Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონპროექტი სახელმწიფო ენის დასაცავად


პარლამენტში ინიცირებულია „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტი. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, უნდა განისაზღვროს სახელმწიფო ენის სტატუსი. შეიქმნება ასევე სახელმწიფო ენის ნორმების დამდგენი კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ივანე კიღურაძის განმარტებით, შეიქმნება სახელმწიფო ენის დეპარტამენტიც, რომელსაც ენის ნორმების დადგენა და მათზე ზედამხედველობა დაევალება. ენათმეცნიერები ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დროული და აუცილებელიც იყო.

ჯარიმები იშვიათ შემთხვევებში იქნება გამოყენებული, მაგალითად, თუ დაირღვა აბრების წარწერები, - ეს ჩვენს მოსახლეობას ხომ აღიზიანებს. მედიას არავითარი სანქციები ამასთან დაკავშირებით არ უწესდება...
ივანე კიღურაძე

„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის ინიცირებასთან ერთად ცვლილებები შევა „მაუწყებლობის შესახებ კანონშიც“. ინიციატივა, კანონის დონეზე დარეგულირდეს ენის ნორმები, ეკუთვნის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტს. ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტს გავლილი აქვს ვენეციის კომისიის ექსპერტიზაც. დავით უსუფაშვილის განმარტებით, ასეთი გრძელი გზის გავლა კანონპროექტს მისი უკიდურესად მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესის გამო მოუწია.

როგორც გამოცემა „ლიბერალთან“ საუბარში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ განმარტა, შეიქმნება სახელმწიფო ენის ნორმების დამდგენი კომისია და გამოყენებული იქნება გარკვეული სანქციები ნორმების დარღვევისთვის, თუმცა ეს არ შეეხება ზეპირმეტყველებაში დაშვებულ შეცდომებს:

„ენის ნორმებს ადგენენ სპეციალისტები, სპეციალისტებისგან შეიქმნება სახელმწიფო ენის ნორმების დამდგენი კომისია, რომლის ხელმძღვანელიც იქნება ქვეყნის პირველი პირი - პრემიერ-მინისტრი, აგრეთვე შეიქმნება სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელსაც დაევალება ენის ნორმების გატარება... ჯარიმები იშვიათ შემთხვევებში იქნება გამოყენებული, მაგალითად, თუ დაირღვა აბრების წარწერები, - ეს ჩვენს მოსახლეობას ხომ აღიზიანებს. მედიას არავითარი სანქციები ამასთან დაკავშირებით არ უწესდება“.

ენის სიწმინდის დაცვის საკითხზე მუშაობა 1988 წლიდან დაიწყოო, ამბობს ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ავთანდილ არაბული. მისი თქმით, სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საფუძველია სახელმწიფო ენა და მისი ნორმები კანონმდებლობით უნდა იყოს დარეგულირებული. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ენის ნორმების დაცვა მოაგვარეს სწორედ ასე, ანუ კომისიის შექმნით. ასე მოხდა მრავალ ევროპულ ქვეყანაში:

ავთანდილ არაბული
ავთანდილ არაბული

„ყველა - ჟურნალისტიც, მეცნიერიც, პედაგოგიც და სხვა - კანზე ვგრძნობთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ყურით ვისმენთ, რა მდგომარეობაა სახელმწიფო ენის ფუნქციონირების თვალსაზრისით. ნორმები და სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვა ერთია, მაგრამ მეორეა, რამდენად აქვს სახელმწიფო ენას ის უფლებამოსილება, რომელიც მას კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული. თბილისიდან ბათუმამდე რომ ვიმგზავროთ, აღმოვაჩენთ, რომ რამდენიმე ათასი - ორი ათასზე მეტიც - წარწერა არაქართულენოვანია, ქართულის გარეშე არის გამოკრული აქა-იქ. რომ წავიდეთ რეგიონებში, ვნახავთ, რომ, ქართული ენის გამოყენების თვალსაზრისით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მთელ რიგ ორგანიზაციებში სახელმწიფო ენის უფლებები არ არის დაცული. ასე რომ, ობიექტურად ნამდვილად არსებობს მოთხოვნა იმისა, რომ, როგორც ყველაფერი ცივილიზებულ ქვეყანაში რეგულირდება კანონების საფუძველზე, ამ სფეროში დარეგულირდეს კანონებით სახელმწიფო ენის უფლება-მოვალეობანი“.

ავთანდილ არაბულის თქმით, სანქციები იარსებებს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ენის ფიზიკურად ფიქსირებულ გამოსახულებებზე, ანუ სარეკლამო და გარე წარწერებზე. რეგულაციები არ შეეხება სამეტყველო ენას.

ენის სიწმინდის დასაცავად იარსებებს ორი ინსტიტუცია: ერთი - საზოგადოებრივი - ეს არის სახელმწიფო ენის სახელმწიფო კომისია, რომელიც თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმებს თავიდან დაამტკიცებს და ორთოგრაფიულ ლექსიკონ-ცნობარებს გამოაქვეყნებს და შემდეგ მისი დაცვის აუცილებლობის პროპაგანდას შეუდგება - და, მეორე, შეიქმნება სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. ეს იქნება სამთავრობო სტრუქტურა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს კანონისა და ნორმების განხორციელებას.

სახელმწიფო ენის შესახებ კანონის არსებობის უცილებლობა უკვე დიდი ხანია დგასო, ამბობს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ რედაქტორი ანა ჭაბაშვილი. მისი თქმით, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქართული ენის სიწმინდე და მისი ნორმები საბჭოთა დროში გაცილებით უკეთ იყო დაცული და ამ საქმეს კურირებდა სახელმწიფო კომისია, ანუ სახელმწიფო მხარს უჭერდა ენის სიწმინდის დაცვას. ნორმებს ადგენდა ენათმეცნიერების ინსტიტუტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი და ზედამხედველობას უწევდა სახელმწიფო კომისია, რომ პრესაში, გამომცემლობებში, წიგნებსა თუ სახელმძღვანელოებში დაცული ყოფილიყო ქართული ენის ნორმები. ანა ჭაბაშვილის თქმით, ენა ვითარდება, წესები იცვლება, მაგრამ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ანუ თითქმის 20 წელია, ენის სიწმინდის დაცვაზე ძალიან ნაკლებად ზრუნავდნენ. მართალია, იქმნება სხვადასხვა დამხმარე საშუალებები, წიგნები, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი და თუ აქტიურად იმუშავებს ეს კომისია, დიდი პროგრესი იქნება ენის სიწმინდის დაცვაში:

ანა ჭაბაშვილი
ანა ჭაბაშვილი

„ბევრი მსჯელობს ასე: ენა განვითარდა და დღეს ყველა ასე ამბობს - ჩნდება ახალი სიტყვები, ახალი გამოთქმები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა. ბევრი ვიცით ასეთი, აქამდე არარსებული სიტყვები. მაგალითად, როცა ამბობენ „დამიხურდავეს“ მაგივრად „დამიშალე“ - ეს ისე შემოვიდა ენაში, რომ ის ლამისაა ენის კუთვნილება გახდეს და ენის კუთვნილება ესა თუ ის სიტყვა ხდება მაშინ, თუ მას იხმარს მედია და მწერალი. და რამდენად საჭიროა ასეთი სიტყვების დამკვიდრება, რამდენად უნდა გავუწიოთ მათ წინააღმდეგობა, თუ არ გავუწიოთ ან ვერ გაუწიოთ? აი, ეს არის ცალკე საკითხი“.

ანა ჭაბაშვილის თქმით, მეორე საკითხია ენაში უცხო სიტყვებისა და ტერმინების შემოდინება. დღეს მთლიანად შეწყვეტილია ენაზე მუშაობა ამ თვალსაზრისით და ახალი ტერმინები კი არ ითარგმნება, მაგალითად, ფსიქოლოგიაში, არამედ უკვე არსებული და დამკვიდრებული ქართული შესატყვისი ტერმინებიც იგნორირებულია და ისევ უცხო ტერმინოლოგიას უბრუნდებიან.

როგორც ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული ამბობს, სპეციალისტები ყოველდღიურად დააკვირდებიან სალიტერატური ენის დარღვვებს და, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შემდეგ, ამ განზოგადებულ შეცდომებს მედიას და სხვადასხვა ორგანიზაციებს მიაწვდიან.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG