Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-რუსული დიალოგი ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების მონაწილეობით


ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეები
ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეები
თბილისში ქართულ-რუსული დიალოგი დაიწყო. ამ დიალოგის ორგანიზატორია კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლი“. დიალოგში ორივე მხრიდან მონაწილეობას იღებენ ჟურნლისტები, ანალიტიკოსები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. რუსულ დელეგაციაში ჩრდილო კავკასიის სპეციალისტებიც შედიან.

„კავკასიური სახლი“ უკვე მეორე წელია ამ პროექტს ახორციელებს და ამ დრომდე უკვე 9 შეხვედრა ჩატარდა. დიალოგის მონაწილეები შეხვედრებს მართავენ ქართველ პოლიტოლოგებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათგან ისმენენ ინფორმაციას საქართველოში არსებულ ვითარებაზე. მთავარი აქცენტი კონფლიქტის ზონებში არსებულ ვითარებაზე კეთდება. ამ დღეებში დიალოგის მონაწილეები თვითონ ჩავლენ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში და საკუთარი თვალით ნახავენ რუსი მესაზღვრეების მიერ გაბმულ მავთულხლართებს. რუსლან ლეკოვი ვლადიკავკაზის უნივერსიტეტის თანამშრომელია, იგი თბილისში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მისი აზრით, ასეთი შეხვედრები, პირველ რიგში, ინფორმაციული ვაკუუმის ლიკვიდაციის საშუალებაა.

სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ანალიტიკოსს გიორგი გვიმრაძეს ასეთ დიალოგში არაერთხელ მიუღია მონაწილეობა. მისი აზრით, ამ შეხვედრებზე ხდება ურთიერთგაცნობა და ურთიერთგაგება, ამიტომ აუცილებელია გვესმოდეს საკუთარი ინტერესები და გავაკეთოთ პრაგმატული შეთავაზებები.

ქართულ-რუსულ დიალოგში „კავკასიური სახლის“ პარტნიორი მოსკოვის კარნეგის ცენტრია. პროექტის კოორდინატორი ქრისტინა კუდლაენკო ფიქრობს, რომ ურთიერთგაგება კონკრეტული პრობლემების გარშემო შესაძლებელია. მისი თქმით, აუცილებელია, რომ გვესმოდეს ადამიანების და ჩავწვდეთ მათ სურვილებს.

„კავკასიური სახლის“ აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კანაშვილს ამ პროექტის ერთ-ერთ გარღვევად, გართულებული სავიზო რეჟიმის მიუხედავად, ქართული დელეგაციის მოსკოვში ჩასვლა და იქ ექსპერტული საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენა მიაჩნია. მისი აზრით, ამ დიალოგის მნიშვნელობა ისაა, რომ მხარეების წარმომადგენლები ერთმანეთის შესახებ მრავალმხრივ ინფორმაციას იღებენ.

წლის ბოლომდე ამ ფორმატში კიდევ 4 შეხვედრის გამართვა იგეგმება. ქართულ-რუსული დიალოგი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტების მოგვარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
XS
SM
MD
LG