Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღე დროშისთვის


14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში საგანგებო მიღება გაიმართა. ამასთან, დროშის დღე აღნიშნეს საქართველოს საზღვრისპირა ქალაქებში.

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა დროშები აღმართეს ენგურის ხიდზე, ყაზბეგში, ბათუმში, ახალციხეში, ახმეტაში... სულ - 9 საზღვრისპირა რაიონში. ამის შემდეგ სტუდენტები თბილისისკენ გამოემართნენ, სადაც მათ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა:

„ჩვენ ერთი წარსული გვაქვს, ერთი ქვეყანა გვაქვს და გვაქვს ამ ქვეყნის დიდი მომავალი. ამიტომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის შიგნითაა და ქვეყნის გარეთ, გილოცავთ დროშის დღეს და გისურვებთ ბედნიერებას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს!”

ხუთჯვრიანი თეთრ-წითელი დროშა სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა

ხუთჯვრიანი თეთრ-წითელი დროშა სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძე ამბობს, რომ დროშის მიღების პროცესი 1991 წლიდან დაიწყო, ანუ ქართული დროშის შესახებ მასალებს აგროვებდნენ და ეს პროცესი თითქმის 2002 წლამდე გაგრძელდა. მისივე თქმით, დღევანდელი დროშა არის საქართველოს ისტორიული დროშის მოდიფიცირებული ვარიანტი და მასზე არსებული ჯვრები მაცხოვარსა და ოთხ მახარებელს განასახიერებს.

დროშის დეტალებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო 2003 წელს, საზოგადოების ნაწილი კი სულაც იმას ემხრობოდა, სახელმწიფო სიმბოლიკად ისევ ძველი, შინდისფერი დროშა დარჩენილიყო. სწორედ ამ დროშასთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობის დაწყება და მისი შემდგომი პროცესები, ასევე - საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის მმართველობა წინა საუკუნის დასაწყისში:

„რომელიც გვქონდა, ის დროშა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობაა. მინდა გითხრათ, რომ შეცდომა მოხდა ეროვნული მოძრაობის საწყის ეტაპზე და შინდისფერი შეცდომით გამოაცხადეს, ჩვეულებრივი წითელი ფერი იყო. იმდროინდელ კანონში ეწერა „წითელი შვინდის ფერისა“. ჩვენთან აღქმული იქნა შვინდისფერი სხვა ფრად და მივიღეთ მუქი წითელი, რომელიც შემდეგ იხმარებოდა საქართველოში“.

სპეციალურად დროშის დღისთვის დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელიც სიმბოლურად პრეზიდენტის სასახლეზე ჰიმნის თანხლებით აღმართეს. მოგვიანებით ამ დროშას და გერბს სასახლეში შეინახავენ.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, დროშა აღმართეს იმ ადამიანების პატივსაცემადაც, რომლებმაც ამ დროშას შესწირეს თავი:

სამწუხარო რამ ხდება დღეს და მიანიშნებს იმაზე, რომ დიდი ხანია სახელმწიფო აღარ გვქონია. დროშისადმი დამოკიდებულება არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს
მამუკა გონგაძე

„ჩვენ, უბრალოდ, აბსტრაქტულად კი არ ვცემთ პატივს სახელმწიფოებრივ სიმბოლოებს ან სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, არამედ ნათლად ვხედავთ, რომ ეს არის ინსტრუმენტები ჩვენი მთავარი მიზნების განსახორციელებლად, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, სახელმწიფოებრივი მიზნების მისაღწევად“.

თავის მხრივ, ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე ამბობს, რომ საქართველოს დროშების გამოყენების ძალიან დიდი კულტურა ჰქონდა, რომელიც ამჟამად მივიწყებულია:

„სამწუხარო რამ ხდება დღეს და მიანიშნებს იმაზე, რომ დიდი ხანია სახელმწიფო აღარ გვქონია. დროშისადმი დამოკიდებულება არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს“.

რაც შეეხება დეტალებს, საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია წითელი ფერის დიდი ჯვარი და ოთხი, იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი. საქართველოს სახელმწიფო დროშის ზომები და ზუსტი გამოსახულება დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG