Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტათი კარგი ამბები ავღანეთიდან


ქართველო ჯარისკაცები ავღანეთში გამგზავრების წინ. თბილისი, 2010 წლის 7 აპრილი
ქართველო ჯარისკაცები ავღანეთში გამგზავრების წინ. თბილისი, 2010 წლის 7 აპრილი
ავღანეთში, სადაც სულ უფრო მეტი პროვინცია და დიდი დასახლებული პუნქტი გადადის ავღანეთის უშიშროების ძალების კონტროლის ქვეშ, წელს პირველად გამოიკვეთა სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის კლების სასიკეთო ტენდენცია.

ცხადია, როცა ადამიანების მსხვერპლზეა საუბარი, ყოველგვარი სტატისტიკა დამთრგუნველია მაშინაც კი, თუკი იგი პოზიტიურ დინამიკას წარმოაჩენს. გაეროს კვლევების თანახმად, 2012 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ავღანეთში მნიშვნელოვნად შემცირდა მსხვერპლის რაოდენობა სამოქალაქო პირებში. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულ მოქალაქეთა რაოდენობა კვლავაც მაღალია, - იგი 579-ს შეადგენს, - გასული წლების წინა პერიოდთან შედარებით, ამ რიცხვმა 21 პროცენტით დაიკლო. გასულ კვირაში, როდესაც ამ კვლევების შედეგებზე საუბრობდა ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე, გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთში იან კუბისმა განაცხადა, მსხვერპლი ნაკლებიც შეიძლებოდა ყოფილიყო, ავღანელი მეამბოხეები სიტყვას რომ ასრულებდნენო.

„სამწუხაროდ, ანტისამთავრობო ძალებს, სამოქალაქო პირთა დაცვის მხრივ, არავითარი გაუმჯობესება არ უჩვენებიათ“, - აცხადებს იან კუბისი. - „მათ გააკეთეს განცხადება სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ, მაგრამ, სინამდვილეში, ისინი განურჩეველი განადგურების ეფექტის მქონე იარაღს იყენებენ.“


ტენდენცია თუ სეზონური ზეგავლენა?

30 მაისს გამოქვეყნებული გაეროს გამოკვლევით ირკვევა, რომ დაღუპულ სამოქალაქო პირთა 79 პროცენტი ანტისამთავრობო ძალების მიერ მოწყობილი იერიშებისა და ნაღმების აფეთქებით დაიღუპა, 9 პროცენტის დაღუპვის მიზეზი კი გახდა ავღანეთის არმიისა და ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიციის ხელთ არსებული ქვეითი ძალა და ავიაცია. თუმცა რეგულარული საჯარისო ქვედანაყოფების ხელით შარშან იმავე პერიოდში გაცილებით მეტი, 14 პროცენტი, დაიღუპა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შიშობენ, რომ მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირება შესაძლოა არ იყოს მყარი ტენდენცია და მას სეზონური ხასიათი ჰქონდეს. ავღანეთში მდებარე გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელი ჯეიმს როდიჰავერი „ნიუ-იორკ თაიმსთან“ საუბარში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ წელს ავღანეთში, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით მკაცრი ზამთარი იყო:

„სეზონური ზეგავლენა არ არის დამაჯერებელი და ამიტომაც, მაისის ჩათვლით, ყურადღებით ვაკვირდებოდით ბოლო რამდენიმე თვეს, რათა უკეთესად გაგვეგო, რა არის განპირობებული მომეტებული სიფრთხილით და რა არის განპირობებული მკაცრი ბუნებრივი პირობებით.“


შესაძლოა, როდიჰავერი არ ცდებოდეს

მაისის თვეში ავღანეთში კვლავ გააქტიურდნენ მეამბოხეები. პარასკევს თალიბთა ჯგუფი თავს დაესხა ნატოს ბაზას, რის შედეგადაც დაიღუპა ბაზაზე დასაქმებული შვიდი ავღანელი, დაიჭრა ათობით ადამიანი. იერიში მოეწყო აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე ხოსტის პროვინციაში, პაკისტანის საზღვრის მახლობლად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომლის მებრძოლების არსენალშია დივერსია, ჩასაფრება, მოულოდნელი თავდასხმა, ტერაქტები დასახლებულ პუნქტებში, მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენება და დანაღმვა. ავღანეთში ექსტრემისტები ხშირად იყენებენ თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელსაც ოსტატურად დებენ გზის სიახლოვეს და შემდეგ დისტანციურად აფეთქებენ იმ დროს, როცა კოალიციისა და ავღანეთის არმიის პატრული გადაადგილდება.

ნატოს სარდლობით მოქმედ კოალიციურ ძალთა მებრძოლების - მათ შორის, ქართული ქვედანაყოფის ჯარისკაცების - უმრავლესობა დაღუპულია სწორედ თვითნაკეთი ნაღმების აფეთქების შედეგად.


ქართველი ჯარისკაცების საიმედო ჯავშანი

პირად შემადგენლობაში თვითნაკეთი ნაღმების საფრთხე მინიმუმამდე რომ შეემცირებინათ, ამერიკელებმა შექმნეს ბევრად უფრო დაცული ჯავშანმანქანები, რომლებითაც, სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის თქმით, ჰელმანდის პროვინციაში განლაგებული ქართველი ჯარისკაცებიც სარგებლობენ პატრულირების დროს:

„საბედნიეროდ, ქართველი სამხედროები ავღანეთში გადაადგილდებიან ბევრად უფრო დაცული მანქანებით, ვიდრე „ჰამვია“. ეს არის ე.წ. „კუგუარის“(იშიფრება როგორც „აფეთქებებისა და ჩასაფრებიდან თავდასხმისგან დაცული“) ტიპის, ანუ ის ბევრად უკეთესად იცავს [მებრძოლს] და მსოფლიოში არ არის მასზე უკეთესი ძლიერი დაცვის საშუალება პატრულირების დროს. მაგრამ არც ის [ ჯავშანმანქანა] არის სრული გარანტია იმისა, რომ ადამიანი გადარჩება ასეთი თავდასხმის დროს.“

21 თებერვალს ოთხი ქართველი ჯარისკაცი სწორედ ამ ჯავშანმანქანაში იჯდა, როდესაც ისინი თვითნაკეთ ბომბზე აფეთქდნენ და დაიღუპნენ.
თუმცა, როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ვარაუდობს, ძალიან ბევრი ფატალური შემთხვევისაგან ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები სწორედ ამერიკულმა ჯავშანმანქანა „ჰამვებმა“ იხსნეს.

ღირს აღინიშნოს, რომ ქართველი ჯარისკაცები უფრო უკეთ რომ ყოფილიყვნენ დაცულნი ავღანეთის მიწაზე, აშშ-ის მთავრობამ 2011 წლის ივნისში საჩუქრად გადასცა ჯერ 40 ერთეული სამხედრო დანიშნულების ავტომობილი „ჰამვი“ [HMMWV], მოგვიანებით კი ზემოხსენებული, უფრო მტკიცედ დაცული, 24 ერთეული „ემრატის“( MRAT) კლასის ჯავშანმანქანაც ჩამოიტანა ქართველი ჯარისკაცების მოსამზადებლად კრწანისის სამხედრო პოლიგონზე.

რა თქმა უნდა, ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლე და მათ მიერ გაღებული მსხვერპლი საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ბოლო ხანებში ისე წარმოაჩენენ საქმეს, თითქოს საქართველო მხოლოდ საკუთარი სამხედრო მრეწველობის იმედზე იყოს, არ აწყენდათ ზოგჯერ მაინც გაიხსენონ ხოლმე ვაშინგტონის მიერ ნაჩუქარი ჯავშანტექნიკაც, ვერტმფრენები თუ საზღვაო რადარები.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG