Accessibility links

logo-print

ცხინვალიდან და ლიახვის ხეობიდან დევნილები ტურბაზის დასახლებაში შეიკრიბნენ და ქართულ-ოსურ ტრადიციებსა და ურთიერთობებზე ისაუბრეს. ნაზი ბერუაშვილი დიდი ხანია ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრია. 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხინვალელ პარტნიორებთან ერთად ბავშვებისთვის საკვირაო სკოლის პროექტს ახორციელებდა, რაც ქართველი და ოსი ბავშვების განათლების საქმეს ემსახურებოდა, მაგრამ ომმა ეს ურთიერთობები დაანგრია. ტურბაზაში შეკრებილ დევნილ ახალგაზრდებს ნაზი ბერუაშვილი ლიახვის ხეობაში არსებულ ტრადიციებზე უამბობს. მისი თქმით, ხეობის სოფლებში ძველით ახალ წელს აღნიშნავდნენ ხოლმე - მოხარშავდნენ ღორის თავს, გარშემო შემოუწყობდნენ ადამიანებისა და ცხოველების გამომცხვარ ფიგურებს (ბასილებს) და ასე ელოდებოდნენ ახალი წლის დადგომას. მეკვლეობას კი სოფლებში სიჩუმე სუფევდა, გარეთ არავინ გამოდიოდა და, თითქოს ნაჩხუბრები არიანო, ერთმანეთთან მისვლა-მოსვლას ერიდებოდნენ. ნაზი ბერუაშვილმა ახალგაზრდებს ალილოს, ქორწილის, აღდგომის, თამადის, სახალხო თამაშებისა და სხვა მრავალი ტრადიციის შესახებ უამბო. მისი აზრით, ბევრი ქართული ტრადიცია ოსურმა საზოგადოებამაც შეითვისა.

ბელა ნაკაშიძე ცხინვალიდან 2 წლის წინ გამოვიდა და საცხოვრებლად შვილთან გადავიდა თბილისში. 2008 წლის ომის დღეები ოს მეზობლებთან ერთად სარდაფში გაატარა. ამბობს, რომ თავიდან ცხინვალში დარჩენილი ქართველების მიმართ აგრესია დიდი იყო, - განსაკუთრებით ახალგაზრდები აქტიურობდნენ, - მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ეს აგრესია მინელდა.

ბელა ნაკაშიძის თქმით, ის ცხინვალელები, ვისაც ქართველი ნათესავები და მეგობრები ჰყავდა, ვერ ივიწყებენ ძველ ურთიერთობებს და ისევ ცდილობენ ამ ჩატეხილი ხიდის აღდგენას. ომის შემდეგ მას არაერთმა ადამიანმა მიმართა დანათესავების სურვილით.

ქართულ-ოსური ურთიერთობები, ცხინვალში გატარებული დღეები დევნილებმაც გაიხსენეს. მაყვალა ბერიშვილმა ცხინვალის მონატრებას სიმღერაც მიუძღვნა. მისი თქმით. ასეთი შეხვედრების დროს ტკივილი ყოველთვის უახლდება, მაგრამ მიიჩნევს, რომ ჯერ დაკარგული არაფერია.

მიმოზა მამაცაშვილიც ცხინვალელია. მისი აზრით, მთავარია გზა გაიხსნას და ადამიანებს ცხინვალში და ლიახვის ხეობაში დარჩენილი ნათესავების საფლავების მონახულების საშუალება მიეცეთ.

სევდიანი საღამოს ბოლოს მომხსენებლებიც და სტუმრებიც შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ტრადიციებისა და ურთერთობების შესახებ მოგონებები შეიკრიბოს და ერთ წიგნად გამოიცეს, რათა ეს ყოველივე ახალ თაობას გადაეცეს და მხარეებს შორის ნდობის აღდგენის საქმეშიც პოზიტიური როლი ითამაშოს.

XS
SM
MD
LG