Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული არმია 2014 წლის „დაბრკოლების ზოლზე“


ჯარისკაცები ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე
ჯარისკაცები ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე

წლის ბოლოს ჩვენ შემოგთავაზებთ ჩვენი გადაცემების ერთგვარ შემაჯამებელ კომპილაციას, იმ რესპონდენტების მონაწილეობით, რომლებიც განვლილი წლის განმავლობაში „დაბრკოლების ზოლზე“ გამოვიდნენ და გულახდილი საუბრით დაგვამახსოვრეს თავი, უფრო ღრმად ჩაგვახედეს ჯარისკაცის განცდებში, უფრო ცხადად დაგვანახვეს სამხედროებსა და პოლიტიკოსებს შორის არსებული კონტრასტი და უფრო მეტად დაგვაფიქრეს თანამედროვე შეიარაღებული კონფლიქტების ბუნებაზე.

როგორც გადაცემის ავტორი, თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ პირადად ჩემი და ბევრი რადიომსმენელის ფიქრი ახალი წლის დღეებში უკავშირდება საქართველოდან შორს, საერთაშორისო კონფლიქტებში მყოფ ჯარისკაცებს, რომლებსაც ვითარება არ აძლევს დღესასწაულისა და მოდუნების უფლებას.

40-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი იმყოფება ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დაახლოებით 870 კი -ავღანეთში, სადაც 28 დეკემბერს ოფიციალურად დასრულდა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი საბრძოლო ოპერაცია, რომელიც 2001 წლიდან მიმდინარეობდა. ამ მისიაში ქართული სამხედრო ძალების ბოლო სარდალი პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილია, რომელსაც ავღანეთში ტელეფონით 27 აგვისტოს ვესაუბრე.

ჩვენი საუბრის შემდეგ, ქართველმა ოფიცერმა ბევრი თავისი ქვეშევრდომი გამოაცილა საქართველოში. თავად კი კვლავ ავღანეთშია, იმ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც სულ მალე ახალი მისიის- ავღანეთის არმიის წვრთნისა და კონსულტაციის საერთაშირისო მისიის - დროშით გააგრძელებენ საქმიანობას ავღანეთში.

ჩემთვის, როგორც ავტორისათვის, გასული წლის ერთ-ერთი საინტერესო რესპონდენტი იყო თადარიგის ქართველი ოფიცერი, პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი, რომელიც მოხალისედ წავიდა უკრაინაში და შეიარაღებული ძალების ბატალიონ „დონბასის“ ინსტრუქტორი გახდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარტში სამხედრო ძალით ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, აპრილში კი მოსკოვის სამხედრო ძალითა და იარაღით მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში შეიარაღებული ამბოხი დაიწყეს.

რადიო თავისუფლება: ირაკლი, თქვენ თქვით, რომ ყოფილი ოფიცერი ხართ. მე დავაზუსტებ, რომ თქვენ არა მხოლოდ უბრალო ოფიცერი ხართ, არამედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვას ედექით სათავეში. რა მოხდა შემდეგ, რატომ გაგათავისუფლეს პირდაპირ ომის წინ ამ თანამდებობიდან და რატომ არ ხართ საქართველოში?​

ირაკლი ქურასბედიანი: მთლიანად რომ მოვყვე ჩემს ამბავს, ეს დიდ დროს წაიღებს (იცინის), რადგან, 1992 წლიდან მოყოლებული, ჯარში ვარ. ვიომე [აფხაზეთში], შემდეგ სამხედრო აკადემია დავამთავრე [თბილისში], ვიყავი სპეცდანიშნულების კოჯრის ნაწილის ჯარისკაცი, ვიყავი „კომანდოს“ ბატალიონის, შემდეგ მე-11 ბრიგადის დაზვერვის უფროსი, შემდეგ მომიწია სამხედრო კონტრდაზვერვაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობა...

რადიო თავისუფლება: ირაკლი, ოქროს კადრი ყოფილხართ. მე ამდენი არც ვიცოდი. ამიტომ კიდევ უფრო აქტუალურია შეკითხვა: რატომ არ ხართ საქართველოს ჯარში?

ირაკლი ქურასბედიანი: თუ მასეა საქმე, საქართველოში ბევრი პროფესიონალია და მარტო ჩემით არ წყდება ყველაფერი... რა იყო მიზეზი და როგორ იყო? ეს არც პოლიტიკური იყო და არც პიროვნული, რადგან მე მაშინდელ საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან კარგი ურთიერთობა მანამდეც მქონდა, სანამ მინისტრი გახდებოდა და, საერთოდ, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა. ანუ ურთიერთობის პრობლემა არ მქონდა... 2010 წელს, უბრალოდ, წავედი საზღვარგარეთ. მართალი გითხრათ, 2008 წლის ომის შემდეგ არა მარტო მე, არამედ ბევრ ოფიცერს შინაგანი პრობლემა შეექმნა. როდესაც 15 წელი ომისთვის და რევანშის აღებისათვის ემზადები და უცებ ყველაფერი მერე ასე სხვანაირად მოხდა... როგორც მოხდა, მაგის გარჩევას ნამდვილად არ დავიწყებ.

რადიო თავისუფლება: თუ მე სწორად გავიგე, რაკი სქართველოში ვერ მოახერხეთ მოწინააღმდეგეზე რევანშის აღება, ამიტომ მიაშურეთ უკრაინას?

ირაკლი ქურასბედიანი: არა, არა.

რადიო თავისუფლება: არა? მაგრამ განა თქვენი სიტყვები არ არის: „თუკი უკრაინაში გავიმარჯვებთ, შემდეგ ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენს სამშობლოშიც, საქართველოშიც, და დავიბრუნებთ იმ მიწებს, რომლებიც რუსებს აქვთ ოკუპირებულიო?“ - აი, ეს მქონდა მხედველობაში და ეს თქვენი სიტყვებია.

ირაკლი ქურასბედიანი: რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ქართველები ცოტა ვართ. უკან არასოდეს დაგვიხევია, არც 2008 წელს დავარქმევდი გაქცევას, მიუხედავად ზოგიერთი პოლიტიკური შეფასებისა, რადგან მე სამხედრო ვარ და დღემდე ამად ვრჩები. უბრალოდ, უკრაინა ის რეალური ძალაა, თავისი რესურსებით და ყველაფრით, ვისაც შეუძლია მოთოკოს კი არა და გააჩეროს და, უხეშად რომ ვთქვათ, თავის ადგილზე დააყენოს ის იმპერიალისტური სურვილები, რაც რუსეთის მთავრობას გააჩნია. უკრაინა ეს სწორედ ის ადგილია, სადაც სინი ცხვირს მოიტეხენ. და აქ როგორც დასრულდება ბრძოლა... ჩვენი გამარჯვებით... რა ვიცი, მგონი, დიდი გამოცნობა არ უნდა, თუ რა პროცესები განვითარდება და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც აქ ხდება, საქართველოსათვის, რადგან ხვალ ყველაფერი ეს ჯაჭვურ რეაქციასავით აუცილებლად გადაედება ძალიან ბევრ ქვეყანას. და მარტო საქართველო კი არა, არამედ რუსეთიც შეიძლება სხვა საზღვრებში ვიხილოთ უახლოეს მომავალში.

რადიო თავისუფლება: და ბარემ, რაკი ვახსენეთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერნაციონალურ შემადგენელზეც მითხარით რამე. ბატალიონი „დონბასი“, რომელშიც თქვენ იმყოფებით, ცნობილია იმითაც, რომ მას ყველაზე მეტად აქვს, ასე ვთქვათ, ინტერნაციონალური სისხლი.

ირაკლი ქურასბედიანი: კი, არიან ბელორუსები, აზერბაიჯანელიც არის, რამდენიმე ეროვნების წარმომადგენლებიც არიან - დეტალურად ვერ ვიხსენებ, რადგან ბატალიონი „დონბასი“ ჩვენი პარამეტრებითაც საკმაოდ დიდი გამოდის. კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ 400-500-ს სცდება ბატალიონის რაოდენობა... რამდენიმე ეროვნების წარმომადგენლები არიან და არამარტო ბატალიონ „დონბასში“, რომელიც გახმაურებული სახელია.

რადიო თავისუფლება: ტენდენცია როგორია? ემატებიან უცხოელები ბრძოლის ველს?

ირაკლი ქურასბედიანი: უცხოელებს ვერ ვიტყვი, რადგან უმეტესობა არის უცხოელები, რომლებიც, ასე თუ ისე, ცხოვრობენ უკრაინაში, მაგრამ არ არიან მოქალაქეები. არიან ჩამოსულებიც. არის ებრაელების დანაყოფი - არა ჩვენთან, მაგრამ ამბობენ, რომ არიან.

რადიო თავისუფლება: რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო არხებს განსაკუთრებით უყვართ და ხშირად აჩვენებენ ვინმე შვედ სნაიპერს. მასზე სოციალურ ქსელში არის საუბარი და ამით ხაზი ესმება იმას, რომ ევროპის ქვეყნებიდან დაქირავებულები ეხმარებიან უკრაინის არმიას ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელებაში. ვინ არის ეს მითიური შვედი სნაიპერი?

ირაკლი ქურასბედიანი: ხომ შვედია, მაგრამ უკრაინულად მშვენივრად ლაპარაკობს, ჩვენსავით დიდი ხანია აქ არის.​

რადიო თავისუფლება: ირაკლი, გამარკვიეთ ერთ რამეში. სეპარატისტების მხარეზე მებრძოლებს დაქირავებულებს უწოდებენ, უკრაინის სამთავრობო ჯარებთან ერთად კი ვინც იმყოფება უცხოელი, - მოხალისეს. ეს რას ნიშნავს, რომ თქვენ მხოლოდ იდეის გამო იბრძვით და უკრაინის მთავრობა ფულს არ გიხდით?

ირაკლი ქურასბედიანი: ახლა გეტყვით. 17 ივნისს ჩამოვედი მე უკრაინაში. სამი კვირა ვიყავი კიევთან ახლოს, პეტროვცებში, სადაც ბატალიონის (დონბასის) მომზადების ბაზაა. იქ ვეხმარებოდი, როგორც ინსტრუქტორი. შემდეგ ბატალიონი გადმოვიდა საბრძოლო მოქმედების რაიონში. რა ვქნა? შემიძლია ბავშვები დავიფიცო, რომ საკუთარ დას გამოვართვი 1 500 დოლარი, ვიყიდე ბილეთი, რაღაც ფორმა და ნივთები მაკლდა, ვიყიდე ესენი, დავჯექი თვითმფრინავში და ჩამოვედი (იცინის).

როგორც ფეისბუკით ვიგებთ, ირაკლი ქურასბედიანი კვლავ აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფება და ერთი წამითაც არ შეუცვლია ის პოზიცია, რაც ჰქონდა ხუთი თვის წინ, როდესაც მას სკაიპის საშუალებით ალყაშემორტყმულ ქალაქ ილოვაისკთან 2014 წლის აგვისტოს დასაწყისში დავუკავშირდი.

ამის შემდეგ ქართველ მოხალისეთა რაოდენობა უკრაინაში, როგორც იუწყებიან, კიდევ უფრო გაიზარდა და, სამწუხაროდ, პირველი მსხვერპლიც არის უკვე მათ რიგებში. 18 დეკემბერს, სამხედრო დავალების შესრულების დროს, აღმოსავლეთ უკრაინაში ქართველი მოხალისე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი ჯარისკაცი ალექსანდრე გრიგოლაშვილი დაიღუპა. იგი უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფ „აიდარის“ შემადგენლობაში ორი თვის წინ ჩაირიცხა და, გავრცელებული ინფორმაციით, სადაზვერვო ჯგუფთან ერთად ყველაზე სახიფათო უბნებზე ასრულებდა საბრძოლო მოვალეობას.

სამწუხაროდ, ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტი მის სამშობლოში ურთიერთბრალდებისა და პოლიტიკური დაპირისპირების თემად იქცა და ლამის გადაფარა ის პოლიტიკური სკანდალი, რაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების შემდეგ აგორდა და რასაც შედეგად სამხედრო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი ალასანიას, თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა.

2014 წლის ერთ-ერთი ყველაზე ტურბულენტური მომენტი იყო საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ამბოხი საკუთარი უფროსის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა, და მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ, რომელსაც ირაკლი ალასანიამ პოლიტიკური შეკვეთის შესრულებაში დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ბრალი წაუყენა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხუთ მაღალჩინოსანს დიდი რაოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში ე.წ. კაბელების საქმეზე. ასეთი საჯარო კრიტიკის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადააყენა ირაკლი ალასანია, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა მოგვიანებით „უჭკუო და ამბიციური“ მინისტრი უწოდა.

ირაკლი ალასანია: დავიწყებ პრემიერ-მინისტრის მიერ მეორე დღესვე მთავრობის სხდომაზე გაკეთებული გამოთქმებით, რაც, რა თქმა უნდა, მე შევაფასე, როგორც სახის დაკარგვა და მე, პირიქით, არ მინდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ეს ინსტიტუტი იყოს სახედაკარგული და, აქედან გამომდინარე, მე, რა თქმა უნდა, არ შევედი ასეთ ტალახის სროლაში. და მე, საერთოდ, მინდა, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და ჩვენმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მართლაც მოიტანოს განსაკუთრებული სიახლე ქართულ პოლიტიკაში, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთში მტერს არ ეძებენ, ერთმანეთში პარტნიორებს უფრო ხედავენ და როდესაც ასეთი ტალახის სროლა ჩაბარდება ისტორიას. ​

რადიო თავისუფლება: თქვენ ბრძანებთ, რომ არ ენდობით მთავარ პროკურატურას, არ გაქვთ ნდობა არც აუდიტის სამსახურის მიმართ. როგორია თქვენი დამოკიდებულება პარლამენტის „ნდობის ჯგუფისადმი“, რომელიც ამ ე.წ. კაბელებისა და სხვა გასაიდუმლოებული რეზონანსული საქმის გარშემო დღეს იკრიბება პარლამენტში?

ირაკლი ალასანია: იცით, რა, ეს არის მცდელობა, რომ ეს ინსტიტუტი ჩააბან ახლა ჩემს წინააღმდეგ დარტყმებში და შეტევებში. მე ამაზე მაქვს ძალიან მშვიდი დამოკიდებულება. მე ზუსტად ვიცი, ჩემს უწყებაში არ ყოფილა ის დარღვევები, რაზეც ლაპარაკობს პროკურატურა. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ როცა სასამართლოში გადაინაცვლებს საქმე და მოეხსნება საიდუმლოების გრიფი და გამოძიება იქნება გამჭვირვალე, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ამიტომ მე, სიმართლე გითხრათ, დიდ ენერგიას და დროს ამაზე ფიქრში არ ვხარჯავ. რაც შეეხება მომავალს, არ არის გამორიცხული, რომ ის სისტემური დარღვევები, რაც ათწლეულების განმავლობაში არსებობდა თავდაცვის სამინისტროში და იმის გამოსწორება სწორედ აუდიტის პალატასთან ერთად დავიწყეთ, იქ შეიძლება რაიმე გადაცდომები იყოს, რომელიც არის ნებისმიერ უწყებაში და, ბუნებრივია, ამას სჭირდება სწორი პრევენციული ნაბიჯების გადადგმა და არა პიარაქციების დაგეგმვა, როგორც ეს დაგეგმეს პროკურატურამ, ისევე როგორც ეს დააგეგმინეს აუდიტის სამსახურს. მე ძალიან გული მწყდება, რომ გრძელდება მავნე ტრადიცია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩამოაყალიბა და ტყუილადაც არ აღვნიშნეთ: როდესაც ჩვენ [თავისუფალ დემოკრატებს] მოგვიწია კოალიციიდან გამოსვლა, ვინ შევიდა „ქართული ოცნების“ კოალიციაში? შევიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერი და წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, დავარქვით მას „ნაციონალური ოცნების“ უმრავლესობა.

ირაკლი ალასანიას ნაცვლად თავდაცვის მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრთან არსებული უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, 35 წლის მინდია ჯანელიძე დაინიშნა. ახალი თავდაცვის მინისტრი ერთი თვის განმავლობაში ეცნობოდა არმიაში შექმნილ ვითარებას და აღმოაჩინა, რომ ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნის ჯარში კვებისა და სასმელი წყლის პრობლემები მოუგვარებელია. ამის თაობაზე მინდია ჯანელიძემ ახალი წლის წინა დღეებში უამბო ჩვენს რადიოს.

ასეთი გეგმები აქვს საქართველოს ახალ თავდაცვის მინისტრს, მინდია ჯანელიძეს, რომელიც ახალ წელს, ტრადიციულად, რომელიმე სამხედრო ნაწილში ჯარისკაცებთან ერთად იზეიმებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG