Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთელი ბიბლიოთეკა - ჩანთაში


საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი კითხულობს ელექტრონულ წიგნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფრო ხშირად წააწყდებით მკითხველებს, ელექტრონული წამკითხველებით, ე.წ. “რიდერებით“, ხელში. დაახლოებით სამი წლის წინ ინტერნეტსივრცეში ელექტრონული წიგნების პირველი მაღაზია www.lit.ge გაჩნდა, რომელსაც მალევე მოჰყვა პრემია „საბას“ ლიტერატურული პლატფორმა www.saba.com.ge, სადაც ასევეა წიგნების შეძენა შესაძლებელი. როგორ ვითარდებოდა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ელექტრონული წიგნის ბაზარი საქართველოში, რამდენად ხშირად სტუმრობს ელექტრონულ ლიტერატურულ სივრცეებს მკითხველი და ჩამოყალიბდა თუ არა ელექტრონული წიგნის ყიდვის კულტურა ქვეყანაში?

ელექტრონული წიგნის კომერცია საქართველოში დაახლოებით www.lit.ge -ს ხნისაა, ანუ სამი წლის, - გვეუბნება ელექტრონული წიგნების მაღაზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პაატა სირბილაძე, და 2010 წელს იხსენებს, როცა lit.ge-მ სტარტი აიღო - lit.ge იქცა იმ ადგილად, სადაც მკითხველი ელექტრონულ
ჩვენ ახლა ვმუშაობთ სპეციალური ტიპის წამკითხველ პროგრამაზე, რომელიც დიდი ფორმატის ლამაზად აწყობილ და დაკაბადონებული წიგნების კითხვის საშუალებას მისცემს მკითხველს. ამის შემდეგ კი ჩვენ უკვე სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარსაც დავფარავთ...
პაატა სირბილაძე
წიგნებში ფულს იხდიდა. თუმცა პაატა სირბილაძე ფიქრობს, რომ ელექტრონული კონტენტის ცნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის კულტურული სივრცისთვის დღემდე პრობლემური საკითხია:

„რატომღაც ჩვენთან გავრცელებულია ტენდენცია, რომ ის, რაც ელექტრონული სახით არსებობს, იქნება ეს ვინდოუსი თუ სხვა ტიპის ციფრული პროგრამა, იგივე ელექტრონული წიგნი, უნდა იყოს აუცილებლად უფასო. მაგრამ, სინამდვილეში, უფასო ნიშნავს მოპარულს, გატეხილ პროგრამას და ეს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც დანაშაულია და, სისხლის სამართლის კოდექსით, ისჯება. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ტიპის ქურდული მენტალიტეტის აღმოსაფხვრელად არავის არაფერი გაუკეთებია - არც სახელმწიფოს და არც საზოგადოებას“.

მიუხედავად ამისა, ელექტრონული წიგნების ბაზარი ნელ-ნელა მაინც ვითარდება. 2013 წელს, მაგალითად, ელექტრონული წიგნის ბიზნესი საქართველოში 2,5 ჯერ გაიზარდა (საიტზე დღეს 43 გამომცემლობის და 113 დამოუკიდებელი ავტორის 1400 წიგნამდეა განთავსებული). რა წიგნებზეა უფრო მეტი მოთხოვნა და რა განასხვავებს ელექტრონული და ნაბეჭდი წიგნების ბაზარს ერთმანეთისგან? - ვკითხეთ პაატა სირბილაძეს.

„ელექტრონულ წიგნს, ნაბეჭდი წიგნებისგან განსხვავებით, არავინ ყიდულობს თაროზე შემოსადებად და, ასევე, ელექტრონულ წიგნს თითქმის არავინ ჩუქნის სხვას - ეს კულტურა ჩვენთან ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულა. რაც შეეხება ბესტსელერებს, შეხვდებით ქართველი ავტორების წიგნებსაც, მაგრამ უფრო ხშირად - მსოფლიოში პოპულარულ ავტორებს, როგორც თანამედროვეებს, ისე კლასიკოსებს. ახალი თარგმანების გვერდით ისევ პოპულარულია კლასიკოსების ნაწარმოებებიც, მაგალითად, დოსტოევსკის წიგნები ჩვენთან მუდმივად ბესტსელერია“.

www.lit.ge-ზეც პოპულარულია თანამედროვე ბესტსელერები და რადგან ელექტრონულ წიგნის მაღაზიაში წიგნი უფრო იაფია, ხშირად მკითხველები ელიან, როდის განთავსდება მათი სასურველი წიგნი ინტერნეტში. ელექტრონული წიგნების მაღაზიით ხშირად ინტერესდებიან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები. მათ, როგორც პაატა სირბილაძე განმარტავს, წიგნების ყიდვა ე.წ. ლიტ. ბარათების მეშვეობით შეუძლიათ, რომელიც ამაზონის ელექტრონულ მაღაზიაშიც იყიდება. მალე ჩაირთვება გადახდის სისტემა Pay Pall-იც, რაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ქართული ან ქართულად ნათარგმნი წიგნების ყიდვას გაუადვილებს. ელექტრონული წიგნების მაღაზიის მთავარ გამოწვევად ჯერჯერობით პროფესიული ლიტერატურა და ზოგიერთი ტიპის ჟურნალის გაყიდვა რჩება, რომელშიც ტექტს ილუსტრაცია სჭარბობს:

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ სპეციალური ტიპის წამკითხველ პროგრამაზე, რომელიც დიდი ფორმატის ლამაზად აწყობილ და დაკაბადონებული წიგნების კითხვის საშუალებას მისცემს მკითხველს. ამის შემდეგ კი ჩვენ უკვე სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარსაც დავფარავთ“.

პაატა სირბილაძე იმასაც გვეუბნება, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ჯერჯერობით არ ყოფილა ელექტრონული წიგნის უსანქციოდ გავრცელების არც ერთი შემთხვევა, რასაც დაცვის საკმაოდ ძლიერი მექანიზმი განაპირობებს. ეს კი თავისთავად გამომცემლების ნდობასაც ზრდის.

მწერალი და, ამავე დროს, საბას კომპიუტერული ჯგუფის ხელმძღვანელი სანდრო ასათიანი გვიხსნის, რომ www.saba.com.ge, როგორც ლიტერატურული პლატფორმა, ლიტერატურული პროცესების დასახმარებლად გაკეთდა. დასაწყისში საბას ბიბლიოთეკის თაროები პრემია „საბაზე“ წარდგენილი და გამარჯვებული წიგნებით შეივსო. შემდეგ, გამომცემლობებთან თანამშრომლობის შედეგად, ამ პლატფორმას გამომცემლობების მიერ დაბეჭდილი სხვა წიგნებიც დაემატა, მესამე ეტაპზე კი ავტორმა უკვე თავად შეძლო საკუთარი წიგნის საიტზე ატვირთვა და ფასის დადება. გაყიდვიდან შემოსული თანხის 35% „საბას“ რჩება, დანარჩენი 65 კი ავტორს. მას ასევე შეუძლია წიგნი უფასოდაც განათავსოს.

სანდრო ასათიანი
სანდრო ასათიანი
„ჩვენთან ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს და თავისი ნაწარმოები ატვირთოს. ამისათვის მან ბანკში უფასო ანგარიში უნდა გახსნას, სადაც ჩაირიცხება კიდეც წიგნიდან შემოსული თანხა მისი გაყიდვის შემთხვევაში. ამ გზით ეს კონკრეტული ადამიანი თავადვე ხდება გამომცემელი. ცხადია, ჩვენი რედაქტორები ამოწმებენ ტექსტს, ხომ არ არის პლაგიატი და გარკვეულ წესებს არ არღვევდეს და შემდეგ ეს წიგნი ჩვეულებრივად იყიდება. ჯერჯერობით ეს ე.წ. „სელფ ფაბლიშერები“ - თვითგამომცემლები - საქართველოში არც ისე ბევრია, მაგრამ ნელ-ნელა ამის ტრადიციაც იქმნება. უცხოეთში უკვე არიან ავტორები, რომლებმაც სწორედ ინტერნეტში ატვირთეს თავიანთი პირველი წიგნები და ამ გზით პირველი მილიონი იშოვეს“.

„საბაზე“ ნომინირებული წიგნები, როგორც წესი, უკეთესად იყიდება. თუმცა საინტერესოა ისიც, გვეუბნება სანდრო ასათიანი, რომ არანაკლებ კარგად იყიდება კლასიკური ლიტერატურა, მათ შორის, ის ავტორებიც, რომლებიც არაერთხელ გამოცემულა და ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა საიტებზე უფასოდაც მოიძებნება. ნელ-ნელა ელექტრონული წიგნების გაყიდვის მაჩვენებელი იზრდება, ასეთი წიგნები მკითხველისთვის სულ უფრო მოსახერხებელი ხდება. ამ ეტაპზე საბას პლატფორმაზე 1000-მდე წიგნის მოძიებაა შესაძლებელი. საბას გუნდი გეგმავს, რომ საიტი კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდეს:

„ცოტა ხნის წინ ჩვენ Mac-ის წამკითხველი გამოვუშვით და ვისაც სწორედ ამ ფირმის კომპიუტერი აქვს, შეუძლია გადმოიწეროს პროგრამა, რომელშიც მისი ნაყიდი წიგნები ჩაიტვირთება და ინტერნეტის გარეშეც შეძლებს თავისი ბიბლიოთეკით სარგებლობას“.

სანდრო ასათიანი იმასაც გვეუბნება, რომ გამომცემლობები საწყის ეტაპზე საავტორო უფლების გამო ფრთხილობდნენ - რამდენად იქნებოდა მათ მიერ გამოცემული წიგნების ელექტრონული ვერსიები დაცული და ხომ არ გავრცელდებოდა ეს წიგნები ინტერნეტსივრცეში უკანონოდ, თუმცა ასათიანი ამბობს, რომ საბას ჯგუფმა სისტემის დაცვის მიზნით ბევრი იმუშავა და ეს საფრთხე დღეს არ არსებობს.

ბოლო დროს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ძალიან ხშირად არა, მაგრამ მაინც შეხვდებით მკითხველებს, „კინდლით“ ხელში. გიორგი გოდერძიშვილს, მაგალითად, ამ პატარა მოწყობილობით 300-ზე მეტი წიგნი დააქვს - მთელი ბიბლიოთეკა ჩანთაში:

"მე, მაგალითად, პულიცერისა და ბუკერის პრიზიორების ბიბლიოთეკა მოვაგროვე. ამას ემატება სხვა, ნაკლებად პრესტიჟული, პრემიები ან, უბრალოდ, საინტერესო წიგნები და კი დამაქვს ერთი პატარა მოწყობილობით 300-ზე მეტი წიგნი. თვალს არ ღლის, იმიტომ რომ ეკრანის ნაცვლად ელექტრონული ქაღალდია. დღისით, მზეზე, ჩვეულებრივი ნაბეჭდი ტექსტია, ოღონდ, ქაღალდისგან განსხვავებით, შრიფტისა და სტრიქონებს შორისი დაცილებების მართვა შემიძლია. დატენვის პრობლემა არ არსებობს, იმიტომ რომ ერთი წიგნის ჩატვირთვისთვის კომპიუტერთან მიერთებაც კი რამდენიმე დღის ენერგიით ავსებს (ისე, 4-6 კვირა ძლებს აკუმულატორი), თან განათებაც აქვს და ღამეც მშვენივრად ვიყენებ. აუდიოწიგნებს რაც შეეხება, გააჩნია, ვინ კითხულობს. ყოფილა შემთხვევა, რომ საინტერესო წიგნი მაშინვე წამიშლია, ნაკლებად საინტერესო კი ბოლომდე მომისმენია. მშვენიერი საშუალებაა მგზავრობის, უბრალოდ, სიარულის დროს. ისმენ იმას, რაც თავის დროზე ვერ წაიკითხე და ტრანსპორტში ნახევარი საათი ისე მიფრინავ, ვერც გრძნობ“.
თავიდან ინტერნეტიდან იმ წიგნების გადმოწერა დავიწყე, რომელიც აქ საერთოდ არ იშოვებოდა. მქონდა ტაბლეტი, რომელშიც ვიწერდი და ვკითხულობდი. კინოს შესახებ, მით უმეტეს, ძალიან ცოტა ინფორმაცია იყო ქართულად. სადმე წასვლაც რომ მოგინდეს, ბევრ წიგნს ვერ წაიღებ, ამიტომ ელწიგნი ამ მხრივ გაცილებით მოსახერხებელი და კომფორტულია...
დავით გურგენიძე

ლიტერატურულ სივრცეში კარგად იცნობენ ბლოგერ მოლი ბლუმს და მის ბლოგს. რა წიგნი უნდა დაისტამბოს, რომ მას გამორჩეს და თავისი ბლოგის მკითხველს არ მოუთხროს. მოლის არცთუ ურიგო ტრადიციული ბიბლიოთეკა აქვს, თან მუდამ განახლებადი. მიუხედავად ამისა, „რიდერების“ ერთგული მომხმარებელი და გულშემატკივარია და, აი, რატომ:

"კინდლი" ჩემთვის, უპირველესად, თავისუფალი არჩევანია - ერთი - მაქსიმუმ ორი - მომცრო ტომის ნაცვლად ჩანთაში მთელი ბიბლიოთეკა გიდევს, საკითხავს განწყობის მიხედვით ირჩევ და იმ წიგნის ამარა არ დაიარები, დილით, შინიდან გასვლისას რომ სტაცე ხელი. ინტერნეტში გაბნეული ონლაინბიბლიოთეკების წყალობით, უცხოენოვანი სიახლეები გაცილებით იოლი მოსახელთებელია, „რიდერში“ გადაწერას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, ტევადობა კი ისეთია, გულით რომც გინდოდეს, ავსება გაგიჭირდება. ძველი, მამაპაპური ბიბლიოთეკისთვის ადგილის გამონახვა ცალკე თავის ტკივილია - ახალი წიგნები, ახალი თაროები და მალე სახლში, ალბათ, ჩემი ადგილი აღარ დარჩება... კიდევ ერთი პლუსი ეკონომიურობაა - ყველაზე ძვირი ელექტრონული წიგნიც კი, ტრადიციულთან შედარებით, იაფია. მესამე წელია, ჩანთით „რიდერი“ დამაქვს, უკვე მესამე "კინდლის" ბედნიერი მესაკუთრე გახლავართ და თამამად შემიძლია გითხრათ - იშვიათი კომფორტი და სიამოვნებაა. სხვათა შორის, ბოლო ხანს ჩვენშიც მომრავლდნენ თავჩაქინდლულები. ადრე კანტიკუნტად თუ გადააწყდებოდი მეტროში ან მიკროავტობუსში „რიდერში“ ცხვირჩარგულ მგზავრებს. ახლა ბევრად მეტნი ვართ. თუმცა ელექტრონული წიგნების ინდუსტრიას საქართველოში, უმთავრესად, მაინც ენთუზიასტთა წყალობით უდგას სული - არც „რიდერია“ საყოველთაოდ გავრცელებული და გამომცემლობებიც ნაბეჭდ პროდუქციას ანიჭებენ უპირატესობას, მაშინ როდესაც მსოფლიო ნელ-ნელა ელექტრონული გამოცემებისკენ იხრება. მიმაჩნია, რომ ეს პროცესი ბუნებრივია და ლოგიკური და მას ვერაფერი შეაჩერებს“.

კინომცოდნე დავით გურგენიძეც უკვე დიდი ხანია ელექტრონული წიგნების მომხმარებელია. თავიდან პროფესიული ლიტერატურა სჭირდებოდა, კინოს შესახებ კი ქართულად არცთუ ისე ბევრი წიგნი იყო ნათარგმნი. ელექტრონული წიგნის სიყვარულიც ასე დაიწყო და დღეს ის დათოს და მისი ბევრი მეგობრის განუყრელი ნივთია:

„თავიდან ინტერნეტიდან იმ წიგნების გადმოწერა დავიწყე, რომელიც აქ საერთოდ არ იშოვებოდა. მქონდა ტაბლეტი, რომელშიც ვიწერდი და ვკითხულობდი. კინოს შესახებ, მით უმეტეს, ძალიან ცოტა ინფორმაცია იყო ქართულად. სადმე წასვლაც რომ მოგინდეს, ბევრ წიგნს ვერ წაიღებ, ამიტომ ელწიგნი ამ მხრივ გაცილებით მოსახერხებელი და კომფორტულია. ამისკენ მიდის მთელი მსოფლიო და ჩემ გარშემოც ჩემი მეგობრების უმეტესობა „რიდერებს“ იყენებს“.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG