Accessibility links

დღეს, შუადღით, კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრისას, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სოფელში დევნილებთან შესახვედრად კახი კალაძე, გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი და კოალიციის სხვა წარმომადგენლები ჩავიდნენ. სოფელში იმყოფებოდა გიორგი ყარყარაშვილიც. მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა "ქართული ოცნების" აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მოქალაქეების ზემოხსენებულმა ჯგუფმა "ქართული ოცნების" აქტივისტებს ქვები ესროლა და ჯოხებით დაიწყო ჩხუბი, რის დროსაც დაახლოებით 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან საინფორმაციო სააგენტო “ინფო-9”- ის, ადგილობრივი ტელეკომპანია “თრიალეთის” ჟურნალისტები და ინტერნეტგამოცემა “ქართლი.გეს” რედაქტორი საბა წიწიკაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის დევნილი ქალებიც არიან. ინციდენტის შემდეგ გორში საგანგებო ბრიფინგი გამართა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა მანანა კობახიძემ, რომელმაც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული “ზონდერები” მთელი კვირის განმავლობაში კოალიციის ლიდერების ხალხთან შეხვედრების ჩაშლას ცდილობდნენ, კარალეთში კი პროვოკაციის მოსაწყობად დევნილები და ეგრეთ წოდებული “ზონდერები” გამოიყენეს, რომლებსაც პარლამენტის დეპუტატი ბადრი ბასიშვილი ხელმძღვანელობს.

პარლამენტის დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა პროვოკაციის მოწყობაში კოალიციის ლიდერები დაადანაშაულა. მისი თქმით, კახი კალაძე შეურაცხყოფას აყენებდა იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებმაც ნერვები ვეღარ მოთოკეს. ბასიშვილი კობახიძის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს რიგითი ადამიანები გაუსწორდნენ.

ინციდენტის შემდეგ დაშავებულები მიიყვანეს გორის საავადმყოფოში, სადაც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი იმყოფებოდა. მისი თქმით, პროვოკაციის მოწყობაში „ქართული ოცნების“ ლიდერების დადანაშაულება სისულელეა, რადგან ვიდეომასალებზე დაფიქსირებულია, რომ სწორედ ეგრეთ წოდებული „ზონდერები“ იწყებენ პროვოკაციას და თავს ესხმიან როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე იქ მყოფ ჟურნალისტებს.

კარალეთის დევნილთა დასახლებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და პოლიციის მიერ ხორციელდება მომხდარ ფაქტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავებულობა. „ნებისმიერი მოქალაქის ქმედება მოქცეული უნდა იყოს კანონიერების ფარგლებში", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG