Accessibility links

logo-print

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ე. წ. კანონიერი ქურდი, დავით გერლიანი, მეტსახელად „სვანი“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის მაშინ აიყვანეს, როდესაც საქართველოდან სომხეთში უკანონოდ გადასვლას ცდილობდა. სამი დღით ადრე, 19 ივნისს, დავით გერლიანი დაუბრკოლებლად შემოვიდა საქართველოში, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო მწვავედ გააკრიტიკა მედიამ და ოპოზიციამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 22 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დავით გერლიანის მიერ საქართველოს საზღვრის შეუფერხებლად გადმოკვეთის შესახებ.

საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც ე. წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად „სვანი“, თბილისის აეროპორტში შემოდის.

გიორგი მღებრიშვილი

გიორგი მღებრიშვილი

„სამი დღის მანძილზე უწყებამ [შინაგან საქმეთა სამინისტრომ] გააზრებულად არ გააკეთა კომენტარი, რათა ხელი არ შეშლოდა საგამოძიებო მოქმედებებს. ზემოთ აღნიშნული პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით დაწყებული გამოძიების შედეგად, საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას დაკავებულ იქნა აღნიშნული პირი“, - ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

ინფორმაცია ე. წ. კანონიერი ქურდის უკრაინიდან საქართველოში დეპორტაციის შესახებ 18 ივნისს გაავრცელა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა გივი თარგამაძემ. მან გამოაქვეყნა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ აკავებენ უკრაინელი სამართალდამცავები დავით გერლიანს.

22 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გივი თარგამაძე ამბობს, კანონიერ ქურდს შემთხვევით არ გადმოუკვეთია საქართველოს საზღვარი უპრობლემოდო:

„ეს არის წინასწარი გარიგება და ის [გერლიანი], უბრალოდ, გაატარეს საზღვარზე და შემდეგ საზოგადოებრივი ინტერესის გამო მოუხდათ მისი დაკავება“.

საქართველოს კანონმდებლობით, ქურდული სამყაროს წევრობა ან კანონიერი ქურდობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან 10 წლამდე.

[საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი] მიხეილ სააკაშვილი არის ოდესის გუბერნატორი და უკრაინაში საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკოსი და საქართველოს მთავრობას ეს არ მოსწონს...

მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უკრაინელი კოლეგებისგან არ მიუღია შეტყობინება ე. წ. კანონიერი ქურდის საქართველოში დეპორტაციის შესახებ, ამიტომაც შეძლო მან ქვეყანაში შეუფერხებლად შემოსვლა:

„ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართეთ უკრაინელ კოლეგებს და ვთხოვეთ განმარტება, იყო თუ არა აღნიშნული პირის უკრაინული პასპორტი ავთენტური და თუ არა, მაშინ რატომ არ ჩამოართვეს“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ უწყებებს შორის არშემდგარი კომუნიკაციის შესაძლო მიზეზებზე ლაპარაკობს.

„[საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი] მიხეილ სააკაშვილი არის ოდესის გუბერნატორი და უკრაინაში საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკოსი და საქართველოს მთავრობას ეს არ მოსწონს“.

შესაძლოა ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაცივდაო, ამბობს ალექსანდრე კუხიანიძე, თუმცა დასძენს, რომ არ შეიძლება მსგავსი პრობლემები შეიქმნას, როდესაც საქმე დანაშაულთან ბრძოლას ეხება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG