Accessibility links

logo-print

ზუგდიდში ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მომავალზე იმსჯელეს


ენგურის ხიდი

ენგურის ხიდი

არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ზუგდიდში ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამომავლო პერსპექტივებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ მრგვალი მაგიდის ფორმატში. შეხვედრა გაიმართა პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქველმოქმედო ფონდ „მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელის“, სომხური ორგანიზაცია „სიუნიკის“ და აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციის მიერ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საზოგადოების განწყობებს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს, სამოქალაქო სექტორის როლს და სახელმწიფო პოლიტიკას, როგორც ცენტრალურ, ისე თვითმმართველობების დონეზე.

წამყვან რუსულ არხებზე რეპორტაჟები იყო და მითხრეს, აი, ხომ ხედავო, შენ, ორი დღეაო, ამას უყურებო და აღშფოთდიო და ჩვენ ოცდაოთხი საათის განმავლობაში სულ ამ იდეოლოგიის წნეხის ქვეშ ვიმყოფებითო...

ექსპერტ ლევან გერაძის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ვითარება თავისუფლების ხარიხის მხრივ სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაუარესდა. მაგალითად, მისი განმარტებით, შეიზღუდა ე.წ. სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ექსპერტის თქმით, ის არაერთხელ შეხვედრია აფხაზებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე და იცის, როგორია მათი განწყობა:

„წამყვან რუსულ არხებზე რეპორტაჟები იყო და მითხრეს, აი, ხომ ხედავო, შენ, ორი დღეაო, ამას უყურებო და აღშფოთდიო და ჩვენ ოცდაოთხი საათის განმავლობაში სულ ამ იდეოლოგიის წნეხის ქვეშ ვიმყოფებითო. ჩვენს საზოგადოებას არ უნდა მოსთხოვოო უფრო მეტი პოზიტივი, ვიდრე ახლა აქვსო“.

შეხვედრის ერთ-ერთი მომხსენებლის, ანა ქოჩუას, განმარტებით, მან, როგორც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელმა, იცის, თუ რა ენაზე უნდა ესაუბროს აფხაზებს, თუმცა დღემდე არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც აბრკოლებენ გარკვეული პროცესების ახალ რეჟიმში გადაყვანას:

„გულწრფელად ვესალმები იმას, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია ბევრ კარგ რაღაცას აკეთებს, მაგრამ მე არ მინდა, რომ ეს იყოს ილუზიები, რადგან ჩვენ იქ საზოგადოება ნამდვილად არ გვხვდება ისე... სიამოვნებდეთ, ოღონდ ჩვენ მივიდეთ მათთან, ოღონდ ჩვენ დაგვინახონ, ასე არ არის“.

ისტორიკოს დავით ჯიშკარიანის თქმით, კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ერთ-ერთი მთავარი გარემოება შეიძლება ეკონომიკურად ძლიერი ზუგდიდი და მისი სოფლების განვითარება გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სამეგრელოს რეგიონს ეს მიმზიდველობა არ ექნება, მაშინ აღარც აფხაზ საზოგადოებასთან იქნება რამე სალაპარაკო და განსახილველი:

„თუ ეს რეგიონი არ იქნა მიმზიდველი, ეკონომიკურად ძლიერი, მაშინ გამოდის, რომ ამ ადამიანებს ჩვენ მოვატყუებთ. ვეტყვით, რომ აღმოჩნდებით უკეთეს სოციალურ პირობებში და შევთავაზებთ იმაზე მძიმე მდგომარეობას, რომელშიც ისინი დღეს არიან“.

თქვენ, ეტყობა, ცუდი გზებით მოხვედით აქამდე. არ ყოფილხართ ყველაზე სტრატეგიულ ადგილას, სადაც გზა და ბაღი გავაკეთეთ, - ხურჩაში. თქვენ, პირველ რიგში, იქ უნდა მისულიყავით, სანამ ჩვენთან დისკუსიაზე მოხვიდოდით...

დავით ჯიშკარიანის სიტყვებს, რომ ზუგდიდში რთული ვითარებაა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით შესაბამისი პროექტები არ ხორციელდება, არ დაეთანხმა გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ღურწკაია. მისი თქმით, 2014 წელს 223 პროექტი განხორციელა 17 მილიონი ლარის ღირებულების, მათ შორის, შიდა და ცენტრალური გზების რეკონსტრუქცია, გარეგანათება, წყალმომარაგება, სტადიონები, საბავშვო ბაღების მოწესრიგება:

„თქვენ, ეტყობა, ცუდი გზებით მოხვედით აქამდე. არ ყოფილხართ ყველაზე სტრატეგიულ ადგილას, სადაც გზა და ბაღი გავაკეთეთ, - ხურჩაში. თქვენ, პირველ რიგში, იქ უნდა მისულიყავით, სანამ ჩვენთან დისკუსიაზე მოხვიდოდით“.

მაია ღურწკაიას განცხადებით, აფხაზებს სხვადასხვა მომსახურების მისაღებად აღარ მოუწევთ თბილისში სიარული, რისთვისაც მოსაზღვრე სოფელ რუხში საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლის თქმით, ეს სწორედ სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG