Accessibility links

logo-print

საქართველოსა და ევროკავშირის იმედისმომცემი ეტაპი


კარლ ბილდტი

კარლ ბილდტი

30 ივნისს თბილისს ესტუმრა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი და ეს ვიზიტი განიხილება საქართველოს ევროპასთან დაახლოების ჭრილში. მისი 3-დღიანი ტურნეს მარშრუტი მოიცავს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმომწერ კიდევ ორ ქვეყანას - მოლდავეთსა და უკრაინას. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ერთ-ერთი ინიციატორი თვლის, რომ ასოცირების შეთანხმება ახალი შესაძლებლობების საწინდარია.

”საქართველოს დიდი ხნის მეგობარი” - ამ სიტყვებით წარუდგინა მაია ფანჯიკიძემ მედიას თავისი შვედი კოლეგა 30 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. იქვე ისიც ითქვა, რომ კარლ ბილდტს განსაკუთრებული კავშირი აქვს ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან, რადგანაც 2009 წელს ის ერთ-ერთი ინიციატორი იყო ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამისა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა სწორედ ასოცირების შესახებ შეთანხმება.

კარლ ბილდტის ვიზიტს თბილისი აღიქვამს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებად და ხაზგასმით აღინიშნება ისიც, რომ შვედეთი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის ეტაპზეც. დახმარების მზადყოფნაზე თავად შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ილაპარაკა 30 ივნისს საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე. მან თქვა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი არ იქნება იოლი, შეგვხვდება გამოწვევებიც, მაგრამ შრომად ღირს სიკეთეები, რასაც ეს პროცესი მოიტანს. ამასთან, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური წინსვლა წარმოუდგენელია შემდგომი დემოკრატიული განვითარების გარეშე:

”საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები გადადის ახალ, უფრო იმედისმომცემ და უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე. ამისათვის ჩვენ ერთად ვმუშაობდით იმ დროს, როდესაც თავად საქართველო იყო მნიშვნელოვანი დემოკრატიული ცვლილებებისა და გარდაქმნის პროცესში. მინდა მოგილოცოთ ადგილობრივი არჩევნების კარგად ჩატარება ... იყო ცალკეული დარღვევები, მაგრამ ვხვდები, რომ ეს საკითხი მოგვარდება. დემოკრატიის უწყვეტი რეზონანსისა და ხარისხის პატივისცემა წარმოადგენს ერთ-ერთ საყრდენს ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებისათვის”.

ასოცირების ხელშეკრულება დადებულია საქართველოსთან - მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვით, რაც იმას ნიშნავს, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულება დადებულია საქართველოს განუყოფელ ნაწილებთან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით...

ერთობლივი ბრიფინგის დაწყებამდე კარლ ბილდტმა და მაია ფანჯიკიძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ასევე დიდი ადგილი დაეთმო მსჯელობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების გარშემო. იმავე წყაროს ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების თემატიკაზე. მაია ფანჯიკიძემ მადლობა გადაუხადა კარლ ბილდტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შვედი დამკვირვებლების მონაწილეობისათვის. უშუალოდ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, შეძლებენ თუ არა ასოცირების შესახებ შეთანხმების სიკეთეებით სარგებლობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები, მაია ფანჯიკიძე პასუხობს და კარლ ბილდტიც ეთანხმება, რომ ეს შეუძლებელია დეოკუპაციამდე:

კარლ ბილდტი და მაია ფანჯიკიძე

კარლ ბილდტი და მაია ფანჯიკიძე

”ასოცირების ხელშეკრულება დადებულია საქართველოსთან - მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვით, რაც იმას ნიშნავს, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულება დადებულია საქართველოს განუყოფელ ნაწილებთან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოხერხდება იქ სწორედ იმის გამო, რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები. ის, რომ მათ შეუძლიათ ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რაც მოაქვს ასოცირების ხელშეკრულებას, გულისხმობს იმას, რომ, როდესაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი აღდგება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როდესაც გამთლიანდება ჩვენი ქვეყანა, მათ ექნებათ ამით სარგებლობის საშუალება. ზუსტად ასევეა ვიზების ლიბერალიზაციის მხრივაც”.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ასოცირების შესახებ შეთანხმების ჭრილში, მაია ფანჯიკიძის თქმით, 7 ივლისს, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრამდე პრაღაში, ერთმანეთს შეხვდებიან ექსპერტები, რათა განიხილონ რუსეთისა და საქართველოს სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივების ფონზე. ფანჯიკიძის ინფორმაციით, ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც:

”ეს არის წმინდა პრაქტიკულ დონეზე დაგეგმილი შეხვედრა, რომელმაც, შეცვლილი პირობების გამო, რაც საქართველოს ახალ ვითარებაში აყენებს, უნდა განსაზღვროს, არის თუ არა რაიმე ცვლილება მოსალოდნელი ორმხრივ ურთიერთობებში. მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებზეა ლაპარაკი და არა საბაჟო კავშირთან”.

მაია ფანჯიკიძის თქმით, თუკი ასეთი საჭიროება გაჩნდება, რუსეთისა და საქართველოს მოლაპარაკებებში ჩაერთვება ევროკავშირიც. თავად კარლ ბილდტი ამ ეტაპზე ასეთ საჭიროებას ვერ ხედავს.

30 ივნისს, თბილისში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი შეხვდა ასევე საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

XS
SM
MD
LG