Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაში-ტუში და ქართული კერძები ისრაელში


შორეული წინაპრების მიწაზე მეოცე საუკუნეში დაარსებულ სახელმწიფოში ქართველი ებრაელების მასობრივი ჩასვლიდან 40-ზე მეტ წელიწადი გავიდა და, აი, ახლა აახილეს თვალი ისრაელებმა ქართული კულტურის ერთ ელემენტზე, სამზარეულოზე: ტელ-ავივსა და იერუსალიმში ხაჭაპური გასინჯეს, ხინკალი იგემეს და უკვე იქმნება სიმღერები, სახელწოდებით „მეც მინდა ვიყო ქართველი“. ქართველმა ებრაელებმა მასობრივი წასვლა ახალგაზრდა სახელმწიფოში 70-იან წლებში დაიწყეს. მათ რიგებში იყო აბრამ მეკერიც, რომელიც ერთ-ერთ კიბუცში, სასადილო ოთახში, ვახშმობისას წყლის დალევა რომ ისურვა, პირღია დარჩა. აბრამი, რომელიც ქუთაისიდან წავიდა ისრაელში, იხსენებს:

„სამი ონკანი იყო. გავხსენი ერთი, წყალი წამოვიდა. მეორეში რძე მოდიოდა, მესამეში - ცხელი წყალი. ჭამა აღარ დამიმთავრებია, ტელეფონს ვეცი, დედაჩემს დავურეკე და ვუთხარი: დედა, რძის და თაფლის ქვეყანას მივაღწიეთ-მეთქი. მათი სამშობლო რომ რძისა და თაფლისა იყო, ეს ებრალებმა ძველი აღთქმიდან იციან, იესო ნავეს ძის წიგნიდან: „რომელნი-იგი განაჩინნა უფალმან არა ხილვად მათა ქვეყანა იგი, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა მათთა მოცემად ჩუენდა ქუეყანა, რომლისგან გამოსდის სძე და თაფლი“. ანუ „მათი მამა-პაპისთვის რომ ჰქონდა აღთქმული ქვეყანა, სადაც რძისა და თაფლის ღვარი დის“.

ისრაელში ქართველი ებრაელების ჩასვლიდან დრო გავიდა, ვითარება შეიცვალა. ისრაელები ახლა ხაჭაპურისა და ხინკლის მოტრფიალეები გახდნენ და ქართულ კერძებს რომ გემო გაუსინჯონ, ამის ბევრი შესაძლებლობა გაუჩნდათ. ტელ-ავივის ცენტრში, როტშილდის ბულვარზეა გახსნილი ერთ-ერთი იმ ათზე მეტი ქართული რესტორნიდან, სადაც ხალხს სთავაზობენ ნიგვზიან ბადრიჯანს და სხვა ფხალეულს, ხორციან კერძებს, ასევე ქართულად დამზადებულს. მისი სტუმრები არიან ისრაელები, რუსულენოვანი ემიგრანტები, ზოგადად, და, ცხადია, ქართველი ებრაელები, რომელთა რიცხვი, მეკერის თანახმად, 140 ათასს აღწევს. ამ ახლად გახსნილ რესტორანს „სუფრა“ ჰქვია. 55 წლის დალია ჰაილფერნი ხინკლის მოხვევის დიდოსტატია. მისი ოჯახი ერაყიდანაა, მაგრამ ვენაში როცა ებრაულ რესტორანს ამუშავებდა, ასე ვთქვათ, იძულებით გაეცნო ქართული სამზარეულოს ამ ერთ-ერთ მშვენებას და ისწავლა კიდეც ხინკლის დამზადება. საქმე ისაა, რომ ვენაში, იმ უბანში, სადაც დალიას რესტორანი ჰქონდა, ბევრი ქართველი ებრაელი ცხოვრობდა და ისინი სთხოვდნენ, ჩვენი ეროვნული კერძები დაგვიმზადეო. მე არ ვიცოდი, ქართული კერძების გაკეთება, უამბობს რადიო თავისუფლებას დალია ჰაილფერნი, მაგრამ ერთმა მითხრა, ბებიაჩემს მოვიყვან და გასწავლისო. დალიას და მის მაშინდელ პარტნიორს, იორამ საბის, საქმე კარგად წაუვიდათ, კეიტერინგის მათი ფირმა, რომელიც ქართულ სამზარეულოს სთავაზობს კლიენტებს, წარმატებით მუშაობდა ბელგიაში, აშშ-ში, რუსეთში, საფრანგეთშიც კი. ისრაელში ქართული სამზარეულო უცხო ხილი იყო, ამბობს დალია და ჰყვება, თავიდან, როცა ისრაელში ჩამოვდიოდი, ქართული სამზარეულო არავინ იცოდა რა იყო, შეიძლება მხოლოდ აშდოდში, სადაც მეტი ქართველი ებრაელი ცხოვრობს, ხანდახან ქალები შინ აკეთებდნენ ქართულ კერძებს, მაგრამ რესტორნები არ იყოო. 1998 წელს მათი ფირმა ისრაელში გადავიდა. ჰაილპერნის თქმით, ახლა ბევრ ქალაქშია ქართული რესტორანი, რამაც - ქართული სამზარეულოს ამ პოპულარობამ - გააბედვინა მას და საბის, მის პარტნიორს, გაეხსნათ ქართული რესტორანი, სახელწოდებით „სუფრა“. მენიუ ამ რესტორანში კლასიკური ქართულია, მაგრამ ხანდახან ახლოაღმოსავლური შეფერილობით. მაგალითად, ახლოაღმოსავლურ სენდვიჩებს, შაურმის სახელით რომაა ასევე ცნობილი, რესტორანი „სუფრა“ შემწვარი ქათმის ნაჭრებით ან ბატკნის ხორცით და ნიგვზიანი ბადრიჯნით შემოგთავაზებთ. „სუფრის“ მესამე თანამფლობელს, მიკის, იმავე მიხეილ მირელს, ახსოვს, როგორ ამტვრევდა კაკალს მისი ქართველი ბებია, რომელიც ტელ-ავივის მახლობლად, რამლეში ცხოვრობდა. რესტორანში ნიგვზიანი კერძები სწორედ იმ დროს ახსენებს მას. „ბიჭები როცა ვიყავით, დამცინოდნენ კიდეც ქართველობის გამოო“, ამბობს ახლა მიკი, რომელსაც უხარია, რომ ახლა ისრაელში მიხვდნენ, გაიგეს, რომ ქართული კულტურა მდიდარია, სიამოვნების მიღების, ტკბობის კულტურაცაა. მირელმა თვითონ დიდი ცვლილება განიცადა. შვიდი წელი ართობდა სასცენო პერსონაჟი „ტაშ-ტაში“ რესტორან „ნანუჩკას“, სტუმრებს ართობდა, იქ მღეროდა. რესტორანი ქეიფის მოყვარულთა თავშეყრის ადგილი იყო ტელ-ავივის სამხრეთში, უკვე ადრე, 20-მდე წლის წინ, გახსნილი. მირელის მიერ შექმნილი მუსიკალური კომპოზიციებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ებრაული სიმღერა „მეც მინდა ვიყო ქართველი“. ამ სიმღერის ვიდეოკლიპის გმირი სათვალიანი, სუსტი, ჭრელკუბოკრულ,უსახელო პულოვერში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცია, რომელსაც საყვარელი გოგონას ოჯახში არ მიიღებენ, ალბათ, ამ თავისი ინტელიგენტური გარეგნობის გამო. მაგრამ გამოუჩნდებიან მეგობრები, სავარაუდოდ, ქართველი ებრაელები, რომლებიც მას „კაცურად“ გამოაწყობენ, გადააცმევენ და, აი, მაშინ ქალის ოჯახიც მიიღებს, უკვე როგორც ღირსეულ კაცს, და მისი სტუმრობა გიჟურ ქეიფში გადაიზრდება.

მირელი გვიამბობს, რომ საკუთარი რესტორნის გახსნა გადაწყვიტა მას მერე, რაც ტელ-ავივს ვეგანური მოდის ტალღამ გადაუარა და „ნანუჩკას“ მფლობელმა, ნანა შრირმა, ხორცი, კვერცხი, ყველი მენიუდან ამოიღო. რესტორანს სტუმრები არ მოჰკლებია, მაგრამ მიკის ყველა ეუბნებოდა, გახსენი სადმე ნამდვილი რესტორანი, სადაც მწვადები და მუსიკა იქნებაო. „სუფრისა“ და „ნანუჩკას“ გარდა, ამ თვეში იგეგმება კიდევ ერთი ქართული რესტორნის გახსნა ტელ-ავივის ცენტრში. მისი მფლობელი, ლილი ბენ შალომი, პოპულარული გახდა 2014 წლის შედეგ, როცა „რეალიტი შოუში“ , სახელწოდებით „მზარეულების თამაში“, ჟიურის წევრები განაცვიფრა ტყემლით, ქართული ტყემლის საწებლით. ტელევიზიით ბენ შალომის გამოსვლა დაემთხვა სხვა ამბავს: ისრაელის ელიტურიმზარეულები თბილისში ქართული მხარის მიერ მოწყობილ ბანკეტზე მოხვდნენ. ეიალ შანი ისრაელში ცნობილი მზარეულია, მან მოამზადა პირველად „მთლიანად შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო“. შანიმ ხოტბა შეასხა სამზარეულოს საქართველოში, სადაც „ყველა საკუთარ ღვინოს ამზადებს“. ამას მოჰყვა ის, რომ მიქალ ენსკიმ საკუთარი სამოგზაურო ბიურო გახსნა და ისრაელებს კულინარიულ ტურებს სთავაზობს საქართველოში. მისი კლიენტები არიან იმ სამოცი ათას ისრაელს შორის, რომლებიც ყოველწლიურად ჩადიან საქართველოში და რომელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, იტყობინება ისრაელის ტურიზმის სამინისტრო. ამ ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველო თურქეთის საინტერესო ალტერნატივა გახდა, განსაკუთრებით, 2009 წლის შემდეგ, როცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაუარესდა, ღაზის სექტორში ისრაელის მოქმედების გამო. ისრაელსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ცხადია, კიდევ უფრო უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ტურიზმს. ძველი იერუსალიმის „ქვის ალეაზე“ მდებარეობს, უკვე 25 წელიწადია, ეკა ცისკარიშვილის რესტორანი. საქართველოში ისრაელების სტუმრობა ხელს უწყობს მისი სტუმრების რაოდენობის ზრდას. ეკა 40 წლისაა, თბილისში გაიზარდა, მოსკოვშიც იცხოვრა და 20 წლის იყო, ისრაელში რომ გადასახლდა. როცა მამამისმა იერუსალიმში რესტორანი „კენგურუ“ გახსნა, კლიენტების უმეტესობა რუსი ემიგრანტები იყვნენ. ისინი იცნობდნენ საქართველოს, მის სამზარეულოს და ქართულ ღვინოს, მაგრამ ისრაელი ასაკოვანი კლიენტები დაბნეულები იყვნენ. როგორც მამა ეუბნებოდა ეკას, მათ არც იცოდნენ, სად იყო საქართველო. მამა უხსნიდა, აი, სომხეთი ხომ იცით, საქართველო იმის ჩრდილოეთით არისო. იერუსალიმში სომხები დიდი რაოდენობით ჩასახლდნენ და ისინი ისრაელებს თავიანთ დღევანდელ სამშობლოზე, ბუნებრივია, მეტს უყვებიან. რესტორანი „კენგურუ“ ტრადიციულ სტილს არ ღალატობს და სტუმრებს ნამდვილ ქართულ კერძებს სთავაზობს. რაც ბოლო წლებში განვითარდა, ესაა ღვინო. გარდა საქართველოში წარმოებული საფერავისა, იერუსალიმის ქართული რესტორანი შემოგთავაზებთ ისრაელის მეღვინის ექვსწლიან ღვინოს. ღვინის მწარმოებელ ფირმას, რომელიც თბილისში დაბადებულ ლინა სლუცკინს ეკუთვნის, „კადმა“ ჰქვია. სლუცკინი თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალისტია, შემდგომ მეღვინეობა ისწავლა და ამ საქმეს მიუძღვნა თავი. მან საქართველოდან ისრაელში ჩაიტანა 20 ქვევრი და მათში ამზადებს ღვინოს, თუმცა არცთუ პატარა გადახვევით: ლინა სლუცკინს ქვევრები მიწაში არა აქვს. ის ფიქრობს, რომ ასე უფრო იოლია ტემპერატურის რეგულირება. აბრამ მეკერს ხელში უჭირავს ქართული რესტორნების სია და ამბობს, ახლა საუკეთესო დროა ისრაელში ჩემი წინაპრების სამზარეულოსიო. როცა აქ ჩამოვედი, ერთ ქართულ რესტორანში ხაჭაპური ვჭამე, საზიზღრობა იყოო, ამბობს. ახლა შედარება არაა, გემო უკეთესია, თუმცა ისრაელში ცხოვრების სიძვირის გამო ხარჯებიც მაღალია და რესტორანიც - უფრო ძვირი. ქართული კერძები საქართველოში მირჩევნია, სამჯერ უფრო იაფიაო. „სუფრის“ მფლობელი ჰაიპერნი ამბობს, ძალიან კარგია ამდენი ქართული რესტორანი რომ გვაქვს: ზღვაში წყალი ხომ ყველასათვის საკმარისიაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG