Accessibility links

logo-print

პარლამენტი დაჩქარებული წესით აპირებს ცვლილებები შეიტანოს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“. ცვლილებები შეეხება გადაუდებელი აუცილებლობის შემთვევაში ჩხრეკა-ამოღების დროს გამომძიელის საქმიანობას. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩასატარებელი ჩხრეკა-ამოღებისას გამომძიებლის მიერ შესაბამისი დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ იქნება, საკმარისი იქნება პირს გამომძიებელმა ჩხრეკისა თუ ამოღების საფუძველი განუმარტოს. ცვლილებების შინაარსს არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი, სამოქალაქო სექტორის შეფასებით კი, ცვლილებები სამართალდამცავთა საქმიანობის გამარტივებას ემსახურება.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები“ პარლამენტს დეპუტატებმა მანანა კობახიძემ, დავით საგანელიძემ, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და პაატა კიკნაველიძემ წარუდგინეს. ცვლილებების თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩასატარებელი ჩხრეკა-ამოღებისას გამომძიებლის მიერ შესაბამისი დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ იქნება. ასეთ დროს საკმარისი იქნება გამომძიებელმა პირს, რომელთანაც საგამოძიებო მოქმედება ტარდება, ჩხრეკისა თუ ამოღების საფუძველი განუმარტოს.

კი არ ეცნობება დადგენილება, არამედ განემარტება საფუძველი, იმიტომ რომ თავისთავად ეს „დადგენილება“,ცვლილებით, რომელიც განხორციელდა, აღარ უნდა იყოს ამ მუხლში.ეს, მე ვფიქრობ, არის უფრო ტექნიკური გამორჩენა ამ საკითხის და ეს ცვლილება, რომელიც ახლა ხორციელდება, უბრალოდ...

როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე განმარტავს, კანონში ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და ის შესაბამისობაში მოდის 2012 წლის ზაფხულში კანონში შესულ ცვლილებებთან. „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 112-ე მუხლში ცვლილება შევიდა, თუმცა 120-ე მუხლში სიტყვა დადგენილება მაინც დარჩა, ამბობს მანანა კობახიძე, რომლისგანმარტებითაც, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკა-ამოღების თაობაზე დადგენილების გამოტანას აბსოლუტურად ფორმალური ხასიათი ჰქონდა და ის არ წარმოადგენდა პირის უფლებათა დაცვის გარანტიას. მისივე სიტყვებით, მთავარია პირს, რომლის კერძო საკუთრებაშიც ჩხრეკა-ამოღების პროცედურა ხორციელდება, განემარტოს, რატომ ხდება ჩხრეკისა და ამოღების ჩატარება და რატომ არ არის სასამართლოს განჩინება:

„კი არ ეცნობება დადგენილება, არამედ განემარტება საფუძველი, იმიტომ რომ თავისთავად ეს „დადგენილება“,ცვლილებით, რომელიც განხორციელდა, აღარ უნდა იყოს ამ მუხლში.ეს, მე ვფიქრობ, არის უფრო ტექნიკური გამორჩენა ამ საკითხის და ეს ცვლილება, რომელიც ახლა ხორციელდება, უბრალოდ, შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს და არ უნდა იქნეს გაგებული, რომ აი, თურმე მანამდე ეს ‘დადგენილება’ არსებობდა და ახლა ჩვენ ამას ვაუქმებთ. შესაბამისობაში მოყვანას აქვს ადგილი, ანუ ერთი ნორმის შინაარსი შესაბამისობაში მოდის მეორე ნორმის შინაარსთან“.

ამ ინიციატივას ეჭვის თვალით ვუყურებ, იმის გათვალისწინებით, რომ გამომძიებელმა განუმარტოს ჩხრეკის საფუძველი, შეიძლება მუდმივი დავის საგანი გახდეს სასამართლოში. მე ვფიქრობ, ყველა შემთხვევაში უმჯობესია მოტივირებული, დასაბუთებული დადგენილების არსებობა...

მანანა კობახიძის თქმით, კანონის თანახმად, შემდგომში იწერება ოქმი, თუ რამდენად სწორად ტარდება ჩხრეკა თუ ამოღება. ოქმსეცნობა მხარე, პირი, რომლის მიმართაც ეს ჩხრეკა-ამოღება ტარდება და ადასტურებს თანხმობას ხელმოწერით. თუ არ ეთანხმება, შეაქვს შენიშვნები.

ამ საკანონმდებლო ინიციატივას ეჭვის თვალით უყურებს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილიც. „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი დეპუტატის, გიგლა აგულაშვილის სიტყვებით, გამომძიებლის მიერ მხოლოდ განმარტება, თუ რატომ ხდება პირის ჩხრეკა, მუდმივი დავის საგანი შეიძლება გახდეს სასამართლოში, თუ არ არსებობს შესაბამისი დადგენილება:

„ამ ინიციატივას ეჭვის თვალით ვუყურებ, იმის გათვალისწინებით, რომ გამომძიებელმა განუმარტოს ჩხრეკის საფუძველი, შეიძლება მუდმივი დავის საგანი გახდეს სასამართლოში. მე ვფიქრობ, ყველა შემთხვევაში უმჯობესია მოტივირებული, დასაბუთებული დადგენილების არსებობა, იმისათვის რომ შემდგომში არსებობდეს ამ ქმედების გასაჩივრების ლეგიტიმური საფუძვლები“.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, დეპუტატ გედევან ფოფხაძის მედიისთვის მიცემული კომენტარის თანახმად, ამ ცვლილების მიზანია ის, რომ ოპერატიული მოქმედებების დროს „გამომძიებელმა დოკუმენტებსა და ბიუროკრატიულ ღონისძიებებზე არ იფიქროს“, რომ მათ დანაშაულთან იბრძოლონ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის, გუგული მაღრაძის თქმით კი, სამართალდამცავებს თავად უნდა ჰქონდეთ კომპეტენცია თავისი შეხედულებისამებრ შეაფასონ ვითარება და დადგენილების გარეშე ჩაატარონ პირის საკუთრებაში ჩხრეკა:

„ასეთი ტიპის მოვლენა არ არის უცხო დემოკრატიული ქვენებისთვის. აქ საუბარი იმაზეა, რომ პოლიციელს უნდა ჰქონდეს სიტუაციის ზუსტი შეფასების უნარი, როდის არის ეს აუცილებელი და გადაუდებელი“.

დავუშვათ, დაირღვა კანონი ან დანაშაული არ ჩაუდენია პირს, ამ დროს დოკუმენტი მტკიცებულებაა, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება იდაო, რომ არსებითი დარღვევით იქნა ჩხრეკა ჩატარებული და, მეტი ალბათობით, შესაძლებელია სასამართლომ იმსჯელოს მის დაუშვებლობაზე...

თუმცა სისხლის სამართლის სპეციალისტების უმრავლესობა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“მიიჩნევს, რომ ჩხრეკა-ამოღება არის პროცედურა, რომელიც ინტენსიურ ჩარევას წარმოადგენს ადამიანის უფლებების პირად სფეროში და ასეთ დროს მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ადამიანის საკუთრების უფლება და ბოროტად არ იყოს გამოყენებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებები.

იმის ალბათობა, რომ ადგილი ექნება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან თვითნებობასა და გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის გამართლებას, მაღალია, მიჩნევენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.ორგანიზაციის იურისტის, მაია ხუციშვილის სიტყვებით, როგორც წესი, ამ დადგენილებას გამომძიებლები პირებს ადგილზე ადრეც არ აცნობდნენ, მაგრამამის გამო ისინი დაობდნენ ან ოქმს ხელს არ აწერდნენ, - ამბობს მაია ხუციშვილი:

„დავუშვათ, დაირღვა კანონი ან დანაშაული არ ჩაუდენია პირს, ამ დროს დოკუმენტი მტკიცებულებაა, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება იდაო, რომ არსებითი დარღვევით იქნა ჩხრეკა ჩატარებული და, მეტი ალბათობით, შესაძლებელია სასამართლომ იმსჯელოს მის დაუშვებლობაზე. და როცა უფლებას ვაძლევთ გამომძიებელსდა ვეუბნებით, რომ სიტყვიერად განუმარტოს,უფრო მეტი ლავირების საშუალებაა და მე, როგორც ადვოკატმა, როგორ ვამტკიცო სასამართლოზე შემდგომში, განუმარტა თუ არ განუმარტა ზოგადად უფლებები და არსებობს თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა“.

კანონის მოქმედი ნორმის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების პროცედურის კანონიერებაზე სასამართლო მსჯელობს, შუამდგომლობას წარუდგენს გამომძიებელი. სასამართლო გადაწყვეტილებას 24 საათში იღებს, თუმცა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ თუ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოქმედი ნორმა გაუქმდება, პირს გაუჭირდება იდაოს, ჰქონდა თუ არა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მის მიმართ არამართლზომიერ ქმედებას ადგილი.

XS
SM
MD
LG