Accessibility links

25 ნოემბერს საქართველოს 14 ქალაქში სხვადასხვა დროს იმართება აქციები ნაადრევი ქორწინების გასაპროტესტებლად. მოძრაობა, სახელწოდებით „ნუ გაათხოვებ!“ საქართველოდან ეხმიანება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ 16-დღიან ციკლს, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე გრძელდება. საქართველოში წელს ყურადღება ნაადრევ ქორწინებაზე გამახვილდა, რადგან ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ დღეს სწორედ ესაა ქვეყნის მთავარი პრობლემა გენდერული ჩაგვრის კუთხით.

თბილისში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ახალქალაქში, გარდაბანში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულში, ოზურგეთში, ქობულეთში, დუისსა და ბორჯომში 25 ნოემბერს მოქალაქეები ნაადრევ ქორწინებას გააპროტესტებენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2014 წელს 31 ათასზე მეტი ადამიანი დაქორწინდა, აქედან კი 4 ათასამდე, ანუ 13 პროცენტი, არასრულწლოვანი გოგონაა. აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ეს პრობლემა ერთნაირად მწვავეა როგორც ქალაქში, ასევე რეგიონებში, თუმცა საქმე კიდევ უფრო რთულდება ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში. სწორედ ამაზე ლაპარაკობს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელი ლიკა იმერლიშვილი:

„კახეთში - პანკისის ხეობაში, ასევე, თელავთან ახლოს, ყარაჯალაში, რომელშიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს, ხშირად ძალადობენ არასრულწლოვან გოგონებზე მათი გათხოვების მიზნით. რამდენიმე შემთხვევაც იყო, როდესაც ამის გამო გოგონებმა თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე“.

სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ეს პრობლემა არსებობს, რეალურია, ამიტომ ამას ვერ დავმალავთ და ვერ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ ეს პრობლემა არ არის...

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 1999 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეამ დააფუძნა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა. ამ საკითხს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. ომბუდსმენის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ, სახელმწიფოს მიერ ამ კუთხით გადადგმული არაერთი ნაბიჯის მიუხედავად, ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ქვეყანაში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი პრობლემაა:

„ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საუბრისას, არ შემიძლია არ აღვნიშნო გოგონათა მიმართ ძალადობის ისეთი ფორმა, როგორიცაა ადრეულ ასაკში ქორწინება. ძალიან მაღალია ადრეული ქორწინების შემთხვევები, რაც, სამწუხაროდ, სტატისტიკის გარეთ დარჩენილი ციფრებია. 2015 წლის პირველ ნახევარში 16-დან 18 წლამდე პირთა (როდესაც ერთი პირი მაინც იყო არასრულწლოვანი) 265 ქორწინება დარეგისტრირდა, თუმცა გაცილებით მაღალია ადრეულ ასაკში არაფორმალური ქორწინებები. ამაზე მეტყველებს იმ გოგონათა რიცხვი, რომლებიც შვილის გაჩენის მომენტში არასრულწლოვნები იყვნენ. 2014 წელს ასეთი 1527 არასრულწლოვანი დედა დარეგისტრირდა“.

არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ორგანიზატორები აღნიშნავენ იმასაც, რომ ხშირად მშობლები შვილებს ფინანსური სარგებლის გამო აქორწინებენ - მათ, ფაქტობრივად, ფულში ან საქონელში ცვლიანო, ამბობენ.

ამ პრობლემაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამაც:

„სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ეს პრობლემა არსებობს, რეალურია, ამიტომ ამას ვერ დავმალავთ და ვერ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ ეს პრობლემა არ არის“.

იდა ბახტურიძე

იდა ბახტურიძე

გენდერის მკვლევარი იდა ბახტურიძე მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანთა ქორწინების აღმოსაფხვრელად სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა მუშაობდეს. მისი აზრით, პირველი ნაბიჯი სწორედ პრობლემის აღიარებაა:

„სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფოს ამ პრობლემის სიმწვავე არ აქვს გააზრებული. ბოლომდე არც ვიცით, ეს რა მასშტაბის პრობლემაა, იმიტომ რომ ოფიციალური სტატისტიკა ერთია, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რეალობა გაცილებით მძიმეა“.

სახელმწიფო, ერთი მხრივ, აღიარებს, რომ პრობლემა არსებობს, თუმცა მის სიმწვავეს ვერ ხედავსო, ამბობს იდა ბახტურიძე. მისი თქმით, 25 დეკემბერს დაწყებული კამპანია ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ხელს შეუწყობს ინფორმაციის გავრცელებას და ეს საკითხი ისევე წამოიწევს წინ, როგორც ოჯახში ძალადობისა და ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის შემთხვევაში მოხდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG