Accessibility links

ღირსების ორდენი სამსახურის დატოვებისთვის


საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა პოლიციის კაპიტანი კარინა გრიგორიანი.

საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა პოლიციის კაპიტანი კარინა გრიგორიანი.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 16 იანვარს ღირსების ორდენით დააჯილდოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი კარინა გრიგორიანი, რომელმაც სამინისტრო ამნისტიის კანონის გამო პროტესტის ნიშნად დატოვა. პოლიტიკური ანალიტიკოსების მხრიდან პრეზიდენტის ამ ქმედებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა - ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაციას ახდენს, ნაწილი კი პრეზიდენტს საქციელს უწონებს.

შინაგან საქმეთა მინიტრის სახელზე დაწერილი პატაკი ამავე სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელმა კარინა გრიგორიანმა საკუთარი ფეისბუკის გვერდზეც გამოაქვეყნა. კარინა გრიგორიანი წერს:

”ამნისტია თავისთავად ჰუმანური აქტია და მისი საწინააღმდეგო შეიძლება არავის არაფერი ჰქონდეს, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ამ აქტით პოლიტპატიმრებად აცხადებს საქართველოს მტრებს, ადამიანებს, რომლებიც კოორდინატებს აძლევდნენ 2008 წლის ომის დროს, არის ქვეყნის ღალატი და მეტი არაფერი. მე ვერ ვიმუშავებ იმ სტრუქტურაში, რომელიც თავისი ქმედებით ემსახურება რუსეთის უშიშროებას და არა დამოუკიდებელი საქართველოს უსაფრთხოებას”.

კარინა გრიგორიანმა სამინისტროს დატოვების მიზეზი პრეზიდენტის რეზიდენციაში ღირსების ორდენით დაჯილდოების დროსაც ახსენა:

”მე, უბრალოდ, არ შემეძლო ეს გადაწყვეტილება არ მიმეღო, როდესაც ჯაშუშები იქნენ გათავისუფლებულები”.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ”ღირსეული საქციელი” უწოდა კარინა გრიგორიანის ქცევას, თუმცა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დარჩენილი თანამშრომლებიც ღირსეული ადამიანები არიან. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამნისტიის კანონის საფუძველზე პოლიტპატიმრის სტატუსით საპატიმროებიდან გათავისუფლებული ადამიანების საკითხს და აღნიშნა, რომ მათ შორის არიან ჯაშუშები და რომ ამნისტიის კანონით პარლამენტი ქვეყნის მდგრადობას უქმნის საფრთხეს:
ეს არის, ერთი მხრივ, დემორალიზება, მეორე მხრივ, გარკვეული ადამიანების და ჯგუფების წაქეზება, რომლებმაც შეიძლება მიბაძონ ამ ქმედებას და თავადაც გადადგან ეს ნაბიჯი ...

”ასეთი რაღაცების კეთება არ შეიძლება. ეს 1992 წელი არ არის, როცა ეს ამნისტიები ავტომატურად გამოიწვევდა აფეთქებას და ხალხის გაუბედურებას. ახლა არ გამოიწვევს, რადგან ჩვენ დავტოვეთ კარგად ფუნქციონირებადი სახელმწიფო აპარატი, სტრუქტურები და სამართალდამცავი სისტემა, მაგრამ ნუ ვცდით ამ სიმტკიცეს, იმიტომ რომ კი ვაშენებდით 9 წელი, მაგრამ რასაც რუდუნებით 9 წელი ვაშენებდით, ბევრად უფრო მალე შეიძლება დაიშალოს, თუ ამ ყველაფერს არ გავუფრთხილდით”.

პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე კი პრეზიდენტის მიერ აპოლიტიკური შინაგან საქმეთა სტრუქტურიდან პროტესტის ნიშნად წამოსული ადამიანის ღირსების ორდენით დაჯილდოების ფაქტში ხედავს სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობის ხელშემშლელ და მადისკრედიტირებელ ფაქტორს.
ვახტანგ ძაბირაძეს რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტის მხრიდან ეს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა:

”ეს არის, ერთი მხრივ, დემორალიზება, მეორე მხრივ, გარკვეული ადამიანების და ჯგუფების წაქეზება, რომლებმაც შეიძლება მიბაძონ ამ ქმედებას და თავადაც გადადგან ეს ნაბიჯი და, მესამე მხრივ, ეს არის ის რეალობა, რომელსაც ვითომ კოჰაბიტაციის მანტიით ფარავს პრეზიდენტი და მისი პოლიტიკური გუნდი. სხვაგვარად ამ ქმედებას ახსნას ადამიანი ვერ მოუძებნი”.

ვახტანგ ძაბირაძის აზრს იზიარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც. მისი სიტყვებით, პრეზიდენტი სახელმწიფო ინსტიტუციებს მხოლოდ საკუთარ ინტერესებში განიხილავს და თუ ეს ინსტიტუციები მას არ ექვემდებარება, მაშინ ისინი არასახელმწიფოებრივია. მეტიც, რამაზ საყვარელიძე პრეზიდენტის მხრიდან გარკვეული საბოტაჟის ნიშნებსაც ხედავს:
მე ეს აღვიქვი როგორც მოწოდება ყველა დანარჩენის მიმართ, რომ არ შეეგუონ იმ იდიოტიზმს, რომელსაც ჩვენი ახალი მთავრობა ხშირად გვთავაზობს ნორმალურობის ნიღბის ქვეშ ...

”როგორი უნდა იყოს სახელმწიფო, მას არ აინტერესებს; მას აინტერესებს , რომ ეს სახელმწიფო ჰქონდეს. მანქანა შიგნიდან როგორ უნდა იყოს მოწყობილი, მე ხომ არ მაინტერესებს?! - მე მაინტერესებს, რომ ჩემი მანქანა ჩემზე მუშაობდეს. ასე უდგება ის იმას, რასაც საქართველოს სახელმწიფო ჰქვია”.

ვიწრო პარტიული ინტერესების გამოვლენად აფასებს პრეზიდენტის ქმედებას კახა კახიშვილი, ”საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი. მისი სიტყვებით, პრეზიდენტი თავისი თანამდებობრივი უფლებამოსილებით სარგებლობს და, პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად, ცდილობს პრობლემები შეუქმნას მმართველ გუნდს, რისთვისაც სახელმწიფო უწყებების საკადრო საკითხებს იყენებს. კახა კახიშვილის სიტყვებით, ეს ”ნაციონალური მოძრაობის” და პირადად პრეზიდენტის კარგად ნაცადი მეთოდია: ვარდების რევოლუციის შემდეგ სწორედ სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა სამსახურებიდან პროტესტის ნიშნად წასვლის მეთოდს იყენებდა ”ნაციონალური მოძრაობა” წინამორბედი ხელისუფლების სადისკრედიტაციოდ:

”ეს სააკაშვილის ტექნოლოგიებია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემთხვევა არ იქნება ბოლო და ასეთი შემთხვევები განმეორდება, როდესაც სხვადასხვა საჯარო მოხელეები თითქოსდა პროტესტის ნიშნად დატოვებენ სახელმწიფო სამსახურებს, რომ მოხდეს აზრის ფორმირება, რომ უსუსურია ახალი მთავრობა და შეცდომებს სჩადის”.

ჟურნალისტი მიხეილ თავხელიძე ყველა თავის კოლეგას ურჩევს, ექსპერტებს, რომლებიც მსგავს აზრებს გამოთქვამენ, კომენტარი აღარ სთხოვონ. მიხეილ თავხელიძის შეფასებით, პრობლემა დღეს თავად იმ სახელმწიფო ინსტიტუციებს აქვთ, რომლებიც რუსეთის ჯაშუშებს პოლიტპატიმრის სტატუსს ანიჭებენ:
”მე ეს აღვიქვი როგორც მოწოდება ყველა დანარჩენის მიმართ, რომ არ შეეგუონ იმ იდიოტიზმს, რომელსაც ჩვენი ახალი მთავრობა ხშირად გვთავაზობს ნორმალურობის ნიღბის ქვეშ. სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც რუსეთის ჯაშუშს და ტერორისტს გაათავისუფლებს და არა მარტო გაათავისუფლებს, არამედ აღიარებს პოლიტპატიმრად, ის სახელმწიფო ინსტიტუტი ჯანსაღი არ არის აპრიორი, მაგას პრეზიდენტის დახმარება აღარ სჭირდება”.

მიხეილ თავხელიძის შეფასებით, პროცესები, რომლებიც დღეს ქვეყანაში ვითარდება, გარდაუვალი პოლიტიკური კრიზისისკენ მიდის, თუმცა, სხვა ექსპერტებისგან განსხვავებით, რომლებიც ფიქრობენ, რომ პოლიტიკური კრიზისის გამოწვევას პრეზიდენტი ცდილობს, თავხელიძე ამ კრიზისს, პრეზიდენტის ჩაურევლად, თავად მმართველი პოლიტიკური გუნდის მუშაობის შედეგად ელის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG