Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართუ ჯგუფის” აქციონერები აუქციონის შეჩერებას ითხოვენ


„ქართუ ჯგუფის“ უცხოელი მეწილეების ადვოკატები
„ქართუ ჯგუფის“ უცხოელი მეწილეების ადვოკატები
„ქართუ ჯგუფის“ უცხოელი მეწილეების ადვოკატებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე აუქციონის შეჩერება მოითხოვეს. აუქციონი, რომელზეც „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული ”ქართუ ბანკის” 100%-იანი წილია გატანილი, 2 ივლისს გამოცხადდა და 10 ივლისს სრულდება. აუქციონის დასრულებამდე ერთი დღით ადრე ადვოკატებმა ხელისუფლების უკანონო ქმედება გააპროტესტეს, განაცხადეს რა, რომ აუქციონზე მათი კლიენტების ქონებაა გატანილი და არა ბიძინა ივანიშვილის. ადვოკატების სიტყვებით, 5-მა უცხოელმა აქციონერმა გასულ კვირაში უკვე მიმართა სასამართლოს, მათ ქონებაზე ყადაღის მოხსნისა და აუქციონის შეჩერების მოთხოვნით. შეგახსენებთ, რომ, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2 ივლისის განცხადებით, „ქართუ ბანკის“ 100%-იანი წილის ბენეფიციარი მფლობელი პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. მისი ქონების იძულებით აუქციონზე გატანის პროცედურა მას შემდეგ განხორციელდა, რაც პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა მისთვის დაკისრებული 74 მილიონი ლარის ნებაყოფლობით გადახდაზე უარი განაცხადა.

”ქართუ ჯგუფის” უცხოელი ინვესტორები მათ ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნას და ქონების აუქციონის გზით რეალიზაციის პროცესის შეჩერებას მოითხოვენ, - განაცხადა ”ქართუ ჯგუფის” უცხოელი აქციონერების ადვოკატმა პაატა კიკნაველიძემ 9 ივლისის პრესკონფერენციაზე. ბრიფინგზე ადვოკატებმა ხაზგასმით თქვეს, რომ პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერს ”ქართუ ჯგუფის” აქციებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამის საილუსტრაციოდ ადვოკატებმა დეტალურად ახსნეს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქციების ნაწილი მხოლოდ 2012 წლის 30 აპრილამდე ეკუთვნოდა და შემდეგ ”ქართუ ჯგუფის“ აქციები 16 კომპანიას შორის გადანაწილდა. მათგან მხოლოდ 2-ია ქართული, თუმცა მათი მფლობელიც ერთ-ერთი უცხოური კომპანიაა და ყველა მათგანი დარეგისტრირებულია ვირჯინიის კუნძულებზე, კვიპროსსა და ბელიზში.

შეგახსენებთ, რომ აღსულების ეროვნული ბიურო, ეროვნული ბანკის ინფორმაციაზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ”ქართუ ჯგუფის” ქონების ბენეფიციარი მესაკუთრეა და, შესაბამისად, ”ქართუ ბანკის” 100%-იანი წილიც მისი საკუთრებაა, ხოლო ვინაიდან მან მრავამილიონიანი ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა, ”ქართუ ჯგუფის” 100%-იანი ქონება აუქციონზე გავიდა.

ადვოკატების იმ არგუმენტის საპასუხოდ, რომ ბიძინა ივანიშვილს „ქართუში“ წილი არ აქვს, აღსრულების ეროვნული ბიურო მაისში გამოქვეყნებულ განცხადებაში ირწმუნებოდა, ”ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კომერციული ბანკის წილის შესაძენად პირი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ეროვნულ ბანკს, ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში კი, წილის განკარგვის თაობაზე გარიგება ბათილიაო. ხოლო ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში არ ყოფილა წარმოდგენილი დეკლარაცია სს „ბანკი ქართუს" ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების თაობაზე, სს „ბანკი ქართუს" აქციების 100%-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ კვლავაც ბიძინა ივანიშვილი რჩებაო.

თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეისმენს უცხოელი აქციონერების განცხადებას და ის იძულებითი აუქციონის წესით გაასხვისებს ”ქართუ ჯგუფის” აქციებს, ეს უცხოელი ინვესტორების მიერ შეფასდება როგორც მათი ინვესტიციების ექსპროპრიაცია ...
კრისტოდოლუს ვასილიადისი

”ქართუ ჯგუფის” უცხოელი მეწილეების ქართველი ადვოკატის პაატა კიკნაველიძის სიტყვებით კი, ეს არგუმენტი აბსოლუტურად მიუღებელია, ვინაიდან, მისი სიტყვებით, ასეც რომ იყოს, სააქციო საზოგადოება ”ქართუ ჯგუფი” კომერციული ბანკი არაა და კანონი კომერციული ბანკების შესახებ მასზე არ ვრცელდება.

”ქართუ ჯგუფის” არც ერთი აქციონერი არ ფლობს 10%-ზე მეტს სს ”ქართუ ჯგუფში”. შესაბამისად, კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენა არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ არ განხორციელებულა.

”ქართუ ჯგუფის” უცხოელმა აქციონერებმა სასამართლოს უკვე მიმართეს. გასულ კვირაში 5-მა აქციონერმა მიმართა სასამართლოს მათ აქციებზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით, 9 ივლისს, დღის ბოლომდე, დანარჩენი 11 აქციონერიც აპირებს ამავე მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.

” მოთხოვნის დასაბუთება არის ძალიან მარტივი. არც საქართველოს კანონმდებლობა, არც სხვა რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობა არ შეიცავს განაწესს, რომლის მიხედვითაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა ან რაიმე ქმედების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ერთ პირს, ხოლო მისი აღსრულება განხორციელდეს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონების ხარჯზე”, ამბობს პაატა კიკნაველიძე.

როგორც ”ქართუ ჯგუფის” უცხოელი ინვესტორების სხვა ადვოკატმა - კრისტოდოლუს ვასილიადისმა - განაცხადა, ადგილობრივი სასამართლო ინსტანციების ამოწურვის შემდეგ მისი კლიენტი კომპანიები საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ, კრისტოდოლუს ვასილიადისმა აღნიშნა, რომ თუ ადგილობრივი სასამართლო მათ ინტერესებს არ დაიცავს, ეს შეფასდება როგორც ინვესტორების ქონების ექსპროპრიაცია:

”თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეისმენს უცხოელი აქციონერების განცხადებას და ის იძულებითი აუქციონის წესით გაასხვისებს ”ქართუ ჯგუფის” აქციებს, ეს უცხოელი ინვესტორების მიერ შეფასდება როგორც მათი ინვესტიციების ექსპროპრიაცია და უცხოელი ინვესტორები და კომპანიები, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ, დაიწყებენ საერთაშორისო სამართლებრივ დავას საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად.”

ადვოკატების ამ განცხადებას არ გამოხმაურებია არც თბილისის საქალაქო სასამართლო და არც აღსრულების ეროვნული ბიურო.

ბიძინა ივანიშვილის 100%-იანი წილი „ქართუ ჯგუფში“ და 21,7%-იანი წილი „პროგრეს ბანკში“ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2 ივლისს გამოიტანა იძულებით აუქციონზე - მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა მისთვის დაკისრებული 74 მილიონიანი ჯარიმა არ გადაიხადა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG