Accessibility links

logo-print
დღეს ამომრჩეველთა ერთიანი სიების გადამოწმების პროექტი ”კარდაკარი” ამოქმედდა. ამომრჩეველთა სიების განახლებული ვერსია კომისიის ყველა რაიონულ ორგანიზაციას გადაეგზავნა, პრაქტიკული საველე სამუშაოები კი 24 აპრილიდან დაიწყება. სიების დაზუსტება „კარდაკარის“ მეთოდით განხორციელდება და სრულიად საქართველოს მოიცავს. საყოველთაო „კარდაკარს“ ორი თვის განმავლობაში საგანგებოდ შერჩეული და მომზადებული 11 100 რეგისტრატორი განახორციელებს.

„კარდაკარის“ რეგისტრატორები ქვეყნის მასშტაბით ყველა ოჯახს მოივლიან. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისია მოქალაქეებს რეგისტრატორებთან თანამშრომლობისა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებსა თუ მოთხოვნებზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს:

” ჩვენი რეგისტრატორები ივლიან ამოსაცნობი კონკრეტული ნიშნებით, კერძოდ, ყველას ექნება თავისი პირადობის მანიშნებელი დოკუმენტი, შესაბამისი ლენტით ჩამოკიდებული ყელზე; ამავდროულად, ექნებათ შესაბამისი საქაღალდეები ჩვენი ლოგოტიპებით და ჩვენი ამოსაცნობი ნიშნებით. არა მგონია ვინმეს გაუჭირდეს და პრობლემა გაუჩნდეს, რომ განასხვაოს ერთმანეთისაგან ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისთვის წარმოებული „კარდაკარი“ და მისი რეგისტრატორი და, შესაბამისად, სხვა „კარდაკარები“, რომლებიც ტარდება სხვადასხვა მიზნებით, მათ შორის -პოლიტიკური მიზნებით, მაგრამ მათი გარჩევა ერთმანეთისგან, მე ვფიქრობ, არის უმარტივესი თემა“, ამბობს ამომრჩეველთა სიის დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე.

ამ კომისიას არ აქვს არანაირი უფლება ადამიანს რეგისტრაცია გაუუქმოს და, შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ეს ხალხი რჩება სიაში თუ არ რჩება ...
კიდევ ერთი უმარტივესი თემა, რომლის ახსნასაც მამუკა კაციტაძე მოქალაქეებისათვის ცდილობს, არის ის, რომ საზღვარგარეთ არალეგალურად მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა შესახებ ზუსტი ინფორმაციის გაცემის არ შეეშინდეთ. ვინაიდან სიტყვიერი განცხადება საკმარისი არ არის და საზღვარგარეთ მომუშავეთა შესახებ ოჯახის წევრებს წერილობითი განმარტების გაკეთებაც ევალებათ, კომისიის თავმჯდომარე მათ აძლევს გარანტიას, რომ არალეგალურ მიგრანტებს არანაირი პრობლემები არ შეექმნებათ იმით, რომ სიაში მათი გვარის გასწვრივ სპეციალური ჩანაწერი გაკეთდება. ის, რომ საზღვარგარეთ წასულების აღრიცხვიანობის მოუწესრიგებლობა საარჩევნო სიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, საპილოტე „კარდაკარმაც“ დაადასტურა. ეს „კარდაკარი“ 10-12 აპრილს საქართველოს მასშტაბით 25 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის შიდა ქართლის 2 საარჩევნო უბანზეც.

” გარკვეულ უბნებზე აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო საზღვარგარეთ გასული, თუმცა ისინი კვლავაც ამომრჩეველთა სიაში ირიცხებოდნენ. ესენი ის ადამიანები არიან, რომელთა ხმებითაც ხელისუფლება არჩევნების დროს მანიპულირებდა”, ამბობს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შიდა ქართლის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იოსებ ბორცვაძე.

ირაკლი მელაშვილი კი, ექსპერტი კოალიციისა ”არჩევანის თავისუფლებისათვის”, თავის მხრივ, გამოკვეთს საარჩევნო სიის კიდევ ერთ ხარვეზს, ანუ იმ ამომრჩეველთა საკითხს, რომლებიც რეგისტრირებულ მისამართზე არ ცხოვრობენ:

”ამ კომისიას არ აქვს არანაირი უფლება ადამიანს რეგისტრაცია გაუუქმოს და, შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ეს ხალხი რჩება სიაში თუ არ რჩება. ამა კონკრეტულ კითხვაზე არის პასუხი გასაცემი.“

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თანახმად, ასეთი ამომრჩეველი რეგისტრაციის მისამართზე დარჩება, მაგრამ, შიდა მიგრაციის მაჩვენებლის განსაზღვრის მიზნით, კომისია რეგისტრაციის მისამართზე არმცხოვრები ამომრჩევლის აღრიცხვიანობასაც აპირებს.
შევქმენით მონიტორინგის რგოლი, რომელიც გადაამოწმებს რეგისტრატორის მუშაობას ...

საარჩევნო სიების სახელმწიფო კომისიას საქართველოში 11 წარმომადგენლობა აქვს გახსნილი. საარჩევნო უბნებზე რეგისტრატორები უბნების სიდიდის შესაბამისად განაწილდნენ. რეგისტრატორი მოქალაქისგან მიიღებს როგორც სტატისტიკური მაჩვენებლის დასადგენად საჭირო ინფორმაციას, ასევე სპეციფიკურ ცნობებს, რომელთა საფუძველზეც სიებში არსებული ხარვეზები გასწორდება. საზღვარგარეთ წასულთა ვინაობისა და რაოდენობის დადგენის გარდა, განსაკუთრებული ყურადღების საგანია გარდაცვლილებისა და ეგრეთ წოდებული მიწერილების აღრიცხვიანობა. როგორ წარიმართება პროცესი და როგორი იქნება საბოლოო პროდუქტი? - ამ შეკითხვით ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის წევრს, არასამთავრობო ორგანიზაცია ”არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელს კახა კახიშვილს მივმართეთ. მისი განმარტებით, თუ „კარდაკარი“ მეთოდოლოგიის შესაბამისად, სპეციალურად შემუშავებული პრინციპების დაცვით ჩატარდა, საარჩევნო სიის ცდომილება მაქსიმუმ 3 პროცენტის ფარგლებში იმერყევებს. რამ შეიძლება შეუშალოს ხელი „კარდაკარის“ შედეგის ეფექტურობას? - ეს იყო კიდევ ერთი შეკითხვა, რომელზეც კახი კახიშვილი გვიპასუხებს:

”ბევრმა რაღაცამ. მაგალითად, არ გაუღებენ კარებს, არ შეუშვებენ, შესაძლოა რეგისტრატორი არც კი მივიდეს და თვითონვე შეავსოს ანკეტა. ასეთი რაღაცები მოსალოდნელია. ამიტომაც შევქმენით მონიტორინგის რგოლი, რომელიც გადაამოწმებს რეგისტრატორის მუშაობას. ”

ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადამოწმების სახელმწიფო კომისია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სიის დაზუსტების საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ინსტანციაა. კომისია, პრეზიდენტის ბრძანებულებით, მმართველი პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. კომისიამ საარჩევნო სიის საბოლოო, ძირითად ვარიანტზე მუშაობა 1 აგვისტოს უნდა დაასრულოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG