Accessibility links

ქართულ-ოსურ სამოქალაქო დიალოგს „თვალსაზრისს“ იანვრიდან საკუთარი ვებგვერდი ექნება. ტექნიკური სამუშაოები დასრულებულია, საიტი სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს, იანვრამდე კი მასალები აიტვირთება. აღსანიშნავია, რომ ქართველმა და ოსმა სპეციალისტებმა საიტის კონცეფციასა და მის შექმნაზე 4 თვის განმავლობაში ერთად იმუშავეს. ანდრეი კოზაევმა და ლევან გაბელაიამ დიალოგის მონაწილეებს საიტი ერევანში აჩვენეს და დამატებითი რჩევები მიიღეს. ვებგვერდზე განთავსდება სტატიები, პრეს-რელიზები, კვლევები, მოხსენებები, აქტუალური თემები ქართულ-ოსური ურთიერთობის თაობაზე; განთავსდება ინფორმაცია დიალოგის მონაწილეების შესახებ. ვებპროგრამისტი ლევან გაბელაია ამბობს, რომ ოს კოლეგასთან 4 თვიანი ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, მივიღეთ ინფორმაციული ინტერნეტგამოცემა, რომელიც ქართულ-ოსური ურთიერთობით დაინტერესებული მკითხველებისა და მკვლევრების დიდ ინტერესს გამოიწვევს.

„ივნისის შეხვედრაზე დავიწყეთ ამაზე მუშაობა და უკვე ფინალში გავედით. სატესტო რეჟიმში უკვე არის ჩართული საიტი და უახლოეს პერიოდში გაეშვება და იქნება ინფორმაციული საიტი, სადაც იქნება ხაზგასმა, თუ რას აკეთებს ეს დიალოგი და რა სასიკეთო ნაბიჯები იდგმება ამ კონფლიქტის მოგვარებისთვის“, - აცხადებს ლევან გაბელაია.

’თვალსაზრისის’ ისტორიაში ყოფილა რამდენჯერმე, როცა ის აღმოჩენილა სხვადასხვა თავდასხმების ობიექტი და ბრალად ედებოდათ მის მონაწილეებს, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში როცა ბრუნდებოდნენ ხოლმე, ოსური მხარის ინტერესების „ღალატი“...
2008 წლიდან დღემდე ქართულ-ოსური დიალოგის 15 შეხვედრა ჩატარდა. აქამდე ყველა კვლევა და მოხსენება ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საიტზე თავსდებოდა, იანვრიდან კი ყველა მასალა POINTOFVIEWDIALOGUE.COM -ზე იქნება ატვირთული. შინაარსობრივ მხარეზე პასუხისმგებლობა ქართველ და ოს კონფლიქტოლოგებს თანაბრად აქვთ განაწილებული, კოორდინატორი კი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი სიუზენ ალან ნანი იქნება. კონფლიქტოლოგი ნინო კალანდარიშვილი ამბობს, რომ „თვალსაზრისი“ სულ უფრო გახსნილი ხდება საზოგადოებისთვის და ეს დიალოგში მონაწილე პირების დამსახურებაა, კალანდარიშვილის პარტნიორი ამ პროექტში ლირა კოზაევა იქნება.

„’თვალსაზრისის’ ისტორიაში ყოფილა რამდენჯერმე, როცა ის აღმოჩენილა სხვადასხვა თავდასხმების ობიექტი და ბრალად ედებოდათ მის მონაწილეებს, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში როცა ბრუნდებოდნენ ხოლმე, ოსური მხარის ინტერესების „ღალატი“. ამიტომ ყველაფერი ის, რაც აქ არის ნათქვამი, ყველა ის მოხსენება არის ხელმისაწვდომი და ყველას შეუძლია ნახოს და შეაფასოს. შეაფასოს როგორც ერთი მხარის თვალსაზრისით, ასევე მეორე მხარის თვალსაზრისით“, -ამბობს ნინო კალანდარიშვილი.

სამოქალაქო დიალოგის შესახებ, რომელიც თავიდან მედიისთვის დახურული იყო, ძალიან ცოტა ინფორმაცია ვრცელდებოდა, რადგან მონაწილეები უფრო ემოციურ გამოსვლებზე აკეთებდნენ აქცენტს. დროთა განმავლობაში ფორმატი უფრო ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული გახდა, რამაც დღის წესრიგში მისი გახსნისა და გამჭვირვალობის საკითხიც დააყენა.
XS
SM
MD
LG