Accessibility links

ავტორი: ირინა გურული

საქართველოში გუშინ ქარის პირველი ელექტროსადგური გაიხსნა. პროექტი საქართველოს ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდის” და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანიამ შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია - 88 მლნ კვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური შედგება ექვსი აგრეგატისაგან, თითოეულის სიმძლავრე შეადგენს 3,45 მგვტ-ს. ქარის ელექტროსადგური „ქართლი“, მისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სადგურია.ავტორი: იეი

აღნიშნულ პროექტზე მუშაობა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა”2013 წელს დაიწყო. 2013 წლის ზაფხულში დამონტაჟდა ქარის ძირითადი პარამეტრების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა. ანძის საშუალებით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნორვეგიულმა კომპანიამ, MEVENTUS-მა, ფონდის დაკვეთით ქარის რესურსების შეფასების ანგარიში მოამზადა. ამასთანავე, მომზადდა ტურბინების განლაგების რამდენიმე სქემა, საიდანაც შეირჩა ადგილისთვის ყველაზე ოპტიმალური ექვსტურბინიანი სქემა. დეტალური პროექტი მომზადდა ბელგიური საკონსულტაციო კომპანია Tractebel Engineering S.A-ს მიერ, რომელიც გიგანტი კონცერნის, GDF Suez Grroup-ის, შვილობილი კომპანიაა. სადგური ოქტომბრის თვიდან გადავა ტესტირების ეტაპზე, დეკემბრის მეორე ნახევარში კი ექსპლუატაციაში შევა და სრული დატვირთვით ამუშავდება.

პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 34 მლნ აშშ დოლარს, საიდანაც 24 მლნ აშშ დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხია, 10 მლნ აშშ დოლარით კი პროექტი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დააფინანსა.

ქარის ტურბინების მომწოდებელი კომპანია არის მსოფლიოში ქარის ენერგიის ინდუსტრიაში ერთ -ერთი წამყვანი კომპანია, Vestas Benelux B.V, ელექტრო და სამშენებლო სამუშაოები კი ჩინური კომპანიის China Nuclear Industry 23 Constryction Co.-ის მიერ შესრულდა.

ქართლის ქარის ელექტროსადგური ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალემისიებიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის გარკვეული ნაწილის ქარის ენერგიით დაკმაყოფილებას გულისხმობს.

ეს ახალი გამოწვევაა საქართველოს ენერგეტიკული სექტორისთვის, რომელსაც ჯერჯერობით ქარის ელექტროენერგიის მართვა-გასაღების გამოცდილება არ გააჩნია. ცნობილია, რომ დღემდე საქართველოს ენერგოსისტემა ძირითადად ორი ტიპის - ჰიდრო და თბოელექტროსადგურების - ელექტროენერგიის მოხმარებაზე იყო ორიენტირებული.

ქარის ელექტროსადგურის ერთ კომპაქტურ ტერიტორიაზე მშენებლობას თავისი სპეციფიკური მახასიათებლები და პრობლემებიც ახლავს - მაგალითად, არასტაბილურობა, რისი დაზღვევის უნარიც საქართველოს ენერგოსისტემას უნდა აღმოაჩნდეს და საწყის ეტაპზე ესეც გარკვეულ სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, თუმცა ამ გამოწვევასთან გამკლავება ქვეყნისთვის საინტერესო პრეცედენტის განხორციელება იქნება და, შესაძლოა, წინაპირობაც ამ ტიპის ენერგოწარმოების გაფართოების, რაც მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებული და მიღებული თემაა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG