთხოვნები.

ახალი რეგულაციით, გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე ღვინოების, არანაკლებ, 85 პროცენტი მიღებული უნდა იყოს შესაბამის გეოგრაფიულ ადგილზე მოწეული ყურძნისგან. უფრო მეტს იმაზე, თუ როგორ წაადგება საქართველოში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებას კანონში შესატანი ცვლილებების მიღება, ჯიმშერ რეხვიაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ.

ალექსანდრე კვერნაძე მოყვარული მეღვინეა. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში (ყოფილი ელიზაბეტალი) 700 კვადრატულ მეტრზე გაშენებული აქვს ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზი – ასურეთული შავი:

„ამ ყურძნისგან წელს პირველად დავაყენე საკმაოდ კარგი, ძლიერი და ელეგანტური ღვინო, რომელიც გადავწყვიტე, გასაყიდად გავიტანო. სულ არის 140 ბოთლი, რომლებიც გაფორმებულია ხელნაკეთი ეტიკეტით. ქვევრში არ ვაყენებ, რადგანაც ამ ჯიშის ყურძნით ქვევრის ღვინო კარგი არ გამოდის – ჭაჭაზე დიდხან დატოვება რეკომენდებული არ არის“.

ვენახები კახეთში

ვენახები კახეთში

ალექსანდრე კვერნაძე დარწმუნებულია, რომ მოყვარული მეღვინეები, ძირითადად, დაკავებული უნდა იყვნენ იშვიათი ჯიშების აბორიგენული ვაზიდან ღვინოების დაყენებით, თუმცა, მოყვარული მეღვნის თქმით, ასევე მნიშნელოვანია, გამართული კანონმდებლობის არსებობა:

„მთავარი ჩემი საქმიანობა არის ის, რომ ვარ პატენტრწმუნებული და კარგად ვიცნობ ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის პრობლემატიკას, მათ შორის, ღვინის კანონშიც. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ნორმალური კანონია, მაგრამ იქ გასაკეთებელიც ბევრია“.

და მართლაც. მოქმედი კანონი ღვინისა და ვაზის შესახებ მიღებულია 1997 წელს და, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ამბობს, საჭიროებს გათანამედროვებას, საერთაშორისო წესებთან შესაბამისობაში მოყვანასა და ტერიმინების დამკვიდრებას.

„მაგალითად „აის-ვაინი“, რომელიც განმარტებულია საერთაშორისო დოკუმენტებში და შემოგვაქვს მისი ქართული განმარტება. რაც შეეხება „ქვევრის ღვინოს“ – საერთაშორისო კანონმდებლობაში განმარტებული არ არის, მაგრამ იმ მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, რაც ამ ღვინოზე არის საქართველოში, გადავწყვიტეთ განმარტება შემოგვეტანა. ლაპარაკი არაა მკაცრ წესებზე. იგულისხმება, რომ ქვევრის ღვინო უნდა იყოს დამზადებული ქვევრში. სახელმწიფო კონტროლსაც ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს გარკვეული დასახელების ღვინოებზე. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ვის (რომელ კომპანიას) აქვს ქვევრი და რა ტევადობით“, – უთხრა გიორგი სამანიშვილმა „რადიო თავისუფლებას“.

ქვევრი

ქვევრი

2013 წელს ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც, ქართველი მეღვინეების შეფასებით, მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ამ და სხვა არაერთი გარემოების ასახვა ღვინისა და ვაზის შესახებ კანონში მნიშვნელოვან სიახლედ მიაჩნია ღვინის კლუბის პრეზიდენტს, მალხაზ ხარბედიას:

„კულტურული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგანაც კანონში იქნება ოფიციალურად ნაჩვენები ქართული ღვინის მრავალფეროვნება. ადრე კანონი არ იყო ასე დაკონკრეტებული. რა თქმა უნდა, გზადაგზა ზუსტდებოდა ეს კანონი, მაგრამ ეს ბოლო დამატებები ძალიან მოქნილს გახდის ამ კანონს, რადაგანაც ბევრ სხვადასხვა ტიპის ღვინოს შეეხება და გამოირიცხება გაუგებრობები ამა თუ იმ ღვინოსთან დაკავშირებით, მაგალითად, იგივე ქვევრის კახურ ღვინოსთან დაკავშირებით იქნება ეს თუ გვიანი მოსავლის ღვინოსთან, თუ ე.წ. ქართულ აის-ვაინთან დაკავშირებით. დღევანდელი ჩვენი გამოცდილებით, საქართველოში აის-ვაინი რქაწითელისგან დაუყენებიათ“.

მალხაზ ხარბედია

მალხაზ ხარბედია

მალხაზ ხარბედიას თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები აწესებს ახალ სტანდარტს: რომ გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე ღვინოების არანაკლებ 85% მიღებული უნდა იყოს შესაბამის გეოგრაფიულ ადგილზე მოწეული ყურძნისგან:

„ევროპაშიც ასე არის განსაზღვრული, რომ რაღაც გარკვეული რაოდენობა (80%, 85% ან 90%) უნდა იყოს კონკრეტულად იმ ადგილწარმოშობის დასახელებიდან, მაგალითად, თუ ღვინოს აწერია ადგილწარმოშობის დასახელება „ბორდო“ – იქ აუცილებლად განსაზღვრული რაოდენობა (მაგალითად 80%) უნდა იყოს მოცემულ რეგიონში მოყვანილი. მაგალითად, თუ ბოთლს აწერია „წინანდალი“, მაშინ ღვინო უნდა იყოს დაწურული წინანდალში მოყვანილი რქაწითელიდან ან მწვანედან, მხოლოდ მცირე პროცენტია დაშვებული, რომ შერეული იყოს სხვა ყურძნის წვენი“, – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ მალხაზ ხარბედიამ, რომლის სიტყვებით, საქართველოს მეღვინეობისა და მევენახეობის ყველაზე ძლიერ მხარედ მისი მრავალფეროვნება ითვლება: 1960 წელს გამოცემული ნ. კეცხოველის, დ. ტაბიძისა და მ. რამიშვილის „საქართველოს ამპელოგრაფიის“ მიხედვით, საქართველოში აბორიგენული ჯიშების საერთო რაოდენობა 525 დასახელებას შეადგენს. თამაზ კობაიძე – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სათანადოდ გამოსაყენებელია როგორც ეს მრავალფეროვნება, ასევე ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ვენახების ფართობის გაზრდის საშუალებას იძლევა თუნდაც 30 წლის წინანდელ დონეზე:

„30 წლის წინ 100 ათასი ჰექტარი იყო სახელმწიფოს ვენახები, დანარჩენი 40 ათასი კი საკარმიდამო, ანუ, ჯამში, 140 ათასი ჰექტარი. ახლა ჩვენ გვაქვს სულ 40 ათასი, ანუ მესამედზე ნაკლები. ჩვენი დიასპორა რომ დაბრუნდეს, ჩვენი ღვინო ჩვენვე არ გვეყოფა, რაც სირცხვილია ვაზის და ღვინის სამშობლოსათვის. საჭიროა, სულ ცოტა, 100 ათას ჰექტარზე ვაზის გაშენება და აუცილებლად დავიწყებული ძველი ჯიშებისა. მაგალითად, კახეთში „საფერავსა“ და „რქაწითელს“ უკავია თითქმის მთელი ფართობი. არადა, შეიძლება გაშენდეს „თეთრი მაღრანული“, „მცვივანი კახური“, „ვარდისფერი რქაწითელი“, ჩიტისთვალა თეთრი“, „ცხენის ძუძუ კახური“ და ა.შ.“.

თამაზ კობაიძე

თამაზ კობაიძე

თამაზ კობაიძე, რომელიც მონაწილეობდა 1997 წელს მიღებული „ღვინისა და ვაზის შესახებ კანონის“ მომზადებაში, მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები უთუოდ წაადგება მეღვინეობისა და მევენახეობის განვითარებას. კანონპროექტით განისაზღვრა ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის ეტიკეტირების წესი.

კერძოდ, ეტიკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პროდუქტის დასახელებას, სპირტის შემცველობას, მოცულობას, მწარმოებელი ქვეყნის დასახელებას, ლოტის ნომერს, არსებობის შემთხვევაში, ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას. ღვინის კლუბის სკოლის დირექტორის, გიორგი ბერიკელაშვილის კომენტარი:

„ქართული კანონმდებლობა აქამდე უბრალოდ ითხოვდა, რომ დატანილი ყოფილიყო მოცულობა, ალკოჰოლის პროცენტული შემცველობა და ღვინის დასახელება. ამას დაემატება ინფორმაცია ადგილწარმოშობის შესახებ და ლოტის ნომერი, რაც მთავარია, რათა ღვინო იყოს მიკვლევადი. თუ მომხმარებელი შეიძენს ღვინოს, რომელსაც აღმოაჩნდება პრობლემა, ლოტის ნომრით იოლად მიაკვლევენ ღვინის მწარმოებელს“.

გიორგი სამანიშვილი

გიორგი სამანიშვილი

ლოტის ნომერს ასევე ცნობს მოქმედი კანონი, თუმცა როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ამბობს, შეიცვალა – დაიხვეწა განმარტება.

„ლოტის ნომერი – ეს არის, ფაქტობრივად, პარტიის ნომერი. უფრო იოლად გასაგები რომ იყოს: თუ ჩვენ ღვინოს ვაწარმოებთ ხუთ კასრში, ჩვენ გვაქვს ხუთი განსხვავებული ღვინო, რომლებიც ქიმიურადაც და გემოთიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან. თუ ამ ღვინოებს ერთმანეთში შეურევთ, მაშინ გვექნება ერთი პარტია, ერთი ფიზიკურ-ქიმური და გემოვნური თვისებებით და ექნებოდა ერთი ლოტის ნომერი. თუ ცალ-ცალკე ჩამოისხმებოდა, მაშინ იქნებოდა ხუთი ლოტი და ხუთი განსხვავებული ლოტის ნომერი“, – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ გიორგი სამანიშვილმა, რომლის თქმითაც, საერთო ჯამში, ღვინისა და ვაზის კანონში შესატანი ცვლილებები ემსახურება იმას, რომ კანონი იყოს უფრო მოქნილი და მორგებული რეალობას. შედეგად, ყურძნისა და ღვინის ადგილობრივი მწარმოებლები მეტად კომფორტულად იგრძნობენ თავს, ხოლო ღვინის ადგილობრივ და უცხოელ მომხმარებლებს მეტი ინფორმაცია და ცხადი წარმოდგენა ექნებათ ამა თუ იმ მარკის ქართული ღვინის შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG