Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაპადოკია - სამოთხე ჩვენთან ახლოს


გორემე, კაბადოკია
გორემე, კაბადოკია

რუბრიკაში „მოგზაური“ დღეს შევხვდებით ბექა ბერიკაშვილს, რომელიც თავისი თავგადასავლებიდან თურქეთში 2-კვირიანი მოგზაურობის ამბავს გვიყვება და კაპადოკიის მონახულებას გვირჩევს. კაპადოკია ქართველი მოგზაურებისა და ტურისტებისთვის, სიახლოვის გამო, ადვილად დასაორგანიზებელი მიმართულებაა, იქაური სანახაობა კი მეტად შთამბეჭდავია.

კაპადოკია ხასიათდება განსაკუთრებით საინტერესო ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტებით, კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა ქალაქებით, რომლებიც ძვ. წ. I ათასწლეულში დაარსდა. კაპადოკიაში მდებარე გორემეს ეროვნული პარკი და კაპადოკიის კლდეში ნაკვეთი დასახლება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის გინესის სიაშია შეტანილი.

კაპადოკია - სამოთხე ჩვენთან ახლოს
please wait

No media source currently available

0:00 0:03:34 0:00
გადმოწერა

“თურქეთი არის ძალიან საინტერესო ქვეყანა, თურქეთი არის უზარმაზარი ისტორიის მქონე და კულტურულად ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც უამრავი ხალხი და უამრავი კულტურა არსებობდა, ხეთებით დაწყებული და ბერძნული, ბიზანტიური კულტურით გაგრძელებული. მოკლედ, გადასარევი ქვეყანაა და მე ვიცი, რომ ქართველები სამოგზაუროდ იშვიათად ირჩევენ მას. ვერ ვხვდები, რატომ, იმიტომ რომ ახლოს არის და გვგონია, სხვა დროს წავალთ, თუ რაიმე სხვა მიზეზია. მაგალითად, მე ძალიან საინტერესო ორკვირიანი მოგზაურობა მქონდა თურქეთში. აქედან წავედი ავტობუსით სამსუნში, სამსუნიდან გადავედით ამასიაში, რომელიც არის პატარა, კლდეებიანი ქალაქი გამოქვაბულებით, მაგრამ ეს, იმასთან შედარებით, არაფერი იყო, რაც მერე ვნახე. სულ მინდოდა კაპადოკიაში მოგზაურობა და წავედი კაპადოკიისკენ და აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საოცრება, რაც ოდესმე მინახავს”.

კაპადოკიაში ყველაზე შთამბეჭდავი ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრებაა.

“ამერიკული კანიონებისგან და კლდეებისგან განსხვავებით, რაც კაპადოკიას აქვს ყველაზე კარგი, არის ის, რომ აქ ხალხი ცხოვრობდა და ცხოვრობს გამოქვაბულებში. მაგალითად, სასტუმროში ვიყავი, რომელიც იყო გამოქვაბულში, რომელიც გამოიჭრა, ალბათ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე. მართალია, ცოტა ძვირი ღირდა, - დაახლოებით 5 დოლარით მეტი გადავიხადე, - მაგრამ ეს ღირდა. ხალხი დღესაც ასე ცხოვრობს. ეს არის ძალიან შთამბეჭდავი - ადამიანისა და ბუნების შერწყმის ყურება”.

გორემე
გორემე

გარდა იმისა, რომ კლდეში ნაკვეთი ქალაქები უკვე საუკუნეებს ითვლის და საინტერესო სტრუქტურისაა, შთამბეჭდავია მათი არქიტექტურაც - აივნიანი გამოქვაბულები, შიდა საკავშირო გვირაბები და ა.შ. უნიკალური ადგილების უკეთ დასათვალიერებლად ტურისტების საყვარელი გასართობი საჰაერო ბუშტით ფრენაა.

“საჰაერო ბუშტითაც გადავუფრინე კაპადოკიას. განსაკუთრებული არის ეს საჰაერო ბუშტი,. მსოფლიოში ცნობილია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადგილი. ეგვიპტეშიც მიფრენია, თუმცა იქ იმდენად ბევრ რამეს ვერ ხედავ ფრენისას, მეფეთა ველს გადავუფრინე და ეგ იყო”.

კაპადოკიაში მოგზაურობა დაინტერესებულ პირს არც ისე ძვირი დაუჯდება. ვიზა საჭირო არ არის, მგზავრობა კი, ახლო მანძილიდან გამომდინარე, ავტობუსით ან მანქანითაც შესაძლებელია. იმ შემთხვევაში, თუ ამ გზას დაადგებით, შეგიძლიათ ბექასგან ერთი რჩევაც გაითვალისწინოთ:

“მე მგონია, რომ კაპადოკიაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელა, უნდა იმოგზაურო ზაფხულში. როცა ძალიან გცხელა, უდაბნოს გრძნობ ყველა უჯრედით და ხარ გაოფლიანებული, გასავათებული და ადიხარ კლდეზე, ასე უფრო კარგად გრძნობ, როგორ ცხოვრობდნენ აქ ადამიანები, რამდენად მნიშვნელოვანი იყო წყალი, რომელიც მოდიოდა, მაგალითად. თუ გინდა, რომ კარგად შეიგრძნო კაპადოკია, ზაფხულში უნდა იმოგზაურო. მართალია, ზამთარშიც არ ცივა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ყველაზე ცხელი თვე უნდა აირჩიო. ჩემი მოგზაურობა ამიტომ აგვისტოს დაემთხვა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG