Accessibility links

logo-print

კანონი რომელიც არღვევს კონსტიტუციას


Russia -- Russian President Vladimir Putin holds his annual press conference in Moscow, December 17, 2015

Russia -- Russian President Vladimir Putin holds his annual press conference in Moscow, December 17, 2015

ამ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც, ექსპერტების განმარტებით, არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას.

ახალ კანონს, რომელიც დაშვებულად აცხადებს საერთაშორისო სასამართლოების ვერდიქტების უარყოფას, შესაძლოა მოჰყვეს რუსეთის გასვლა ევროსაბჭოდან, თუ კანონს გამოიყენებენ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების უგულებელსაყოფად. ამ სასამართლოს მრავალჯერ აქვს მიღებული გადაწყვეტილება მოსკოვის წინააღმდეგ, მრავალჯერ დაუკისრებია მისთვის მომჩივანი მხარისთვის ზარალის ანაზღაურება.

მაგრამ ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 14 დეკემბერს მოაწერა ხელი, საკუთრივ რუსეთის კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება.

“ეს კანონი გასაოცარია, რადგან არღვევს არა მარტო ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების სასამართლოს პრინციპებს, არამედ სახელმწიფო კონსტიტუციასაც“, - უთხრა ჩვენს რადიოს სამართლის ექსპერტმა, ჰოლანდიაში მოღვაწე დიმიტრი კოჩენოვმა.

რუსეთის კონსტიტუციის მე-15 მუხლის მეოთხე პუნქტით, თუ რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს რუსეთის კანონმდებლობისაგან განსხვავებულ ზომებს, უპირატესი იურიდიული ძალა აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზომებს.

მაშინ, როცა ახალი კანონი რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას განსაზღვროს, მართებულია თუ არა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება, მისგან მოითხოვს, იხელმძღვანელოს რუსეთის კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპით. აქვე უნდა ითქვას, რომ ახალი კანონი ბევრს მიაჩნია მოსკოვის რეაქციად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოს შარშანდელ ვერდიქტზე, რომლითაც რუსეთს დაევალა ორ მილიარდამდე ევროს გადახდა ნავთობკომპანია „იუკოსის“ აქციების მფლობელებისათვის. დიმიტრი კოჩენოვი „აბსურდულს“ უწოდებს ახალ კანონს.

„გაოგნებული ვარ მისი აბსურდულობით! მე რომ ვიყო ასეთი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო, რასაკვირველია, მაშინვე დავუპირისპირდებოდი ამ კანონს. ის არაკონსტიტუციურია, რადგან კონსტიტუციის დაცვას ასახელებს ოფიციალურ მიზნად, მაშინ როცა, ამავდროულად, ის, რასაც აღწევს, სწორედაც რომ კონსტიტუციის დარღვევაა“, - ამბობს კოჩენოვი.

რუსეთმა 1998 წელს მოახდინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირება, რის შედეგადაც დაექვემდებარა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისდიქციას. ბევრისათვის რუსეთში სწორედ ამ სასამართლოს უკავშირდება იმედი, რომ ზარალს აუნაზღაურებენ კანონდარღვევისათვის, რომელიც მათთან მიმართებით ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებამ. ყოველ წელს რუსეთის ათასობით მოქალაქე მიმართავს საჩივრებით საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, განთავსებულ სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევების გამო - იქნება ეს ძალადობა ციხეებში, არმიაში, უკანონო თვალთვალი თუ მკვლელობებისა და დაკარგულ პირთა საქმეების არასათანადოდ გამოძიება.

ჯერ არ არის ნათელი, რა შედეგი მოჰყვება ახალ კანონს რუსეთის, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე ხელმომწერის, სტატუსისთვის. ცნობილმა რუსმა უფლებადამცველმა ლიუდმილა ალექსეევამ გასულ კვირაში „ძალიან სამწუხარო“ უწოდა კანონის მიღებას, რომელიც რუსეთს, მისი აზრით, შესაძლოა ევროსაბჭოს წევრობის დაკარგვად დაუჯდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG