Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

70 წლის რადოვან კარაჯიჩის ორმოცწლიანი პატიმრობა მიესაჯა


რადოვან კარაჯიჩს 40 წლით პატიმრობა მიესაჯა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:04 0:00

გაეროს ჰააგის ტრიბუნალის მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებას მშვიდი სახით უსმენდა განსასჯელის სკამზე მჯდომი 70 წლის რადოვან კარაჯიჩი, ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო 1995 წლის სრებრენიცის გენოციდსა და რამდენიმე მძიმე სამხედრო დანაშაულში.

ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა დადასტურებულად მიიჩნია კარაჯიჩისათვის პროკურატურის მიერ წარდგენილი 11-დან 10 ბრალდება, მათ შორის, სრებრენიცის გენოციდის მოწყობა და 1992-1995 წლების სისასტიკე, რასაც 100 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ტრიბუნალმა მას 40 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ყოფილი ექიმი ფსიქიატრი რადოვან კარაჯიჩი ბოსნიელ სერბთა ლიდერად 1980-იანი წლების ბოლოს იქცა და მისი აღზევება კარგად ახსოვს ჩვენს კოლეგას გორდანა კეზევიჩს, რომელიც იმხანად სარაევოში გამომავალ გაზეთ „ოსლობოჟდენიეს“ რედაქტორად მუშაობდა:

„იგი გამოჩნდა იმ დროს, როდესაც ნაციონალიზმი აღზევდა. ლაპარაკობდა გასაგებად, მარტივად, ნაციონალისტური მესიჯებით. ამბობდა იმას, რაც აკრძალული იყო. ყოფილ იუგოსლავიაში ყველაფრის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ აკრძალული იყო სხვა ეროვნული ჯგუფების ცუდად ხსენება და მოულოდნელად გამოჩნდა ვიღაც, ვინც არად დაგიდევდათ ამ პოლიტკორექტულობას, რის გამოც ყველას სურდა მისი მოსმენა“.

ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა 497-ჯერ ჩაატარა სხდომა რადოვან კარაჯიჩის საქმეზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი თავად იცავდა საკუთარ თავს. თავის დასაცავ წერილობით განცხადებაში კარაჯიჩი ამბობდა, რომ ის არ უნდა დაისაჯოს, თუმცა აღიარებდა მორალურ პასუხისმგებლობას, როგორც ბოსნიელი სერბების ლიდერი ომის პერიოდში. გორდანა კნეზევიჩი იხსენებს, რომ კარაჯიჩს შესანიშნავად შეეძლო მასების მანიპულირება:

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კარაჯიჩი იყო ფსიქიატრი და სოციალური ფსიქოლოგია მის ერთ-ერთ სპეციალობას წარმოადგენდა. ჩემთვის ყოველთვის აშკარა იყო, რომ იგი სოციალური ჯგუფების სამართავად იყენებდა იმ ცოდნას, რაც მათი ქცევის შესახებ გააჩნდა“.

70 წლის კარაჯიჩი ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც ტრიბუნალმა გაასამართლა. პროკურატურის 11 ბრალდებიდან სასამართლომ მხოლოდ ერთი არ გაიზიარა, კერძოდ, ტრიბუნალმა გენოციდად არ ჩათვალა 1992-95 წლების სამხედრო ალყის კამპანია, რის გამოც ბოსნიის ქალაქებიდან დიდი რაოდენობით ბოსნიელი მუსლიმანი და ეთნიკური ხორვატი გაიხიზნა.

ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი ასევე იძიებს კიდევ ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო ლიდერის რატკო მლადიჩის დანაშაულს. გენერლის საქმეზე სასამართლომ განაჩენი 2017 წელს უნდა გამოაცხადოს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG